კრიპტო ვაჭრობის 90% რვა კრიპტობირჟაზე მოდის

გლობალურად კრიპტოთი ვაჭრობის მოცულობის თითქმის 90%-ს რვა ძირითადი კრიპტო პლატფორმა ქმნის.
მათ შორის უდიდესი კრიპტო ბირჟაა Binance-ი, რომელზეც გლობალურად კრიპტოს ვაჭრობის მოცულობის 60%-ზე მეტი მოვიდა. Binance-თან ერთად, სიაში შედიან Coinbase-ი, OKX და Huobi. ცნობისთვის, სულ ასობით კრიპტო ბაზარია, თუმცა ბევრ მათგანზე ვაჭრობა თითქმის საერთოდ არ ხდება.
“იმ ბირჟების არსებობა, რომლებზეც კრიპტოთი ვაჭრობა ზედმეტადაა კონცენტრირებული, ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. უდავოდ, ეს მიუთითებს ლიკვიდურობის დეფიციტზე, რომელიც სხვა ბაზრებზე გავრცელების შემთხვევაში, ფასების დადგენას გაართულებს,” – აღნიშნავენ კრიპტოვალუტების ბაზრების მონაცემთა შემგროვებელი კომპანია Kaiko-ს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში კრიპტოთი ვაჭრობის მოცულობა მიმდინარე წლის მინიმუმზე დაეცა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ინვესტორთა ინტერესის შემცირებაზე.
მიუხედავად ამისა, გასულ კვირას Bitcoin-ის კურსმა სამთვიან მაქსიმუმს მიაღწია. პარასკევს ერთი Bitcoin-ი 25 800 აშშ დოლარი ღირდა.