3.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ჩუგოშვილი ოხანაშვილზე: რამის თავი თუ აქვს, პროცესზე გვეკამათოს, 3 დღეა ზის, ხმა არ ამოუღია

პოპულარული

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი ქართული ოცნების დეპუტატს ანრი ოხანაშვილს მიმართავს და “ურჩევს, რამის თავი თუ აქვს პროცესზე იკამათოს”.

ამ განცხადებით ჩუგოშვილი ანრი ოხანაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, როდესაც ოხანაშვილმა იმპიჩმენტის პროცედურის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ “პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ვერ გაუძლეს მარტივ შეკითხვებს და გაიქცნენ სასამართლო დარბაზიდან”.

“გუშინ ბატონ ოხანაშვილს უთქვამს, რომ პროცესიდან გავიქეცით და ოხანაშვილს ვურჩევთ, რომ რამის თავი თუ აქვს, პროცესზე გვეკამათოს, აქ დგომას, სამი დღეა ზის და ხმა არ ამოუღია საერთოდ სასამართლო პროცესზე”, – თქვა ჩუგოშვილმა.

ოხანაშვილმა გუშინ ასევე თქვა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლების მსჯელობა “აბსურდამდე მიდის”.

“აბსურდამდე მიდის მათი მსჯელობა, მსჯელობა და არა ლოგიკა და არგუმენტი. დღეს ალბათ პირველი პრეცედენტი მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენლები გაიქცნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ნახეთ, რომ ვერ გაუძლეს მარტივ შეკითხვებზე პასუხის გაცემას და აბსურდი არის ზუსტად მათი უსუსური მსჯელობა, რომ დააკნინონ კონკრეტული საკითხები”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

უკვე მესამე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა გრძელდება.

საქმეს პლენუმი განიხილავს. პრეზიდენტი პროცესს არ ესწრება. მისი წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.

გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმს 2 კვირა აქვს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია”.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები