6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში, ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებენ

პოპულარული

სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში, ნავთობისა და გაზის მოპოვებას იწყებენ, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ტატიშვილმა გამოცემა BMG-სთან განაცხადა.

ამბობს, რომ ჭალადიდის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ჭაბურღილის ბურღვა დაიწყება. ნავთობისა და გაზის მოპოვებით სამუშაოებს კომპანია “ვესტ გალფ პეტროლიუმი” განახორციელებს.

“მაქსიმუმ წლის ბოლომდე ჭალადიდის ფართობზე, სამეგრელოში დაიწყება პირველი ღრმა ჭაბურღილის ბურღვა, რომელიც სადღაც 4 000 მეტრამდე იქნება. “ვესტ გალფ პეტროლიუმი” პარალელურად სეისმურ სამუშაოებს ატარებს. დაახლოებით 200 გრძივ კილომეტრამდე უკვე მონაცემები ჩაწერილია. საკმაოდ ოპტიმისტური სურათი გვაქვს, რომ ამ ერთ ღრმა ჭაბურღილის დასრულებისთანავე მეორე ჭაბურღილიც გაიჭრება”,- ამბობს გიორგი ტატიშვილი.

გარდა ამისა, როგორც ტატიშვილი ამბობს ნავთობისა და გაზის სააგენტო ინვესტორის შემოყვანას აპირებს კახეთში მდებარე ერთ-ერთ სალიცენზიო ბლოკზეც, სადაც როგორც ნავთობის, ისე გაზის რესურსები არსებობს.

“კახეთის მიმართულებით ჩვენ გვაქვს თავისუფალი სალიცენზიო ბლოკი, სადაც ვფიქრობთ მოვახდინოთ ამ ტერიტორიაზე არსებული მასალების კიდევ ერთხელ გადამუშავება, რომ შევთავაზოთ ინვესტორებს. დიდი ფართობის მქონე ბლოკია, საინტერესო ადგილას, იქ იყო ისტორიულად გაბურღული ჭაბურღილი, რომელშიც როგორც ნავთობის, ისე გაზის გამოვლინებები იყო. მოვსინჯავთ ამ მიმართულებითაც და ვეცდებით, შემოვიყვანოთ ძლიერი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ამ მიმართულებასაც განავითარებს”,-აცხადებს ტატიშვილი.

მისივე თქმით, წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება 200%-ით, გაზის კი 140%-ით არის გაზრდილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები