6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024

სააკაშვილი: ოცნებას მომზადებული ჰყავს წულუკიანი პრეზიდენტად, ამზადებენ კალაძეს პრემიერად

პოპულარული

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სხდომაზე მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და ქართული ოცნების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ქართულ ოცნებას პრეზიდენტობის კანდიდატად ამჟამად კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჰყავს მომზადებული, ამასთან, სააკაშვილის თქმითვე, ქართული ოცნების გენერალურ მდივანს და დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს პრემიერად ამზადებენ.

რა თქმა უნდა, მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ [სალომე ზურაბიშვილი] აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. მათ სჭირდებათ წულუკიანი იმისათვის, რომ არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ, არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ რომ სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება, რომ პრაქტიკულად არავითარი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა.

სააკაშვილის თქმით, ევროპელი ლიდერების მოწოდებისგან განსხვავებით, “არაფერს სთხოვს სალომე ზურაბიშვილს”, თუმცა აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს “ერთი ხელის მოწერით შეუძლია, დაუბრუნოს შვილებს მამა და აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში”.

მინდა ვუპასუხო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მინდა მივულოცო, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. […] ამავე დროს, Le Monde თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, გამოეყენებინა შეწყალების უფლება. სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო მეთაური, რომელსაც ის შეხვდა ბოლო თვეების განმავლობაში.

მინდა გითხრათ, რომ მე არ მინდა, განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან ან სხვა ლიდერებისგან, ვინც ქალბატონ სალომეს ამას მოუწოდებს, რომ ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო. ის ამბობს, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, ვარ ძალიან მხნედ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვირწმუნე, რომ ჩვენ ხალხშია ძალა და ეს ძალა მაძლევს მე ძალას და მინდა, რომ ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება. რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ ვარ უკეთესად. […]

ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები