„პრეზიდენტის ვიზიტები თავსდება 49-ე მუხლის მე-3 პუნქტში, პრეზიდენტი წარმოგვადგენდა ყველას“ – ჩუგოშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის განხილვა გრძელდება.
სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი დღეს პრეზიდენტის დასავლური ვიზიტების მიზანშეწონილობასა და კონსტიტუციასთან თანხვედრას ხსნიდა.
„ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა 49-ე მუხლიდან გამომდინარე.
მე გადმოგეცით მისი დასაბუთება: რატომ მიაჩნია მას საჭიროდ კოორდინაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, როგორ ხედავდა ის ამ პრაქტიკას, როგორც მისი საქმიანობის კოორდინირების საშუალებას ხელისუფლების ამ ორ შტოსთან, მაგრამ მიხვდა, რომ ეს უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპურციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ საერთოდ ჩამოშორებული ყოფილიყო საგარეო პოლიტიკიდან.
49-ე მუხლის ფარგლებში ის გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მათ შორის, თავისი დიპლომატიური როლის შესრულებას, სახელმწიფო მეთაურებთან თავისი კონტაქტების გამოყენებას სწორედ, 78-ე მუხლის ინტერესებიდან და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე“, – თქვა ჩუგოშვილმა.