პატრიარქის გადადგომა, ძალაუფლების გადანაწილება – რა გადაწყვიტა სინოდმა

ილია მეორე არ გადადგება! – ამ განცხადებით საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე ნიკოლოზმა გავრცელებულ ინფორმაციას წერტილი დაუსვა. სინოდის სხდომას პატრიარქი ხელმძღვანელობდა. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დეტალები გასაიდუმლოებულია. პატრიარქის გადადგომის შესახებ კი ეჭვები მეუფე ანტონის განცხადებამ გააჩინა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ სინოდზე თავად უწმინდესს დაეყენებინა წასვლის საკითხი.
რვათვიანი პაუზის შემდეგ სინოდი დღეს პირველად შეიკრიბა. ამიტომ იყო დიდი მოლოდინიც და ბევრი ვერსია, რა საკითხებზე იმსჯელებდნენ მღვდელმთავრები. ერთი დღით ადრე კი თეოლოგები ამტკიცებდნენ, რომ საპატრიარქოში ძალაუფლების გადანაწილებაა დაწყებული და სინოდს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო.