6.8 C
Tbilisi
პარასკევი, თებერვალი 23, 2024

ნიკა მელია – გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს, თუ ეთანხმებით ამ ინიციატივას, მოაწერეთ ხელი

პოპულარული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია გამოდის ინიციატივით, პარტიაში შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც, მისივე თქმით, გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს.

მელია „ფეისბუქზე“ წერს, რომ ამ ინიციტივაზე ხელმოწერის საშუალება აქვს ყველას და ხელმოწერა მისი თქმით, კონფიდენციაკლურია.

„ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე. ერთობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ ნდობასა და თანხმობას საერთო მიზნის გარშემო. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პარტიაში გარკვეულმა ჯგუფმა მოითხოვა არჩევნები, რომელსაც მათი დაპირებით, შედეგად უნდა მოეტანა პარტიის გარდაქმნა, გააქტიურება, სამოქალაქო პროტესტის გამწვავება და უახლოეს თვეებში მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლება.

რადგან პარტიის ერთიანობა და თანხმობა ყოველთვის მიმაჩნდა მნიშვნელოვნად, დავთანხმდი ამ არჩევნებს, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა პარტიის ახალი მენეჯმენტი. მე მივიღე არჩევნების შედეგები, მივულოცე და წარმატება ვუსურვე ახალ მენეჯმენტს.

სამწუხაროდ, ნდობა არსებული მენეჯმენტის მიმართ დაიკარგა მათი მოსვლიდან პირველივე კვირაში. მაშინ, როდესაც, ტექნიკური ყრილობა, რომელსაც მხოლოდ არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, გამოყენებულ იქნა პოლიტსაბჭოს დაშლისა და ახალი პოლიტსაბჭოს წევრების დანიშვნისათვის.

ხალხი უბრალოდ გარიცხეს პოლიტიკური საბჭოდან, ჩემით დაწყებული ალბათ ყველას სახელი და გვარი ცნობილია საზოგადოებისთვის. ყველასთვის ნათელია ეს უსამართლობა და ვერავინ მიიღებს ამას….

პირდაპირ გეტყვით – ასეთი პარტიით გამარჯვება კი არა, ნორმალურთან მიახლოებული შედეგის დაფიქსირებაც კი შეუძლებელია. სამწუხაროდ, ახალ მენეჯმენტს დღიდან მოსვლისა არაფერი უკეთებია, გარდა პარტიის ხლეჩვისა: პოლიტიკური საბჭოს დაშლის შემდეგ ახალმა მმართველებმა საკრებულოების სიებიდან ამოიღეს ყველაზე ერთგული ადამიანები, რომლებმაც წლების მანძილზე იბრძოლეს და ბევრ საარჩევნო ოლქში ისე ახლოს მივიდნენ გამარჯვებასთან, როგორც არასოდეს მივსულვართ.

ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველა ის ნეგატიური მოლოდინი, რომელზეც ვაფრთხილებდით საზოგადოებას და ახალ მენეჯმენტს, დღეს სამწუხარო რეალობაა.

თითქმის ერთი წლის თავზე ყველასთვის ნათელია მათი მმართველობის შედეგები:

პარტია ორად არის გაყოფილი მენეჯმენტის გადაწყვეტილებების შედეგად დაიკარგა ერთიანობა, დრამატულად დაზიანდა ნდობა პარტიის მიმართ, ჩაკვდა პოლიტიკური პროტესტი, პარლამენტში პარტიის წარმომადგენლობა ასხივებს სრულ პოლიტიკურ უსუსურობას, მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაშია, ხოლო დაქსაქსული პარტია დღითიდღე კარგავს ოპოზიციურ ველზე პოლიტიკური ლიდერის ფუნქციას, ისევე, როგორც ერთობლივი ოპოზიციური დღის წესრიგის შექმნის უნარს.

2024 წლის არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი. მორალურ, ღირებულებით და პოლიტიკურ კრიზისში მყოფი პარტია დღეს უძლურია, უპასუხოს ქვეყნის წინაშე მდგომ ისტორიულ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

პარტიაში ჩვენ მართლაც გვჭირდება ერთობა… ერთობა ღირებულებების, პოლიტიკური იდეალებისა და ეროვნული მიზნის გარშემო, რომელიც უნდა გახდეს ოპოზიციური ბრძოლის გაძლიერებისა და ამ ქვეყანაში ცვლილების საფუძველი და წინაპირობა. სწორედ ამას უნდა ემყარებოდეს პარტიის ერთობის ნებისმიერი მანიფესტი თუ დეკლარაცია.

ერთობა და ნდობის აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ამ პროცესის პოზიტიური გადატვირთვის და განახლების შედეგად.

გთავაზობთ, შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს. ამ საბჭოში პარტიაში არსებულ ინტერესთა ყველა ჯგუფს უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენლობა; ნდობის საბჭო ასევე უნდა იყოს პარტიის სტრატეგიის და ტაქტიკის განმსაზღვრელი ერთადერთი ორგანო, რომელიც აიღებს თავმჯდომარის, პოლიტსაბჭოსა და აღმასრულებელი რგოლის ყველა ფუნქციას. მხოლოდ ამ ინიციატივით შეჩერდება არაფორმალური მმართველობით გამოწვეული უარყოფითი ეფექტი.

ამ არაორდინალურ და მძიმე კრიზისში ყველამ უარი უნდა თქვას პირად პოლიტიკურ ამბიციებზე და დადგეს სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა იმ ღირებულებების ერთგულებისათვის, რომლისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ეს პარტია.

ერთობას, ნდობას, თანხმობას და ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს; კარჩაკეტილობამ და არაფორმალურმა მართვამ პარტია უფსკრულის პირას მიიყვანა.

უარი უთხარით არაფორმალურ მმართველობას, გააღეთ პარტიის კარი; – არა იმისთვის, რომ ხალხი წავიდეს, არამედ იმისთვის, რომ თანამებრძოლები დაბრუნდნენ და ახლები მოვიდნენ მოძრაობაში.

პ.ს. თუ ეთანხმებით ამ ინიციატივას, გადადით ლინკზე და მოაწერეთ ხელი. ხელმოწერა არის კონფიდენციალური“,- წერს მელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები