3.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

მეუფე შიო – მრავალი შეცდომის მიუხედავად, ჩვენი ერი ყოველთვის ცდილობდა, ღვთის გზით ევლო, უფალიც ყოველთვის გვეწეოდა, იმედი გვაქვს, მომავალშიც ამ გზით თუ ვივლით, მადლი სულისა წმინდისა არ დაგვტოვებს

პოპულარული

მრავალი შეცდომისა და დაცემის მიუხედავად, ჩვენი ერი ყოველთვის ცდილობდა, რომ ღვთის დადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის გვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს; ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინებათაგან განსაკუთრებული არის მცხეთაში, ამ ტაძარში – მაცხოვრის საუფლო კვართი, ჩვენმა დიდმა წინაპრებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ კვართის ფლობა არის ღვთისგან ჩვენი ერის დიდი ლოცვა-კურთხევა, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელს საქართველოს მისი კურთხევა. ამ შესანიშნავ დღეს, ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოზეც და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა თქვა ასეთი შესანიშნავი რამ, რომ ვიდრე ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, მან განსაზღვრა უკვე ყოველი ადამიანის ცხოვრება ადამიანისთვის სასარგებლოდ. ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღმრთო გზით ატაროს. ამიტომ, ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. ჩვენ შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, რომ ამ ღვთის დადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის გვეწეოდა ჩვენ ამაში და ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს; ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება, ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, მეოთხე საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ მეხუთე საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება. ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე, მეექვსე საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება. შემდეგ იყო ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება და ა.შ, მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში ამ წმინდა ტაძარში“, – განაცხადა მეუფე შიომ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები