ისრაელმა ჰამასის დასახმარებლად გახსნილი კრიპტოვალუტის ანგარიშები გაყინა

ისრაელმა გაყინა კრიპტოვალუტის ანგარიშები, რომლებიც ჰამასისთვის ფინანსური დონაციის მიზნით გამოიყენებოდა.
“არსებობს ეჭვი, რომ ომის დაწყებისთანავე, ჰამასის ტერორისტულმა ორგანიზაციამ სოციალურ ქსელებში წამოიწყო ფონდების მოზიდვის კამპანია და მოუწოდა საზოგადოებას, კრიპტოვალუტა მათ ანგარიშებზე ჩაერიცხა. პოლიციის კიბერ განყოფილებამ და თავდაცვის სამინისტრომ, Binance კრიპტო ბირჟის დახმარებით, დაუყოვნებლივ მიიღეს ზომები ამ ანგარიშების აღმოსაჩენად, გასაყინად და თანხების სახელმწიფო ხაზინაში გადასატანად”, – ნათქვამია ისრაელის პოლიციის განცხადებაში.
განცხადებაში არაფერია ნათქვამი კრიპტოვალუტის ღირებულების შესახებ, ასევე თუ რამდენი ანგარიში გაიყინა.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი გუნდი მუშაობს, რათა მხარი დაუჭიროს ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმდინარე მცდელობებს”, – თქვა Binance-ის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ ბირჟა აქტიურად თანამშრომლობს სამართალდამცავ სააგენტოებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.