1.8 C
Tbilisi
შაბათი, მარტი 2, 2024

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

პოპულარული

თქვენი ეს ვიზიტი, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელიც, პრემიერის ხელმძღვანელობით, თელავში, უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრეთის სამთავრობო გუნდის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ორბანის ხელმძღვანელობით არის ისტორიული დღე საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, ძვირფასო დელეგაციის წევრებო, ჩემთვის დიდი პატივია და ამავე დროს სასიხარულოა, რომ გმასპინძლობთ დღეს საქართველოში. თქვენი ეს ვიზიტი, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას. დღევანდელი ფორმატი და უნგრეთის სამთავრობო გუნდის ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ორბანის ხელმძღვანელობით არის ისტორიული დღე საქართველო-უნგრეთის ურთიერთობებში. მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მეგობრობა, ჩვენს ერებს შორის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის. მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასევე მის გუნდს, ჩვენს გუნდს, ქართულ დელეგაციას ამ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი ფორმატის მომზადება-ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები შედეგს გამოიღებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის პოლიტიკური ურთიერთობები გადაითარგმნება კონკრეტულ წარმატებაში”, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრობის განმტკიცება და ქრისტიანული წარსული არის ის საფუძველი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს მომავალი ურთიერთობები.

„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ირაკლი, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, გითხრათ, რა მიზეზით ჩამოვედით საქართველოში – ჩვენ გვინდოდა, პატივი გამოგვეხატა უნგრელი ხალხის მიერ საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. თქვენ ნამდვილად ხართ შორს უნგრეთიდან და საკმაოდ დიდია ეს გეოგრაფიული დისტანცია, მაგრამ არანაირად არ ვგრძნობთ, რომ უცხო მიწაზე ვართ. ნამდვილად მიგვაჩნია, რომ სახლში ვართ. ეს არის იმის გამო, რომ ძალიან კარგად გვიმასპინძლა პრემიერ-მინისტრმა და მისმა კაბინეტმა. ასევე იმიტომ, რომ სახლში ვგრძნობთ თავს; ვიზიარებთ იმ ხალხის ბედს, რომელთაც რთული წარსული ჰქონდათ, საკუთარი ენა აქვთ, მაგრამ ორივეს ძალიან ოპტიმისტური მომავალი აქვს. ჩვენ თქვენნაირად ვგრძნობთ თავს, ამიტომ გვიხარია საქართველოში ყოფნა, თქვენთან მეგობრობის განმტკიცება და ეს ქრისტიანული წარსული არის ის საფუძველი, რომელსაც გვინდა დავაშენოთ მომავალი. ბევრი ასეთი ქვეყანა აღარ არის დარჩენილი დღესდღეობით. ამიტომ, ჩვენ ერთნაირად მოაზროვნე ქრისტიანული ერები ვართ და ბევრი გასაკეთებელი გვაქვს ერთად. საბოლოო ჯამში, ბატონო პრემიერო, ჩამოვედით იმიტომ, რომ გეოპოლიტიკური მრწამსი ის არის, რომ ევროპა უნდა დაუკავშირდეს კავკასიას, რაც ისტორიული ამოცანაა. ევროპულ ოჯახს სჭირდება კავკასია და კავკასიელ ერებს − ევროპა. მართალი რომ გითხრათ, ევროკავშირს არ აქვს მომავალი, თუ არ იქნება დაკავშირებული ენერგეტიკულად, ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად კავკასიასთან. ისტორიისა და საერთო ფასეულობების, ამ გეოპოლიტიკური სტრატეგიის გამო სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით და სამართლიან, დამსახურებაზე დაფუძნებულ მოპყრობას მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისადმი − თქვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი!” – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

კომისიის სხდომის დასასრულს მხარეებს შორის ხელი მოეწერა ათ დოკუმენტს, მათ შორის „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას”. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მოაწერა.

გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მარტონ ნოჯიმ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტებს ხელი უნგრეთის ფინანსთა მინისტრმა, მიჰაი ვარგამ მოაწერა.

ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკიმ.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა, ბენცე ტუჟონმა მოაწერა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრმა, იანოშ ჩაკიმ მოაწერეს.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2024-2026 წლებისთვის STIPENDIUM HUNGARICUM პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მოაწერა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტროს შორის მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მოაწერა.

ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ. უნგრეთის მხრიდან დოკუმენტს ხელი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ჩაბა ლანტოშმა მოაწერა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები