7.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 3, 2024

ზურაბიშვილი სტატუსზე: რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ალბათ, არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება

პოპულარული

რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ალბათ, არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება  – ამ  სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილ სტუდენტებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

“თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა!

 

სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია! ვინმე თუ ხედავს სხვაგან პერსპექტივას, გვითხრან, სად არის ის პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პერსპექტივას.

 

მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ამას ბევრად უფრო კარგად ხვდებიან, რამეთუ თვითონ იციან როგორი ცხოვრება უნდათ, რა ღირებულებებით და ისიც იციან, რომ ის, რასაც ზოგიერთი პროპაგანდა გვეუბნება და უნდათ, რომ დავიჯეროთ: თითქოს ეს ჩვენი იდენტობის დაკარგვა ან რაღაცნაირად გადაგვარებაა – არ არის სწორი.

ჩვენი იდენტობა სწორედ ტოლერანტობა, ჩვენი იდენტობა არის სწორედ თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი იდენტობა მრავალფეროვნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა იყოს გაძლიერებული, გამყარებული, სწორედ ევროპაა ის სივრცე, სადაც პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ ეს იდენტობა გავიტანოთ, სხვებს დავაფასებინოთ და ჩვენც ჩვენი თავი დავაფასოთ. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულნი უნდა ვიყოთ და ესეც სწორედ ისაა, რაც თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ.  ეს [ტაში] თქვენ გეკუთვნით, რადგან თქვენ უკვე აჩვენეთ, ის, რაც გინდათ და რისთვისაც მზად ხართ რომ იბრძოლოთ.

მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა დავიწყო ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან  საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია”-განაცხადა პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

სიახლეები