„ZAG“-ის თანამშრომლები არ გამორიცხავენ, რომ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებას ბაჩანა ლობჟანიძე ხელმძღვანელობდეს

ბაჩანა

ჩხრეკა კომპანია ZAG-ის დირექტორის სახლში დღის 2 საათისთვის დაიწყო. სამართალდამცავები თამარ კობერიძის ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე მივიდნენ. რას ეძებდნენ ან რა ინფორმაციის ამოღება სურდათ, გაუგებარია. ჩხრეკაზე მყოფ იურისტებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წასაღებად მივიდნენ. თუმცა არის ერთი გარემოება – როგორც ადვოკატებმა ნახეს, გამოძიებას კობერიძის ბინის ჩხრეკის უფლება 1-ელ აგვისტოს აქვს მიღებული, შესაბამისად ჩნდება კითხვა, რას ელოდებოდნენ 6 დღის განმავლობაში, თუ ჰქონდათ ინფორმაცია ბინაში ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების არსებობის შესახებ, რატომ არ აღასრულეს სასამართლოს განჩინება დაუყოვნებლივ. 

თამარ კობერიძის სახლიდან პოლიციელებმა ორი კომპიუტერი წაიღეს. ადვოკატები ამბობენ, რომ ZAG-ის დირექტორის კუთვნილი არც ერთი იყო და თან ორივე გაფუჭებული. 

თამარ კობერიძის ბინის გარდა, ჩხრეკა დღეს კომპანია ZAG-ის კიდევ 4 თანამშრომლის სახლში ჩატარდა. რა პრინციპით შეარჩიეს ეს პირები, უცნობია. ადვოკატები ამბობენ, რომ განჩინებაში ამგვარი დეტალები მითითებული არ არის. თუმცა ფაქტია, ZAG-ის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ბინების ჩხრეკა ნიკა გვარამიას გადაცემაში მათ სტუმრობას მოჰყვა, სადაც კომპანიის საქმიანობის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას უპასუხეს. 

კომპანია ZAG-ის თანამშრომლების ბინებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიზანთან დაკავშირებით მეტი დეტალის გასაგებად ადვოკატები განჩინების გასაჩივრებას გეგმავენ. იურისტები თვლიან, რომ დღევანდელი ჩხრეკები მხოლოდ იმის საჩვენებელი იყო, რომ მუშაობენ. სხვა შემთხვევაში ვერ ხსნიან ოფისში ჩატარებული სამი ჩხრეკისა და ყველა კომპიუტერული მოწყობილობის ამოღების შემდეგ რა დამატებით ინფორმაციას ელოდნენ სახლებში. პოლიციელების დღევანდელ აქტივობაში არის საეჭვო დამთხვევებიც. იურისტები ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბაჩანა ლობჟანიძის განცხადებების პასუხად მიმდინარეობს, რის გამოც რჩებათ შთაბეჭდილება რომ გამოძიებას ის ხელმძღვანელობს. 

დაწერე კომენტარი