FORMULA: შაქარაშვილმა გონება დაკარგა, ის თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს

გიორგი შაქარაშვილი

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხეობაში თავდამსმელებმა დაზიანებები მიაყენეს, მან გონება დაკარგა. ტელეკომპანიის ცნობით, უგონო მდგომარეობაში მყოფი შაქარაშვილი მათ მდინარეში ჩააგდეს. 

“სანდო წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა დევნისა და სასტიკი ცემის დროს არაგვის ხეობაში გონება დაკარგა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილს საზარდულსა და ბოქვენის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს, კვალის დაფარვისა და არევის მიზნით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს, მისი ჩანთა კი მდინარის პირას დატოვეს”, – თქვა დავით ქაშიაშვილმა შაბათის ფორმულაში

ფორმულას ინფორმაციით, გამოძიება ამ ვერსიაზე მუშაობს. მათივე თქმით, ინფორმაცია შაბათის ფორმულას წყარომ საგამოძიებო უწყებიდან მიაწოდა.     

გუშინ, 10 ივლისს, საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე შაქარაშვილს დაზიანებები აქვს მიყენებული. 

“სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში”, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

დაწერე კომენტარი