9 მაისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი

წმიდა მღვდელმოწამე ბასილი, ამასიის ეპისკოპოსი (+დაახლ. 322) და მართალი გლაფირა ქალწული (+322). ბასილი ამასიის ეპისკოპოსი IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა პონტოს ამასიაში. ის თანაუგრძნობდა და მხარში ედგა წარმართთაგან დევნილ ქრისტიანებს. ამ დროს რომის იმპერიის აღმოსავლეთს მართავდა ლიკინიუსი (312-324), წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის სიძე (306-307; ხს. 21 მაისს). ლიკინიუსმა ფარისევლურად მოაწერა ხელი მილანის ედიქტს (313), რომელიც რწმენის აღიარების თავისუფლებას ანიჭებდა ქრისტიანებს, მაგრამ სინამდვილეში სძულდა ქრისტიანები და განაგრძობდა მათ დევნას.

ლიკინიუსს ვნება აღეძრა თავისი მეუღლის, კონსტანციას მსახურის, მართალი გლაფირა ქალწულის მიმართ. წმიდა ქალწულმა ამის შესახებ დედოფალს აცნობა და მფარველობა სთხოვა. დედოფალმა მამაკაცის ტანსაცმელში შემოსა ქალწული, ფული მისცა და ერთგული მსახურის თანხლებით ქალაქიდან გააპარა. სომხითში მიმავალი გლაფირა ამასიაში შეჩერდა, სადაც ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ბასილიმ შეიფარა.
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი
ეპისკოპოსი ქალაქში ტაძარს აშენებდა. მართალმა გლაფირამ დედოფლისგან მიღებული ფული ეკლესიის მშენებლობისთვის მისცა მღვდელმთავარს, კონსტანციას კი წერილი გაუგზავნა და კიდევ სთხოვა ფული მშენებლობის დასამთავრებლად. დედოფალმა მისი თხოვნა შეასრულა, მაგრამ წერილი იმპერატორს ჩაუვარდა ხელში. განრისხებულმა ლიკინიუსმა ამასიის მმართველს მოსთხოვა, მასთან გამოეგზავნა ეპისკოპოსი და მსახური. სანამ ბრძანება ამასიაში ჩავიდოდა, მართალი გლაფირა გარდაიცვალა (+322). წმიდა ბასილი იმპერატორთან წაიყვანეს. მას თან წაჰყვნენ დიაკვნები – პართენი და ფესტიმი. ისინი დასახლდნენ იმ ციხის შორიახლოს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი იყო დატყვევებული.

ღვთისმოსავმა ქრისტიანმა ელპიდიფორმა მეციხოვნეები მოისყიდა და პართენთან და ფესტიმთან ერთად ყოველ საღამოს ნახულობდა ეპისკოპოსს. სასამართლოს დღეს წმიდა ბასილიმ ჩვეულებრივ ილოცა და სამგზის ცრემლებით გაიმეორა ფსალმუნის სიტყვები: „აღ-თუ-ვიპყრენ ფრთენი ჩემნი განთიად და დავემკვიდრო მე დასასრულსა ზღვისასა. და რამეთუ მუნცა ხელი შენი მიძღოდის მე და მარჯუენემან შენმან შემიწყნაროს მე“ (ფს. 138, 9-10). დიაკონები დაეჭვდნენ, შიში ხომ არ შეეპარაო ეპისკოპოსს, მაგრამ წმიდა ბასილიმ ისინი დაამშვიდა.

სასამართლოზე ბასილიმ უარყო იმპერატორის წინადადება – გამხდარიყო უმაღლესი ქურუმი და სასიკვდილოდ გაემზადა. ელპიდიფორმა მოისყიდა დარაჯები და სთხოვა, ეპისკოპოსისთვის ლოცვა დაეცლიათ. ლოცვის შემდეგ წმიდა ბასილიმ ჯალათს მიმართა: „მეგობარო, ჰქმენ, რაც გიბრძანეს“ და მშვიდად მიუშვირა თავი მახვილს.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ელპიდოფორი შეეცადა წმიდანის ნეშტი გამოესყიდა, მაგრამ ჯარისკაცებს იმპერატორის შეეშინდათ და ბასილის სხეული ზღვაში გადააგდეს.

ელპიდიფორეს სამგზის გამოეცხადა უფლის ანგელოსი და აუწყა: „ეპისკოპოსი ბასილი სინოპშია და გელოდებათ“. ელპიდიფორე და დიაკვნები სინოპში წავიდნენ და მეთევზეებს სთხოვეს, ბადე გადაეგდოთ ზღვაში. ბადეს წმიდა ბასილის ნეშტი ამოჰყვა. თავი სხეულს შეხორცებოდა და მხოლოდ იარა მიანიშნებდა ხმლის ნაკვალევზე. წმიდანის ნეშტი ამასიაში გადაასვენეს და დაასაფლავეს მის მიერ აგებულ ტაძარში.

წმიდა სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი

წმიდა სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი (+139) დაიბადა დაახლოებით 1340 წელს უსტუიჟელი მედავითნის სიმეონის ოჯახში. ღვთისმოსავი დედის, მარიამის შემწეობით სტეფანემ ბავშვობიდანვე გამოიჩინა არაჩვეულებრივი გულმოდგინება საეკლესიო მსახურებაში: ერთ წელიწადში შეისწავლა კითხვა და მამას ეხმარებოდა ღვთისმსახურებაში.
წმიდა სტეფანე პერმელი ეპისკოპოსი
წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა როსტოვის გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერში. მონასტერში მდიდარი წიგნსაცავი იყო. სტეფანეს სურდა, რომ მამათა ცხოვრებებს ორიგინალში გასცნობოდა, ამიტომ ბერძნული ენა შეისწავლა. როსტოვის ეპისკოპოსმა არსენმა (1374-1380) მას ბერდიაკვნად დაასხა ხელი. 1379 წელს წმიდა სტეფანე კოლომნის ეპისკოპოსს გერასიმეს ეახლა და კურთხევა სთხოვა, წარმართთა ქვეყანაში – პერმში ჩასულიყო საქადაგებლად.

1383 წელს წმიდა სტეფანე აკურთხეს პერმის ეპისკოპოსად. ის ერთგულად მწყემსავდა თავის სამწყსოს, იცავდა სხვა ტომთა თავდასხმისაგან, შუამდგომლობდა მათ.

1390 წელს ეპისკოპოსი ეკლესიის საქმეებზე მოსკოვში გაემგზავრა. წმიდა სტეფანეს მხურვალედ უყვარდა სერგი რადონეჟელი და ძალიან უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა მონასტერში მისვლას. წმიდა სტეფანემ ილოცა, მონასტრის მხარეს გაიხედა და წარმოთქვა: „მშვიდობა შენ თანა, სულიერო ძმაო!“ ღირსი სერგი, რომელიც ძმებთან ერთად ტრაპეზად იჯდა, წამოდგა, ილოცა, ქედი მოიდრიკა იმ მხარეს, სადაც წმიდა ეპისკოპოსი მიდიოდა და უპასუხა: „გიხაროდენ შენც, ქრისტეს ფარის მწყემსო და მშვიდობა უფლისა იყოს შენ თანა!“

1395 წელს წმიდა სტეფანე კვლავ გაემგზავრა მოსკოვში სამწყსოს საქმეების მოსაგვარებლად და იქვე აღესრულა.

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი