9 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ღირსი ბასილი იყო საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის შვილი. ბავშვობიდან მონაზვნური ცხოვრებისაკენ მიდრეკილმა წმიდანმა ღრმად შეისწავლა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება, ფლობდა მრავალ უცხო ენას და მისი დროის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი იყო.

წმიდა ბასილი მოღვაწეობდა ხახულის ლავრაში და იქაურ სასულიერო საგანმანათლებლო საქმიანობას ხელმძღვანელობდა. იოანე ბატონიშვილი (1768-1830) „კალმასობაში“ ასე ახასიათებს მას: „ბასილი ბაგრატიონი იყო საფილოსოფოსთა და ღვთისმეტყველებასა შინა ზედმიწევნილი, მთარგმნელი სხვათა ენათაგან კეთილი და რიტორ-მიმთხრობელი და მაღალ ფრასასა ზედა დამთხზველი, მონაზონებითა სრული და განმანათლებელი ეკლესიათა, რომელსა უწოდეს ქართველთა ეკლესიათა სამკაულად“.

ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს ძველ ისტორიაში“ მიმოიხილავს ბაგრატ IV-ის დროინდელ საქართველოს კულტურულ ვითარებას და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა გვერდით მოიხსენიებს ბასილი ბაგრატის ძეს: „მთარგმნელნი ამ ჟამთა იყვნენ: ბასილი ბაგრატის ძე“…

ბასილი ბაგრატის ძის შესახებ ცნობა შემოგვინახა გიორგი მცირემ გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაშიც: მიიყვანა თუ არა იაკობმა ათი წლის გიორგი ხახულში, ბიძებმა – ღირსმა მამებმა: გიორგი მწერალმა და საბამ (ხს. 19 დეკემბერს) ის ლოცვა-კურთხევის მისაღებად მიჰგვარეს ხახულის მაშინდელ წინამძღვარს, ღირს მაკარის (ხს. 21 დეკემბერს) და იქაურ მოღვაწეთ: ღმერთშემოსილ ანტონის და „დიდსა მას ბასილის, ბაგრატ მესამის ძესა, რომელი-იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღუარი და განმანათლებელი ქუეყანისა ჩუენისაჲ…“

შემდგომ ღირსი ბასილი ათონის სავანეში გადასულა და იქ დაუწერია „გალობანი წმიდისა მამისა ეფთჳმესნი“.

საქართველოს ეკლესიის სამკაული და განმანათლებელი ქვეყნისა ჩვენისა, წმიდა ბასილი ბაგრატიონი ათონის წმიდა მთაზე აღესრულა ივერთა მონასტერში.

ღირსი მიქელ პარეხელი წარმოშობით შავშელი იყო, სოფელ ნორგიალიდან. იგი მიძნაძორს აღიკვეცა მონაზვნად და იქ მოღვაწეობდა. ცნობილია რომ ის იყო ერთ-ერთი უდიდესი ასკეტი და ამასთანავე მისი ქვეყნის აღორძინებისთვის მებრძოლი მამა. როცა ხანძთაში მოღვაწე ბერთა შესახებ გაიგო, იქ ჩავიდა, პარეხს დაემკვიდრა და, ღვთის მოწოდებით, კაცთაგან მიუვალ, კლდოვან ადგილას მცირე ეკვდერი და ძმათა საცხოვრისი მოაწყო. თვითონ მარტომყოფობას ეძიებდა და ღვთივსათნოდ ცხოვრობდა. მას მრავალი მოწაფე ჰყავდა, „სრულნი და ბრწყინვალენი სათნოებითა“. უფალს სათნოეყო ნეტარი მამის მოღვაწეობა და მიჰმადლა მას ნიჭი „სასწაულთა და ნიშთა ქმედებისა“. წმიდა მიქელმა ღვთაებრივი გამოცხადებით მიიღო ბრძანება, რომ თავისი მოწაფეები, წმიდა სერაპიონი (ხს. 5(18) ოქტომბერი) და იოანე სამცხეში გაეგზავნა მონასტრის ასაშენებლად. ისინიც ძმებთან ერთად გაემგზავრნენ სამცხეს და ზარზმაში შესანიშნავი სავანე ააგეს.

კაცთა მოდგმის უბოროტესი მტერი – ეშმაკი ხედავდა ღირსი მექელ პარეხელისა და მის მოწაფეთა განმრავლებით მოწევნულ სიკეთეს და წმიდა მამის უდაბნოდან გაძევებას ათასნაირი საცდურით ცდილობდა.

ერთხელ მამა მიქელი სენაკისაგან მოშორებით კლდის თავზე ლოცულობდა. ეშმაკმა ბერი სიმაღლიდან გადმოაგდო, მაგრამ უფალმა უვნებლად დაიცვა. შეშინებულმა მიქელმა მოწაფე გაგზავნა ღირს გრიგოლ ხანძთელთან, თავისთან იხმო და აუწყა ყოველი განსაცდელი. ღირსმა გრიგოლმა ნუგეში სცა ძმას, ორი ჯვარი აღმართა მარჯვნივ და მარცხნივ და უთხრა: „ორთა ამათ ჯუართა ქრისტესთა შუა უშიშრად იყავ შეწევნითა წმიდისა სამებისაჲთა და ძალითა პატიოსნისა ჯუარისაჲთა. ხოლო უკუეთუ წარჰვლო, კუალად განიცადო უძჳრესად პირველისა“.

ქრისტესმიერმა ძმებმა ილოცეს და ღმერთი ადიდეს. ამის შემდეგ ნეტარმა მიქელმა სრული განსვენება მიიღო, რადგან სიმდაბლით დასცა ამპარტავანი მტერი.

ღირსი მიქელი დიდხანს მოღვაწეობდა პარეხში, აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში, დამარხეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

წმიდა ბასილი ზარზმელის (ხს. 6(9) ოქტომბერი) გადმოცემით, ღირსი მიქელ პარეხელის ცხოვრება, მოღვაწეობა, სწავლებანი და სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მოწაფეებმა აღწერეს. ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები ღირსი მამის, მიქელ პარეხელის შესახებ შემონახულია გრიგოლ ხანძთელისა და სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი