6 ძირითადი თეზისი, რომელზეც დაფუძნებულია ისლამი

 

შავი ჩაი ასკილით

ისლამური ღვთისმეტყველება დაფუძნებულია ექვს ძირითად თეზისზე (დოგმატზე):

1. ერთი ღმერთის რწმენა. ისლამი მკაცრად და თანმიმდევრულად მონოთეისტური და თეოცენტრული რელიგიაა. იგი ქადაგებს ერთ ღმერთს, როგორც ყოვლისშემოქმედს, ყოვლისმპყრობელსა და ყოვლადმოწყალეს. მისი სახელია ალლაჰ (არაბ. ალლაჰ, ალილლაჰ – „ღვთაება“). ისლამი კატეგორიულად უარყოფს ტრიადას – ერთარსება სამების დოგმატს. მუჰამადის თქმით, ქრისტიანები სამ ღმერთს ეთაყვანებიან: ალლაჰს, ისას და მარიამს, რაც მისთვის ყოვლად მიუღებელია, რადგან ასეთი ღვთისმეტყველება წარმართობის ელემენტებს შეიცავს.
ალლაჰი აბსოლუტია; არსებობს თავის თავში, თავისთავად და სამყაროზე; არ შობს და არ შობილა; არ ჰყავს შვილები, ამხანაგები და მოზიარეები. ის განსაზღვრავს ადამიანთა ბედს და ადამიანები მას უნდა ემორჩილებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ალლაჰი არის უსხეულო სული, ყურანში გვხვდება ფრაზები, რომლებიც მკითხველებს მის შესახებ ანთროპომორფულ წარმოდგენებს უქმნიან: ის ლაპარაკობს, ზის ტახტზე და ა.შ., რაც მეტაფორებია. რწმენა და მოძღვრება ალლაჰის ერთობისა და ერთადერთობის შესახებ (ალთავჰიდ) იმდენად მძლავრია, რომ ალლაჰის რომელიმე ქმნილებასთან მიმსგავსება ან შედარება უდიდეს და უპატიებელ ცოდვად ითვლება – შირქად, იგივე მრავალღმერთიანობად, „ვინმეს ალლაჰის თანამონაწილედ მიჩნევად“.
ალლაჰის ერთადერთობის რწმენა, რომლის საფუძველზე მუსლიმთა მთელი ცხოვრება უნდა მოეწყოს, ასახულია ღვთის სადიდებელ „ბასმალასა“ და რწმენის სიმბოლო „შაჰადში“. ისინი (ყურანისეული ექსცერპტების გარდა) პირველად დადასტურებულია ბაჰიბ ბ. მასლამის „დაცვის სიგელში“, რომელიც შედგენილია VII საუკუნის 40-50-იან წლებში და წარმოადგენს სახელმწიფო ხელშეკრულებას არაბეთსა და საქართველოს შორის.
2. ანგელოზების რწმენა. მუსლიმთა აზრით, არსებობენ უამრავი უსხეულო და გონიერი ქმნილებანი – ანგელოზები (არაბ. მალაიქა; მხ. რ. მალაქ), რომლებსაც ალლაჰსა და ადამიანს შორის შუალედური ადგილი უჭირავთ. ისინი უსქესონი არიან (ჰარუთისა და მარუთის გარდა); ცხოვრობენ ზეცაში, დგანან ალაჰის ტახტის გარშემო და ხოტბას ასხამენ მას, იცავენ ადამიანებსა და წინასწარმეტყველებს ალლაჰის სიტყვას გადასცემენ, თვალყურს ადევნებენ ადამიანებს და აღნუსხავენ ყველაფერს, რასაც ისინი ჩადიან.
ყურანი ანგელოზთა რამდენიმე კატეგორიას ასახელებს. უმაღლესი რანგისანი ის ანგელოზები არიან, რომლებიც ალლაჰის ტახტთან დგანან – ჯაბრაილი, მიქაილი, ისრაფილი და იზრაილი. ჯაბრაილი (ჯაბრილ, ჯიბრაილ, იგივე გაბრიელი), ყურანის მიხედვით, მუჰამედის მფარველია, გამოგზავნილი ალლაჰისაგან ყურანის ზეშთაგონებისათვის. მიქაილი (მიქალი, იგივე მიქაელი, მიხაილი) ემსახურებოდა ალლაჰს, როდესაც მიწისაგან ადამიანს ქმნიდა და იცავდა მუჰამედს ურწმუნო ხალხისაგან. ისრაფილი (სხვაგვარად სარაფილ) კითხულობს რჯულის ფიცარზე ნაწერ გადაწყვეტილებებს ადამიანთა და სამყაროს ბედის შესახებ, აქვს საყვირი, რომელსაც ჩაბერავს იერუსალიმის წმინდა კლდეზე მაშინ, როდესაც საყოველთაო აღდგომისა და განკითხვის დღე მოახლოვდება. იზრაილი არის სიკვდილის ანგელოზი, რომელმაც დედამიწაზე მოიპოვა თიხა, რისგანაც ღმერთმა ადამი შექმნა.
ალლაჰმა ანგელოზები ცეცხლისაგან შექმნა: თავდპირველად ისინი, შემდეგ – ადამი. მან უბრძანა ანგელოზებს: „თაყვანი ეცით ადამს!“ უფლის ნებას მხოლოდ იბლისი არ დაემორჩილა. მიზეზად ის დაასახელა, რომ ადამი მიწისგანაა შექმნილი, თვითონ კი ცეცხლისაგან (ყურანი 7:1012). ამის გამო ის ზეციდან იქნა გამოძევებული და გახდა ეშმაკი, სატანა. სახელი „იბლისი“ ბერძნული სიტყვისაგან მომდინარეობს – „დიაბოლოს“. იბლისი მორწმუნეთა ჭეშმარიტი გზიდან გადაცდენას ცდილობს და წუთისოფელში ღვარძლს თესს. მან მრავალი ბოროტი სული (დემონი) შვა – შაიტნები და ჯინები, რომელთა გარდაუვალი ხვედრი ჯოჯოხეთია. განკითხვის დღეს, იბლისისა და მისი ჯინების გარდა, სატანჯველი კიდევ ორ ანგელოზს ელოდება – ჰარუთს და მარუთს, რომლებმაც ამქვეყნიურ სიამოვნებაზე უარი ვერ თქვეს.
3. საღვთო წერილის რწმენა. საღთვო წერილი (ყურანის გარდა) გულისხმობს წიგნებს, რომლებიც იუდეველებსა და ქრისტიანებს გამოცხადების გზით ებოძათ. ასეთად ყურანში სამი წიგნია დასახელებული: თავრათი (თორა, მოსეს ხუთწიგნეული), ზებური (ფსალმუნნი დავითისი) და ინჯილი (სახარება). ამის გამო იუდეველებსა და ქრისტიანებს, ყურანის მიხედვით, დანარჩენ ხალხთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავთ. ისინი არ არიან უბირები, ურჯულოები და ურწმუნოები, არამედ – წერილის, წიგნის ხალხი. მართალია, ეს წიგნები, მუსლიმ ღვთისმეტყველთა აზრით, სრულყოფილ ცოდნას არ შეიცავს, რადგან არც შესაბამისი (ე.ი. ყურანამდელი) გამოცხადებანი იყო სრულყოფილი და არც ჩაწერა მომხდარა სრულყოფილად, მაგრამ მათ სტრიქონებში უხვადაა სიბრძნე და ჭეშმარიტი მეცნიერება. გამოცხადებათა გვირგვინი არის ყურანი როგორც მარადიული, ალლაჰისაგან განუყრელი ფენომენი, ალლაჰის მარადიული ნებასურვილი, რომელსაც მთავარანგელოზი ჯაბრაილი მუჰამადს უკითხავდა და აწერინებდა. ხილული ყურანის დედანი ზეცაშია. იგი შეუქმნელი და მარადიულია.
4. წინასწარმეტყველთა რწმენა (რასულ და ნაბ). ყურანი და სუნა მუსლიმს ალლაჰის ყველა მოციქულისა (რასულ) და წინასწარმეტყველის (ნაბი) აღიარებას მოუწოდებს.
წინასწარმეტყველთა რიცხვი, ჰადისების მიხედვით, 124 000-ს უდრის, მაგრამ ყურანში დასახელებულია მხოლოდ 28. მათგან განსაკუთრებით საპატიოა ცხრა – „დიდნი და მყარნი“, შეუპოვარნი. ესენია: ნუხი (ნოე), რომელსაც ალლაჰისაგან მომავალი წარღვნის ამბავი ეუწყა და რომელმაც კიდობანი ააგი (ამ კიდობნით, სხვათა შორის, ეშმაკი იბლისიც გადარჩა, რადგან ის ვირში შევიდა და იქ ამ გზით აღმოჩნდა); იბრაჰიმი (აბრაამი) – არაბებისა და ებრაელების მამათმთავარი, რომელსაც ალლაჰისაგან წერილის გრაგნილი ებოძა და რომელმაც შვილთან, ისმაილთან, ერთად მიწიერი ქააბა ააგო; მუსა (მოსე), რომელსაც თავრათი (თაირი, თორა) ებოძა; დაუდი (დავუდი, დავითი), რომელმაც ალლაჰისაგან ზებური (ფსალმუნნი) მიიღო და რომელმაც გოლიათი (ჯალუთი) დაამარცხა; იაკუბი (იაკობი); იუსუფი (იოსები); აიუბი (იობი); მარიამის ძე ისა (იესო) – მერვე წინასწარმეტყველი, რომელსაც ალლაჰმა ინჯილი (სახარება) გარდამოუვლინა, რის გამოც იგი ცნობილია როგორც, „რუჰ ალაჰ“ (ალლაჰის სული). წინასწარმეტყველთა რიგს აგვირგვინებს უკანასკნელი წინასწარმეტყველი და „წინასწარმეტყველთა ბეჭედი“ მუჰამედი, რომელსაც ალლაჰმა ყურანი უკარნახა. წინასწარმეტყველთა შორის (ნაბი) იხსენიებიან, აგრეთვე, ალისქანდარ (ალექსანდრე მაკედონელი), ჯირჯისი (წმ. გიორგი) და სხვა ქრისტიანი წმინდანები.
ყურანში აღნიშნულია, რომ თავრათი და ინჯილი „უწიგნური (წერაკითხვის არ მცოდნე) წინასწარმეტყველის“ მოვლინებას წინასწარმეტყველებს. სწორედ მას დააკისრებს ალლაჰი მართალი ადამიანების მხრებიდან „ტვირთებისა და ხუნდების ჩამოხსნას“ (7:156). მუსლიმი თეოლოგები ამბობენ, რომ აქ ლაპარაკია აჰმადის („ყველაზე დიდებულის“), ე.ი. მუჰამედის შესახებ, რომელმაც წერაკითხვა მართლაც არ იცოდა. რაც შეეხება ინჯილს, მათი თქმით, ამ შემთხვევაში იესო ქრისტეს შემდეგი სიტვები იგულისხმება: „თუ არ წავედი, ნუგეშინისმცემელი ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ“ (იოანე 16:7). ეს წინასწარმეტყველი, მუსლიმთა კომენტარით, მუჰამედია.
ყურანისა და ძველი ისლამური ტრადიციის თანახმად, ისა არ მომკვდარა, ის ალლაჰმა აიყვანა თავისთან და კვლავ მოვა საყოველთაო განკითხვის დღეს. მუჰამედის საფლავის პირდაპირ არის ცარიელი ადგილი, გამზადებული ისასათვის, რომელსაც იქ მეორედ მოსვლის შემდეგ დაკრძალავენ. მოციქულმა ისამ (თურქ. ისა ფეიღანბარმა) მოციქულ მუჰამედის საქმე უნდა გააგრძელოს და სრულყოს, ქვეყნიერებას აღსასრულის მოახლოება უნდა აუწყოს, დაჯალი (მაცდური სული, ცრუ მესია, ანტიქრისტე) უნდა გაანადგუროს და სამართლიანობა აღადგინოს. პიროვნება, რომელსაც ეს მისია აკისრია, არის მაჰდი. მაჰდი არაბულად „ალლაჰის გზის გაყოლას“ ნიშნავს. ჭეშმარიტი მაჰდი არის ის, ვინც მუჰამედის საქმეს გააგრძელებს და სრულყოფს. იგი მესიაა, რომელიც ქვეყანას ისტორიაში კი არა, ისტორიის დასასრულს ან დასრულების შემდეგ მოევლინება.
დაისმის კითხვა: მაჰდი დამოუკიდებელი, თავისთავადი პიროვნებაა, თუ მეორედ მოსული ისა? თავდაპირველად მაჰდი იესო ქრისტესთან იყო გაიგივებული. მისგან გამიჯნვა მუსლიმთა შემდგომდროინდელ რელიგიურ წარმოდგენებში მოხდა. სუნიტური ტრადიციის თანახმად, ეს არაა დოგმატური შინაარსის კითხვა და, მაშასადამე, ღია საკითხია. შიიტები კი მას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და თვლიან, რომ მაჰდი „ფარული იმამია“. მისი ეპოქა 878 წელს დაიწყო და შესაძლებელია ნებისმიერ დღეს დასრულდეს მისი (იმამიმაჰდის) დაბრუნებით. იგი განაგრძობს მოციქულის საქმეს, აღადგენს ხალიფა ალის საგვარეულოს შელახულ უფლებებს, ისლამის პირვანდელ სახეს, ანუ თეოკრატიას, აღავსებს სამყაროს სიმართლითა და სამართლიანობით, მოსპობს ტირანებსა და ტირანიას. მაჰდის დაბრუნების მოლოდინი განსაკუთრებით გამძაფრდა XVI-XIII საუკუნეების ირანში, როდესაც შიიზმი ამ ქვეყნის ოფიციალური რელიგია გახდა. ისლამის ისტორიაში ცნობილია რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე, რომლებსაც თავი მაჰდად გამოუცხადებიათ.
5. საყოველთაო აღდგომისა და უკანასკნელი სამსჯავროს რწმენამაადი. ესაა მოძღვრება, რომელიც გულისხმობს მომავალი სამყაროსეული კატასტროფის, საყოველთაო აღდგომის, განკითხვის დღის, ჯოჯოხეთისა და სამოთხის რწმენას. სიტყვა მაადი („ალმაად“) არაბულია და ღმერთთან დაბრუნებას ნიშნავს, რაც სამყაროს აღსასრულის ჟამს მოხდება. მაშინ აღდგებიან მკვდრები (ალკიიამა) და ალლაჰის სამსჯავროს წინაშე წარდგებიან – მართალნი სამოთხეს დაიმკვიდრებენ (ალჯანნა), ცოდვილნი – ჯოჯოხეთს (ჯაჰანნამ).
6. ბედისწერის რწმენაკადარი. „კადარ“ი (ბედისწერა) შინაარსით ახლოს დგას ასევე არაბულ სიტყვასთან „ყისმათ“, რომელიც ნიშნავს ბედს, იღბალს. პირველი წინასწარგანსაზღვრულობას გულისხმობს, მეორე – შემთხვევითობასა და საქმეში გამართლებას. ისლამური ღვთისმეტყველების თანახმად, ყველაფერი, რაც მომხდარა, ხდება ან მოხდება, ალლაჰის ნებაზეა დამოკიდებული. ყურანში ნათქვამია: „არაფერი დაგვემართება იმის გარდა, რაც დაგვიწერა ალლაჰმა“ (9:51); „არც ერთი სული ისე არ მოკვდება, თუ არ იქნება ალლაჰის ნება, ჟამი წინასწარ განსაზღრული და დაწერილი“ (ყურანი 9:51). მართალია, ადამიანებს თავთავიანთი ზრახვები და საქციელი ღმერთმა წინასწარ განუსაზღვრა, მაგრამ ცუდ საქციელსა და დანაშაულზე პასუხისმგებლობაც დააკისრა. ბუნებრივად დაისმის კითხვა: რატომ ან როგორ უნდა აგოს პასუხი ადამიანმა მასზე, რაც მის არსებაში მისი ნების გარეშეა განსაზღვრული? ესაა ანტინომია, – წინააღმდეგობა ბედისწერასა და ნების თავისუფლებას შორის, რაც მუსლიმურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს: იყვნენ ჯიბრიტები, რომლებიც უარყოფდნენ ნების თავისუფლებას და ცნობდნენ აბსოლუტურ ბედისწერას და იყვნენ კადარიტები, რომლებიც აღიარებდნენ ადამიანის თავისუფალ ნებას და არჩევანის უნარს კეთილსა და ბოროტს შორის.
loading…

პოპულარული

"ხარისხის არხის" პოპულარული წამყვანების დუეტი დაიშალა
"მომწონს საქართველოში ყოფნა"- რაზე ისაუბრა რობოტმა სოფიამ პრესკონფერენციაზე
ანუკი არეშიძემ ისევ გაიბრწყინა - როგორ გამოიყურებოდა 7 თვის ორსული დიზაინერი ოფიციალურ მიღებაზე (ფოტოები)
"სერავდნენ... ვკიოდით, მაგრამ სანამ მთლიანად არ აჩეხეს, არც გამოუხედავთ ჩვენსკენ" - 22 წლის ბიჭის მკვლელობის დეტალები
დაწერე კომენტარი