6 აგვისტოს მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოწამე ქრისტინე

წმიდა მოწამე ქრისტინეს მამა – ურბანოსი ქალაქ ტვირის მმართველი იყო. თერთმეტი წლის ასაკს მიწევნული ქალწული საოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა და მრავალს სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა, ეკმია კერპებისათვის. ასულს ორი მხევალი ემსახურებოდა.

მარტოობაში მყოფმა ქალწულმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ ვინ შექმნა ეს მშვენიერი სამყარო. თავისი ოთახის სარკმლიდან იგი შესცქეროდა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და თანდათანობით მიდიოდა დასკვნამდე, რომ ყველაფერ არსებულს ერთი შემოქმედი ჰყავს. იგი მიხვდა, რომ კერპებს არ შეეძლოთ რაიმეს შექმნა, რადგან თავად იყვნენ შექმნილნი ადამიანთა ხელით, და იგი ცრემლიანი ლოცვებით შესთხოვდა ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, გაეცხადებინა მისთვის საკუთარი თავი. ნეტარის სული თანდათან შეუცნობელი უფლის მხურვალე სიყვარულით აღივსო და უმატა გულწრფელ ლოცვა-ვედრებასა და მარხვას.
წმიდა მოწამე ქრისტინე
ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო. როცა დედამ შეიტყო მომხდარი, მოთქმითა და ტირილით მიეახლა შვილს და სთხოვა, მამაპაპურ სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ ქრისტინე შეურყეველი დარჩა. მეორე დღეს ურბანოსმა მოუხმო ასულს, კიდევ ერთხელ შეეცადა, კერპების თაყვანისცემაზე დაეყოლიებინა, თან დანაშაულის პატიებასაც ითხოვდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო: ქრისტეს ტარიგი ურყევად სასოებდა მაცხოვარს.

მტარვალებმა რკინის ბორბალზე დააკრეს ნეტარი და ქვეშ ცეცხლი შეუნთეს. ყოვლადდასაწველი მსხვერპლივით ყოველმხრივ ედებოდა ალი კოცონზე მბრუნავ წმიდანის სხეულს. ბოლოს, ნაწამები, კვლავ საკანში გამოკეტეს.

ღამით ქრისტინეს ანგელოზმა დაუამა წყლულები და საზრდელით განამტკიცა. გამთენიისას ურბანოსმა სასწაულებრივ განკურნებული ასული რომ იხილა, განკარგულება გასცა, ზღვაში ჩაეხრჩოთ იგი, მაგრამ ფსკერისკენ მხოლოდ წმიდანის კისერზე გამობმული ლოდი დაექანა, თავად უფლის მხევალი კი, ღვთაებრივი ძალით ამსუბუქებული, სასწაულებრივ გავიდა ნაპირზე და მამის წინაშე წარდგა. შეძრწუნებულმა მტარვალმა ყველაფერი ჯადოქრობას მიაწერა და გადაწყვიტა, დილით სიკვდილით დაესაჯა ქრისტინე, მაგრამ საკვირველი და მიუწვდომელია ღვთის განგებულება: იმ ღამით თავად მიიცვალა. მის ნაცვლად დანიშნულმა ახალმა მმართველმა, დიონმა იხმო მოწამე და შეეცადა, ქრისტეს უარყოფაზე დაეთანხმებინა, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, ახალი სატანჯველი დაატეხა მას თავს. წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული. მნახველები აღწევდნენ მასთან და მისი მადლმოსილი სიტყვებით გონებაგანათებულნი, ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს: ნეტარმა სამი ათასამდე ადამიანი მოაქცია ქრისტიანობაზე.

დიონის შემდეგ ტვირის მმართველად იულიანე დაადგინეს. მან განაახლა წმიდა ქრისტინეს წამება, ბოლოს კი, მრავალგვარი სატანჯველით ვნებული ასულის გახურებულ ღუმელში შეგდება და გამოკეტვა ბრძანა. ხუთი დღის შემდეგ ღუმელის კარები გააღეს და უფლის რჩეული ცოცხალი და უვნებელი იხილეს. აღსრულებული სასწაულების მრავალი მოწმე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, უღმრთო მტარვალებმა კი ქრისტეს სასძლოს თავი მოჰკვეთეს.

ღირსი ილარიონ თუალელი

ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა. გიორგი მცირე (XI ს.) „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული“. ილარიონი „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღუაწებათა წარმოთქუმაჲ შეუძლებელ არს“.
ღირსი ილარიონ თუალელი
ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. „ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთად უწყის და ესრეთ წარემატებოდა ნებითა ღმრთისაჲთა, ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანაწარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა“. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.

წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.

წმიდა მოწამენი, კეთილმორწმუნენი მთავარნი ბორისი და გლები

წმიდა მოწამენი, კეთილმორწმუნენი მთავარნი ბორისი და გლები (წმიდა ნათლისღებით – რომანოზი და დავითი) მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) შვილები იყვნენ. ისინი სიყრმიდანვე კეთილმსახურებით გამოირჩეოდნენ. ვლადიმირმა თავისსავე სიცოცხლეში დაუნაწილა მიწები ვაჟიშვილებს: ბორისს რიაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი – მურომისა. ძმები დაუცხრომლად იღვწოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად.

1015 წელს, წმიდა ვლადიმირის ნეტარი აღსასრულის შემდეგ, დიდი სამთავრო ხელში ჩაიგდო მისმა შვილობილმა, რუსეთის ისტორიაში „წყეულის“ სახელით შესულმა სვიატოპოლკმა. მან წმიდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. ამ დროს მომხდურ პაჭანიკებთან ბრძოლიდან მობრუნებული წმიდა ბორისი თავისი რაზმით მდინარე ალტასთან იყო დაბანაკებული. სვიატოპოლკმა ბორისს ელჩები გაუგზავნა, მამის გარდაცვალება ამცნო და ურთიერთსიყვარულისკენ მოუწოდა, თან კი გზიდან მის ჩამოსაშორებლად მკვლელები დაიქირავა. 24 ივლისის ღამეს ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა.
ბორისი და გლები
მკვლელები თავს დაესხნენ წმინდანს და, მახვილებით დაწყლულებული, სვიატოპოლკთან წაიყვანეს. ამ უკანასკნელმა როცა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხალხი გაგზავნა მის მოსაკლავად. წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში, კიევიდან თხუთმეტი ვერსის მოშორებით, და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

ბორისის მკვლელობის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლები გაგზავნა იმჟამად სმოლენსკის მახლობლად მყოფ გლებთან და თითქოს მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში, მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს, მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე, მისი ცხედარი კი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს. უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: ზოგჯერ მას ნათლის სვეტი ადგებოდა თავს, ზოგჯერ კი გამვლელებსა და მწყემსებს ანგელოზთა ტკბილი გალობა ესმოდათ. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს, გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.

იაროსლავმა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა (იხილეთ 2 მაისის საკითხავი).

პოპულარული

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს
"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი