5 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მიქაელ აღმსარებელი

წმიდა მიქაელ აღმსარებელი, სინაიდელი ეპისკოპოსი (+831) ბავშვობიდან მიესწრაფოდა მონასტრულ ცხოვრებას. ის წმიდა პატრიარქმა ტარასიმ (784-806) გაგზავნა შავი ზღვის ნაპირზე მდებარე მონასტერში. მასთან ერთად მონასტერში მოვიდა წმიდა თეოფილაქტე (ხს. 8 მარტს), ნიკომიდიის მომავალი მღვდელმთავარი. ორივე ბერი მხურვალედ მოღვაწეობდა მონასტერში. მათ მოშურნე ცხოვრებისათვის უფლისგან მადლი მიიღეს. ერთხელ, მკის დროს, წმიდა ბერთა ლოცვით ცარიელი ჭურჭელი წყლით აივსო.
წმიდა მიქაელ აღმსარებელი
პატრიარქმა ტარასიმ წმიდა მიქაელს ხელი დაასხა ქალაქ სინადის ეპისკოპოსად. ის მთელი გულით შეიყვარა მისმა სამწყსომ და იმპერატორებმა ნიკიფორე I-მა (802-811) და მიხეილ I-მა (811-813). 787 წელს წმიდა მიქაელი ესწრებოდა მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებას.

შემდგომ აღსაყდრებულმა ხატმბრძოლმა იმპერატორმა ლეონ სომეხმა კათედრებიდან განდევნა მართლმადიდებელი მღვდელმთავრები და მათ ადგილზე დაადგინა თავისი თანამოაზრე მწვალებლები.

ლეონ სომეხმა წმიდა ეპიკოპოსის დასჯა გადაწყვიტა, მან კი უპასუხა: „თაყვანს ვსცემ წმიდა ხატებს მაცხოვრისა ჩემისა იესო ქრისტესი და დედისა მისისა, ყოვლადწმიდა ქალწულისა და ყოველთა წმიდათა. ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, ვერ გავასვენებ ტაძრიდან წმიდა ხატებს“. ლეონ სომეხმა წმიდა მიქაელი ევდოკიაში გადაასახლა, სადაც აღესრულა 821 წელს. წმიდა მიქაელის თავი ინახება ათონის წმიდა ათანასეს ლავრაში, წმიდა ნაწილები კი – ივერთა მონასტერში.

წმიდა ღირსმოწამე მიქაელი

წმიდა ღირსმოწამე მიქაელი (IX) იყო ერთგული მოწაფე წმიდა თეოდორე ედესელისა (ხს. 9 ივლისს). მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მიქაელმა ქონება ღარიბებს დაურიგა და იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანისაცემად. ამ დროს იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი. წმიდა მიქაელი პალესტინაში დარჩა და საბაწმიდის ლავრაში დასახლდა. ერთხელ წმიდა მამა მონასტრიდან იერუსალიმში გაგზავნეს ბერების ნახელავების გასაყიდად. მუსულმანი დედოფლის სეიდას საჭურისს ძალზე მოეწონა ძმათა ხელობა და წმიდა მიქაელი მონასტრის ნაკეთობებთან ერთად დედოფალს წარუდგინა. დედოფალს გულში ჩაუვარდა ახალგაზრდა ბერი და ცოდვით დაცემა შესთავაზა მას. უარის მიღებისას სეიდამ სასტიკად აცემინა იგი, შემდეგ კი მეფეს წარუდგინა, როგორც მაჰმადიანობის მტერი. ბერის დაკითხვის შემდეგ მეფე შეეცადა მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებაზე დაეყოლიებინა წმიდა მიქაელი, მაგრამ წმიდანმა უპასუხა: „ან სავანეში გამიშვი მოძღვართან, ან მართლმადიდებლურად მოინათლე, ან თავი მომკვეთე“, მეფემ ბრძანა, თასით საწამლავი მიერთმიათ წმიდა მიქაელისათვის. წმიდანმა დალია საწამლავი, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. ამ სასწაულის შემდეგ წმიდანს თავი მოჰკვეთეს. ბერებმა მისი ნეშტი გადაასვენეს საბაწმიდის ლავრაში და პატივით დაასაფლავეს.

წმიდა მარიამ კლეოპასი

წმიდა მარიამ კლეოპასი, მენელსაცხებლე დედა, საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მართალი იოსებ დამწინდველის (ხს. 26 დეკემბერს) ასული იყო პირველი ქორწინებიდან. როცა ყოვლადწმიდა ქალწული იოსებზე დაწინდეს, ახალ სამკვიდრებელში მას დაუხვდა სრულიად ყმაწვილი მარიამი. მათ დებივით შეიყვარეს ერთმანეთი. ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებმა ასული თავის უმცროს ძმას, კლეოპას მიათხოვა (ამიტომაც ჰქვია მას კლეოპასი). მარიამისა და კლეოპას ძე იყო წმიდა მოციქული სვიმეონი, სამეოცდაათთაგანი, იერუსალიმის მეორე ეპისკოპოსი (ხს. 27 აპრილს). წმიდა მარიამ კლეოპას ხსენება აღესრულება დიდმარხვის მესამე კვირიაკესაც, სხვა მენელსაცხებლე დედებთან ერთად.

წმიდა მარიამ კლეოპასი

ღირსი დამიანე

ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე „სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა“.

1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, „დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა“ და „შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი“.

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის მეფობისას მოიხვეჭა დემეტრემ სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ. ახალგაზრდა სარდალმა „ქმნნა ომნი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკჳრვნა“, აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა, ძლევამოსილი.
ღირსი დამიანე
წმიდა დემეტრე მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას. დემეტრეს მეფობის დროს აღორძინდა ჰერეთი, სომხითი, ტაშირი, ჯავახეთი, არტაანი და ტაო, რომელნიც მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო და ჰერეთ-კახეთი შემოიერთა, თითქმის უკაცრიელი იყო.

ძლევამოსილი მეფე დემეტრე ვერ გადაურჩა ბოროტის მანქანებას: დავითიანთა კეთილ ძირს მიმსგავსებული, ღვთივდანერგული და ცხებული მეფე შეთქმულებებისა და ღალატის მსხვერპლი გახდა. ჯერ დიდგვაროვნები აუმხედრდნენ, რომლებსაც ტახტზე მისი ნახევარძმის, ვახტანგის (ცუატას) დასმა უნდოდათ. დემეტრემ სწრაფად ჩაახშო ერთიანი საქართველოს ძლიერების საწინააღმდეგოდ მიმართული ამბოხი. შემდეგ საკუთარი ძე – დავითი აუმხედრდა მამას. საყვარელი შვილის ღალატით საოცრად გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამ სოფლის ამაოება, მონაზვნად აღიკვეცა დამიანეს სახელით და დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა, სამეფო ტახტი კი დავითს დაუთმო. დავითმა მხოლოდ ექვს თვეს იმეფა და გარდაიცვალა.

ქვეყნის ინტერესების დასაცავად დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში, კვლავ ავიდა ტახტზე და თანამმართველად თავისი შვილი გიორგი გამოაცხადა.

დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა – „შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული, ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული, თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“. ანტონ კათოლიკოსის თქმით, დემეტრე იყო „გამომთქმელი სტიხთა მაღალ შაირთა, რომელნიც დღესაც ჩანან აღწერილად“. იოანე ბატონიშვილი კი წერს, რომ „ის იყო მშვენიერი რიტორი, პიიტიკოსი და შემთხზველი უცხოთ შაირთა, რომელმანც მრავალნი სწავლანი გამოთქვა“.

კეთილმსახური მეფისა და წმიდა დამიანეს ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.

ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა დიდი დავითის დაწყებული გელათის ტაძარი. მეფეყოფილი წმიდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში (+1157), დაასაფლავეს გელათის მონასტერში.

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პუტინი საჯდომზე - თამო ვაშალომიძის უპრეცედენტო პროტესტი (ფოტო)
დაწერე კომენტარი