
ხუთ თებერვლას მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსის, წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსის, ღირსი მაქსიმე ასურელისა და ღირსი სალამან მდუმარეს ხსენების დღეს.
მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312)

კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმიდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. კლიმენტის ხეზე ჰკიდებდნენ, ბასრი დანებით სხეულს უსერავდნენ ისე, რომ ძვლებიც კი უჩანდა, არგნებითა და ქვებით გვემდნენ, ბორბალზე აკრავდნენ, ატრიალებდნენ და ნელ ცეცხლზე წვავდნენ. უფალი თავის რჩეულს იცავდა და წყლულებს უამებდა. ბოლოს დომენტიანემ წმიდა მოწამე რომში გაგზავნა, დიოკლეტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველი დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოაწყვდია.
მოწამის სიწმიდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. მის საკანში თავს იყრიდნენ სულიერი დამოძღვრის თუ ნათლისღების მსურველები, ხორციელ სნეულებათაგან შეჭირვებულები საპყრობილე ტაძრად იქცა. ავ ენათაგან დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი. წმიდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში თავის თანამმართველ მაქსიმიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე, მღვდელმთავრის მოწაფე აღათანგელოსი ამოვიდა – მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი.
იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინს გადასცა, რომელმაც ისეთ მხეცურ სატანჯველებს მისცა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ მოწამეთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.
განთავისუფლებული წმიდანები თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირში გაგზავნეს, სადაც ანკვირელმა მთავარმა კურინიუსმა აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტისთან გააგზავნა.
ამასიაში წმიდა მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელი ამოვიდნენ. მოწამეები შემდგომი წამებისათვის ტარსუსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ 28 წელი მოუწევდა ქრისტესთვის ტანჯვა, მხნე აღმსარებლები კვლავ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.
მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. წმიდა კლიმენტი კი ანკვირელმა ქრისტიანებმა გაანთავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურღიის აღსრულების შემდეგ, წმიდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს.
მართლაც, მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმიდა მღვდელმთავარს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოკვეთეს (+დაახლ. 312).
წმიდა პავლიანე მოწყალე, ნოლანის ეპისკოპოსი (+431)

ერთხელ ვანდალები თავს დაესხნენ იტალიას და მისი მრავალი მცხოვრები აფრიკაში ტყვედ წაასხეს. პავლიანე მთელ საეკლესიო ქონებას მათ გამოსყიდვას ახმარდა. როცა წმიდანმა ერთი ქვრივი დედაკაცის შვილის გამოსასყიდად სახსრები ვერ მოიძია, მის მაგივრად თვითონ წავიდა ტყვეობაში და ვანდალი მთავრის მსახურება იტვირთა. მალე საიდუმლო გამჟღავნდა და წმიდა მღვდელმთავარი გაანთავისუფლეს. მისი შუამდგომლობით თავისუფლება მოიპოვეს სხვა პყრობილებმაც.
მოყვასის სიყვარულით აღსავსე ღირსი პავლიანე უშურველად ეხმარებოდა გაჭირვებულებს, აშენებდა ტაძრებს, წერდა ჰიმნოგრაფიულ ნაწარმოებებს. წმიდანი გარდაიცვალა 431 წლის 22 ივნისს, 78 წლის ასაკში. მისი წმიდა ნაწილები რომში, წმიდა მოციქულ ბართლომეს ტაძარში განისვენებს.
ღირსი მაქსიმე ასურელი (IV)

ღირსი სალამან მდუმარე (+დაახლ. 400)
ღირსი სალამან მდუმარე არის პირველი წმიდანი, რომელმაც მდუმარების აღთქმა დაიმარხა. ის მდინარე ევფრატის სანაპიროზე მდებარე ერთ გამოქვაბულში დაეყუდა და მხოლოდ უფალს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში, როცა კაპერსანის ეპისკოპოსმა წმიდანის მღვდლად კურთხევა გადაწყვიტა, მან პასუხად ერთი სიტყვაც კი არ მიუგო. ასეთ ღვაწლში იმყოფებოდა ღირსი სალამანი აღსასრულამდე (+დაახ. 400).