5 აპრილის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

5 აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსის და მოწამე ფილოტის ხსენების დღეს.

წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი

წმიდა მღვდელმოწამე ნიკონ ეპისკოპოსი და მისი 199 მოწაფე (+251); მღვდელმოწამე ნიკონი დაიბადა ნეაპოლში. მისი მამა წარმართი იყო, დედა კი – ქრისტიანი. მამის სარწმუნოების მიმდევარი ნიკონი ჯარისკაცი იყო და არაჩვეულებრივი მამაცობითა და ძლიერებით გამოირჩეოდა. ერთხელ ნიკონი თავის რაზმთან ერთად ალყაში მოექცა. სასიკვდილო განსაცდელში ჩავარდნილმა მხედარმა დედის ქრისტიანული დარიგებანი გაიხსენა, პირჯვარი გადაისახა და უფალს აღუთქვა, რომ მოინათლებოდა. გარდაუვალ სიკვდილს გადარჩენილი ნიკონი სახლში დაბრუნდა და დედის რჩევით მღვდლის საძებნელად წავიდა. იმდროინდელი დევნულობის გამო ხუცესის პოვნა ერთობ ძნელი იყო. წმიდა ნიკონმა კუნძულ ხიოსს მიაღწია, მაღალ მთაზე ავიდა, რვა დღე მარხვასა და ლოცვაში გაატარა და უფალს შეევედრა, შემწეობა აღმოეჩინა. მას ანგელოზი გამოეცხადა და გზა ასწავლა. წმიდა ნიკონმა განოსის მთას მიაშურა, სადაც ბერები იმალებოდნენ. ეპისკოპოს თეოდისისაგან ნათელღებული ნიკონი ბერად აღიკვეცა. სამი წლის შემდეგ უფალმა გამოცხადებით აუწყა ეპისკოპოსს, რომ სათნოებით გამორჩეული ნიკონისათვის ეპისკოპოსად დაესხა ხელი, შემდეგ კი საძმო სიცილიაში გადასულიყო. თეოდოსიმ აღასრულა ღვთის ნება და გარდაიცვალა. ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ წმიდა ნიკონი 190 ძმასთან ერთად სიცილიაში წავიდა. ღვთის ნებით ნიკონი მშობლიურ ნეაპოლში აღმოჩნდა და სულთმობრძავ დედას მიუსწრო. დედამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები შვილის გვერდით გაატარა და ლოცვით აღესრულა.

ქალაქში წმიდა ნიკონის ჩამოსვლა ყველამ გაიგო. წმიდა მამასთან მივიდა მისი თანამებრძოლი ცხრა მხედარი. ეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ მეომრებმა ნათელიღეს და თან გაჰყვნენ მას სიცილიაში. წმიდა ნიკონი ძმებთან ერთად დასახლდა მდინარე ასინოსის ახლოს მდებარე უდაბნოში.

რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. სიცილიის მმართველს, კვინტიანს შეატყობინეს, რომ შორიახლოს ცხოვრობდა ეპისკოპოსი მრავალრიცხოვან საძმოსთან ერთად. 199 ბერი შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს, წმიდა ნიკონი კი საწამებლად განამზადეს. წმიდანი ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა, ველურ ცხენებს გამოაბეს, მაგრამ ისინი ადგილიდან არ დაიძრნენ. თავი მოჰკვეთეს და ბოლოს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი ნადირთა საჯიჯგნად დააგდეს.

იმ ადგილებში ბოროტი სულებისაგან შეპყრობილი მწყემსი დაეხეტებოდა. როცა წმიდა ნიკონის ნეშტს მიუახლოვდა, ეშმაკეულ მიწაზე დაეცა და ბოროტი სული გამოვიდა მისი სხეულიდან. განკურნებულმა მწყემსმა ამ სასწაულის შესახებ მოუთხრო იქაურ მცხოვრებლებს. მესინის ეპისკოპოსმა პატივით დაკრძალა მღვდელმოწამე ნიკონი და მისი მოწაფეები.

მოწამე ფილოტი

მოწამე ფილოტი და მეუღლე მისი ლიდია; მაკედონი, თეოპრედი, კრონიდე და ამფლიოქე (+117-138) წმიდა ფილოტი იყო უსჯულო იმპერატორის ადრიანეს (117-138) კარისკაცი. ქრისტეს საჯარო აღიარებისათვის წმიდა ფილოტი მეუღლესთან, ლიდიასთან და შვილებთან, მაკედონთან და თეოპრედთან ერთად სამჯავროზე წარსდგა. ადრიანეს ბრძანებით წმიდა ფილოტი ოჯახთან ერთად ილირიაში გაგზავნეს ამფილოქე მხედარმთავართან. ამფილოქეს ბრძანებით, მოწამენი ხეზე ჩამოკიდეს და დანებით დასერეს, წამების შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მათთან ერთად დაატყვევეს ციხის ახალმოქცეული უფროსი კრონიდე. ღამით მოწამეებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გაამხნევა. მეორე დღეს ისინი ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაყარეს, მაგრამ ღვთის განგებით მოწამენი უვნებლად გადარჩნენ. ამფილოქე ისე გააოგნა ამ სასწაულმა, რომ ირწმუნა ქრისტეს ძალა, თვითონაც გადაეშვა ადუღებულ ზეთში ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. ღმერთის უსაზღვრო წყალობამ მხედართმთავარიც დაიცვა მოწამეთა შემდგომ ტანჯვა-წამებას თვით იმპერატორი ადრიანეც ესწრებოდა. ღვთის განგებამ ყველა სატანჯველისაგან უვნებლად გამოიყვანა წმინდანები.

შერცხვენილი იმპერატორი რომში დაბრუნდა. ქრისტეს მარტვილებმა კი ღმერთს მადლობა შესწირეს და ლოცვაში აღესრულენ.

loading...

პოპულარული

"ქამრით მცემდა, მერე ჩემთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა... ჩემს 4 წლის შვილს ახრჩოდა" - ახალგაზრდა ქალის უმძიმესი ისტორია, რა პრეტენზია აქვს მოქალაქეს სამართალდამცავებთან
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ხმაურიანი საქმე - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი შესაძლოა გაათავისუფლონ
28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი