4 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

სულთმოფენობის მეორე შვიდეული

სულთმოფენობის მეორე შვიდეული ყოველთა წმიდათა კვირიაკედ იწოდება, შემდეგი ორშაბათიდან კი წმინდა მოციქულთა მარხვა იწყება. ეს მარხვა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია – პეტრეპავლობის მარხვა.

მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე ძველი სტილით 29 ივნისს (ახალი სტილით – 12 ივლისს) აღინიშნება. მეორე დღეს, ე.ი. ძველი სტილით 30 ივნისს, ეკლესია იხსენიებს წმინდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა კრებას: პეტრეს, ანდრიას, იაკობ ზებედის ძის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფეს ძეს, იუდა იაკობის ძეს (თადეოზს), სვიმონ მოშურნესა და მატათას.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, ძველი სტილით 30 ივნისს (ახ. სტ. – 13 ივლისს), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს.

ამ მრავალდღიან მარხვას ძველად „ერგასის შემდგომს“ უწოდებდნენ. ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

წმიდა მოციქულები პეტრე და პავლე თავიანთი მოციქულებრივი და მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს, როგორც „თავთა მოციქულთა“. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა გზით მოვიდნენ ქრისტესთან (კერძოდ, პეტრე თორმეტ მოწაფეთაგანია, ხოლო პავლე ქრისტიანთა ყოფილი მდევნელი სავლე, სასწაულებრივი მოქცევის შემდეგ გახდა უფლის უდიდესი მსახური), მათ შორის არის ერთგვარი სულიერი სიახლოვე, მსგავსება, რაც თუნდაც იმაში გამოიხატა, რომ ისინი ერთდრულად აღესრულნენ იმპერატორ ნერონის დროს, 67 წელს, როდესაც პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს.
სულთმოფენობის მეორე შვიდეული
სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები მარხვითა და ლოცვით ემზადებოდნენ სახარების საყოველთაო ქადაგებისთვის; დააარსეს ეკლესიები და ხელი დაასხეს ხუცებს. „საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს: „და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეჰვედრეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქმე 14, 23).

პეტრეპავლობის მარხვას „მოციქულთა განწესებაც“ იხსენიებს: „სულთმოფენობის შემდგომ იზეიმეთ ერთი შვიდეული და შემდგომ იმარხულეთ“.

პეტრეპავლობის მარხვის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული ათანასე დიდთან, ამბროსი მედიოლანელთან (IV ს.) და ლეონ დიდთან (V ს.). წმინდა ათანასე დიდი იმპერატორ კონსტანტინესადმი მიძღვნილ სიტყვაში, რომელშიც არიანელებს ამხელს, წერს: „წმინდა ორმოცდამეათე დღის შემდგომ, მარხვაში, ერი სალოცავად გავიდა სასაფლაოზე“; წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს: „ღმერთმა ისე განაგო, რომ მონაწილეობა მიგვეღო მის ვნებებში, ორმოცდღიან მარხვაში; ასევე ბედნიერგვყო თავისი აღდგომითა და სულთმოფენით… ხოლო ამ მხიარულ დღეთა შემდეგ ჩვენ ისევ ვმარხულობთ“; ლეონ დიდი კი წერს: „საეკლესიო მარხვები წელიწადის დროთა შესაბამისად ისეა განაწილებული, რომ წელიწადის ყოველ დროს შესაბამისი თავშეკავებული მოღვაწეობაც ახლავს“.

პეტრეპავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ იწყება. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. ასე რომ, პეტრეპავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა გასტანს, ხოლო ყველაზე მცირე – 7 დღე.

ანტიოქიის პატრიარქი თეოდორე ბალსამონი (XII ს.) მიუთითებს: „პეტრეპავლობის დღესასაწულამდე შვიდი და უფრო მეტი დღით ადრე ყოველი ქრისტიანი, ერისკაცნიცა და მონაზვნებიც, ვალდებულნი არიან, იმარხულონ, თორემ განყენებულნი იქნებიან კრებულიდან“.

ცნობილია, რომ ეს მარხვა სულთმოფენობის შემდგომ ესპანეთის 517 წლისა და ტრულის 582 წლის II საეკლესიო კრებაზე განაწესეს. წყაროებიდან ჩანს, რომ პეტრეპავლობის მარხვა თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირა გრძელდებოდა. მერე კი, როდესაც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მოციქულების პეტრესა და პავლეს ხსენება, მარხვის ხანგრძლივობაც გაიზარდა – დადგინდა, მათი ხსენების დღემდე, ე.ი. 12 ივლისამდე ემარხულათ. კანონები მოციქულთა მარხვის შესახებ დაცულია იოანე მმარხველთან (VI ს.), საბა იერუსალიმელისა და სტუდიელთა მონასტრის ტიპიკონებში. ამ მარხვას თავიანთ ეპისტოლეებში იხსენიებენ პატრიარქი ნიკიფორე და თეოდორე ბალსამონიც.

პეტრეპავლობის მარხვა დიდმარხვასა და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა.

საქართველოს ეკლესიაში მარხვის შენახვის წესს აკურთხებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი (როგორც წესი, ეს მარხვა თევზით ხსნილია, მაგრამ ამისთვის კურთხევას უმაღლესი საეკლესიო პირნი იძლევიან).

მორწმუნე, რომელსაც სურს, სულიერი თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო შეიმსუბუქოს მარხვა, კურთხევას იღებს მმართველი ეპისკოპოსისგან ან სულიერი მოძღვრისგან. ამით თავიდან ავიცილებთ ყოველგვარ გაუგებრობასა და გართულებებს, თვითნებურ მარხვას რომ მოსდევს ხოლმე თან.

წმიდა მოწამე ვლადიმერი

წმიდა მოწამე ვლადიმერ სერბეთის მთავარი (+1015) ბრძნულად მართავდა თავის სამფლობელოებს, ილირიასა და დალმაციას. კეთილმსახური მეფე დაქორწინებული იყო ბულგარეთის მეფის სამოელის ასულ კოსარაზე. ბულგარეთის მეფესთან მოლაპარაკების საბაბით დაბარებული ვლადიმერი ღალატით მოკლეს ტაძრის კარებთან 1015 წლის 22 მაისს. წმიდა მთავრის კეთილმორწმუნე მეუღლე დაეყუდა ქმრის მიერ აშენებულ ტაძარში და სიკვდილამდე იქ მოღვაწეობდა.

წმიდა მოწამე ვლადიმერ

წმიდა მოწამე ვასილისკო

წმიდა მოწამე ვასილისკო (+308) წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის (ხს. 17 თებერვალს) ძმისწული იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს (ხს. 3 მარტს), მოწამე ვასილისკო კი კომანში (დასავლეთ საქართველო) გადაასახლეს. საპყრობილეში მყოფ წმიდა ვასილისკოს უფალმა დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ მოწამეობრივად აღესრულებოდა კომანში წმიდანმა დილეგის დარაჯებს სთხოვა, მშობლიურ სოფელში გაეშვათ ოჯახთან გამოსამშვიდობებლად. დარაჯებმა, რომლებიც პატივს სცემდნენ წმიდანს მის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ღვთივსათნო ცხოვრებისათვის, შეუსრულეს მას თხოვნა.

როცა აგრიპამ ეს ამბავი გაიგო, განრისხდა და მკაცრად დასაჯა დარაჯები. წმიდანის მოსაყვანად მან ჯარისკაცების რაზმი გაგზავნა მაგისტროსის მეთაურობით. საპყრობილეში დაბრუნებულ ვასილისკოს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კომანში გაგზავნეს.
წმიდა მოწამე ვასილისკო
პაპანაქებისაგან შეწუხებული მგზავრები ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად, მშიერ-მწყურვალი წმიდა მოწამე კი მცხუნვარე მზის ქვეშ ხეზე მიაბეს. მძიმე ბორკილებით შეჭურვილი წმიდანი მხურვალედ ევედრებოდა უფალს. მოულოდნელად ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ“. მიწა იძრა, კლდე გაიპო და წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრით შეშინებული მაგისტროსი, ჯარისკაცები და ოჯახის დიასახლისი ტროიანა გარეთ გამოცვივდნენ და მომხდარი სასწაულით განცვიფრებულებმა წმიდა მოწამე გაათავისუფლეს. წმიდანთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ.

ბოლოს მოწამე მმართველ აგრიპას მიჰგვარეს. მან კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა წმიდა ვასილისკოს. მოწამემ უპასუხა: „მე ყოველ ჟამს ვწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს“. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ზეციდან ცეცხლი გარდამოხდა, სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი მტვრად აქცია. აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. წმიდა ვასილისკო აღესრულა 308 წელს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს. მალე აქ გაშენდა წმიდა ვასილისკოს სახელობის ტაძარი. კომანში გადმოსახლებულ წმიდა იოანე ოქროპირს (ხს. 13 ნოემბერს) სიკვდილის წინ გამოეცხადა წმიდა ვასილისკო და აუწყა: „ხვალ ჩემთან იქნები“. წმიდა მოწამე ვასილისკოს მოღვაწეობა ხალხს მისი წამების თვითმხილველმა, წმიდა ევსეღნიმ (ხს. 5 აგვისტოს) აცნობა.

II მსოფლიო საეკლესიო კრება

II მსოფლიო საეკლესიო კრება ჩატარდა 381 წელს კონსტანტინეპოლში იმპერატორ თეოდოსის დროს და დაასრულა მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლოების ჩამოყალიბება.

ერეტიკოსთა სამხილებლად და წმიდა მართმადიდებლური მოძღვრების დოგმატების ზუსტი ფორმულირებადი სახით დამტკიცების მიზნით წმიდა მეფემ თეოდოსი დიდმა (379-395) კონსტანტინეპოლში მოიწვია მსოფლიო კრება, რომელსაც ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები. კრებას ხელმძღვანელობდა მელეტი ანტიოქიელი, მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი – გრიგოლ ღვთისმეტყველი. კრებამ დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმიდა არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანისიცემების და იდიდების.
II მსოფლიო საეკლესიო კრება
სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, ე.ი. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს და უკუნისამდე იხელმძღვანელებს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია.

 

 

პოპულარული

"ოცნება" ურჩი დეპუტატების დასჯას იწყებს - ივანიშვილის შურისძიება კაკულიასა და მარიამ ჯაშზე, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით"- აშშ-ის საელჩოს სპეციალური განცხადება
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
"გავრილოვის სისხლიანი ღამე"- პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
"დაღუპული გმირის დედის და ჩემი დედამთილის თხოვნით არ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა"- მარიამ ჯაში
კაკულია, ჯაში და ოდიშარია - "ოცნების" დეპუტატები, რომლებმაც მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკური სასამართლოს შემდეგ, "ოცნების" 4 დეპუტატი უმრავლესობას ტოვებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე თაკო ჩარკვიანი ცუდად გახდა
დაწერე კომენტარი