4 თებერვლის მართლმადიდებლური დღესასწაული

 

cyc

ოთხ თებერვალს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოციქული ტიმოთესა და ღირსმოწამე ანასტასი სპარსის ხსენების დღეს.

წმიდა მოციქული ტიმოთე

წმიდა მოციქული ტიმოთე მცირე აზიის ქალაქ ლუსტრაში დაიბადა. ის ქრისტიანობაზე წმიდა მოციქულმა პავლემ (+67; ხს. 29 ივნისს) მოაქცია 52 წელს. ლიკაონიის ქალაქებში პავლეს და ბარნაბას პირველი მოგზაურობის დროს პავლემ დედის მუცლითგან მკელობელი განკურნა. ამ სასწაულმა მრავალი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის იყვნენ ჭაბუკი ტიმოთე, მისი დედა ევნიკა და ბებია ლოიდა (საქმე, 14,6-12 2ტიმ. 1,5). პავლეს მიერ ტიმოთეს სულში ჩათესილმა რწმენის მარცვლებმა უხვი ნაყოფი გამოიღო. ის მოციქულთა თავის ერთგული მოწაფე და შემდგომში განუყრელი თანამგზავრი გახდა. პავლე თავის ეპისტოლეებში საყვარელ შვილს უწოდებს მას და მადლიერებით იხსენიებს მის ერთგულებასა და თავდადებას: „ხოლო შენ შემოდგომილ ხარ ჩემსა მოძღურებასა, გულს-მოდგინებასა, სარწმუნოებასა, სულგრძელებასა, სიყვარულსა, მოთმინებასა, დევნულებათა, ვნებათა, რაოდენი შემემთხვა მე ანტიოქიასა შინა, იკონიას, ლუსტრას“ (2 ტიმ. 3,10-11). 65 წელს პავლე მოციქულმა ტიმოთეს ეფესოს ეპისკოპოსად დაასხა ხელი და იგი 15 წლის განმავლობაში კეთილად განაგებდა თავის სამწყსოს. რომის საპყრობილეში გამომწყვდეულმა პავლემ, რომელმაც იცოდა, რომ მალე უნდა წარმსდგარიყო უფლის წინაშე, ერთგული მოწაფე და მეგობარი თავისთან იხმო: „ისწრაფე ჩემდა მოსვლად ადრე“ (2 ტიმ. 4,9).

ერთხელ ეფესოში წარმართებმა დიდი ზეიმი გამართეს ცრუღმერთების პატივსაცემად. ისინი კერპებს ქუჩებში დაატარებდნენ უსჯულო რიტუალებისა და სიმღერების თანხლებით, რაც ამაზრზენ სანახაობას ქმნიდა. საღვთო შურით ანთებული ტიმოთე შეეცადა, შეეჩერებინა და დაემოძღვრა გონებადაბინდული, უღმერთო ბრბო. გაავებული კერპმსახურები კი მიაწყდნენ წმიდა მღვდელმთავარს, გვემეს, მიწაზე ათრიეს და ბოლოს, ქვებით ჩაქოლეს (+80). ტიმოთე მოციქულის უხრწნელი ნაწილები IV საუკუნეში პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

 

ღირსმოწამე ანასტასი სპარსი ქურუმის ვაჟი იყო. წარმართობაში მას მაგუნდატი ერქვა და სპარსეთის მეფის, ხოსროვ II-ის ლაშქარში მსახურობდა, ხოსროვმა 614 წელს დაამარცხა ბერძნები, წმიდა ქალაქი იერუსალიმი გაძარცვა და ურიცხვ დავლასთან ერთად უდიდესი სიწმიდე – უფლის ცხოველმყოფელი ჯვარიც წაიღო სპარსეთში. ჯვრის ძალით აღსრულებული უდიდესი სასწაულები თავზარს სცემდა სპარსელებს. ჭაბუკი მაგუნდატი აენთო სურვილით, დაწვრილებით შეეტყო ყველაფერი ამ უდიდესი სიწმინდის შესახებ და მალე გაიგო, რომ მასზე ადამიანთა ხსნისთვის განკაცებული მაცხოვარი ჯვარცმულა. ქალაქ ქალდეკონში, სადაც დროებით დაბანაკდა ხოსროვის ლაშქარი, ცნობისწადილით აღძრული მეომარი გაეცნო ქრისტიანულ სარწმუნოებას, ნათელ-იღო ანასტასის სახელით, შემდეგ კი მონაზვნობა შეიმოსა და შვიდი წელი გაატარა ღვთივსათნო მოღვაწეობით იერუსალიმის ერთ-ერთ მონასტერში.

წმიდა ანასტასი მოწამეთა ცხოვრებებს ეცნობოდა და გულში მათი მიბაძვის სურვილი უმწიფდებოდა. ერთხელ, დიდ შაბათს, ღამით მან იდუმალი სიზმარი იხილა: ნათელმოსილმა ჭაბუკმა ღვინით სავსე ფიალა გამოუწოდა სიტყვებით: „მიიღე და სვი!“ და როცა ფიალა გამოსცალა, ენით აუწერელი სიტკბოება იგრძნო. ეს ჩვენება ანასტასიმ თავისი მოწამეობრივი აღსასრულის წინასწარგანცხადებად მიიღო, ფარულად დატოვა მონასტერი და პალესტინის კესარიაში წავიდა. იქ იგი შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მმართველი ხან ტანჯვისა და მოკვდინების მუქარით, ხან კიდევ პატიებისა და მიწიერი სიკეთეების აღთქმით ცდილობდა ანასტასის გადადრეკას ქრისტიანული სარწმუნოებიდან, მაგრამ მისი ნება ვერაფერმა მოტეხა. მაშინ ნეტარი აღმსარებელი სასტიკად აწამეს: არგნებით გვემეს, წვივები გადაუმსხვრიეს, ხელებით დაკიდეს და ფეხებზე მძიმე ქვები გამოაბეს. ბოლოს, მმართველმა კვლავ თავისთან იხმო წმიდა ანასტასი და განთავისუფლების საზღაურად ამ სიტყვების თქმაღა მოსთხოვა: „მე ქრისტიანი არა ვარ“. წმიდა მოწამემ კი უპასუხა: „ღმერთმა მაშოროს! არც შენი და არც სხვების წინაშე მე არ უარვყოფ ქრისტეს, არც ცხადად და არც ფარულად, თვით ძილშიც კი; ვერავინ ვერასოდეს ვერ მაიძულებს ამას“. მაშინ მეფე ხოსროვის ბრძანებით, წმიდა ანასტასი დაახრჩვეს (+628). უსჯულო მეფის სიკვდილის შემდეგ ღირსმოწამის უხრწნელი ნაწილები პალესტინაში, წმიდა ანასტასის სავანეში გადაასვენეს.

რეკლამა

დაწერე კომენტარი