31 მარტის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

31 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილე იერუსალიმელის, ღირსი ანინე ხუცესის, წმიდა მოწამე ტროფიმეს და წმიდა მოწამე ევკარპის ხსენების დღეს.

 

წმიდა კირილე იერუსალიმელი

წმიდა კირილე იერუსალიმელი იერუსალიმში დაიბადა 315 წელს. მკაცრი ქრისტიანული ღვთისმოსაობით აღზრდილი კირილე მონაზვნად აღეკვეცა, ხოლო 346 წელს პრესვიტერად აკურთხეს. 350 წელს გარდაიცვალა არქიეპისკოპოსი მაქსიმე. იერუსალიმის პატრიარქის ხარისხში მყოფი კირილე მხნედ იბრძოდა არიოზისა და მაკედონიუსის ერესის წინააღმდეგ. ამით არიოზის მიმდევარი ეპისკოპოსების რისხვა დაიმსახურა. არიანელებმა მოახერხეს კირილეს ტახტიდან ჩამოგდება და იერუსალიმიდან გაძევება.

351 წლის სულთმოფენობის დღეს იერუსალიმში ღვთიური გამოცხადება მოხდა: ცაზე გამოჩნდა ბრწყინვალე ჯვარი, რომელიც გოლგოთიდან ელეონის მთამდე იყო განრთხმული. კირილემ ამ გამოცხადების შესახებ შეატყობინა არიანელ იმპერატორ კონსტანცის (351-363) და ეცადა მის მოქცევას მართლმადიდებლობაზე.

 

სარდეს კრების მიერ გადაყენებულმა ერეტიკოსმა, კესარიის ყოფილმა მიტროპოლიტმა აკაკიმ გადაწყვიტა, იმპერატორის შემწეობით განედევნა წმიდა კირილე. როცა იერუსალიმში შიმშილობა დაიწყო, კირილემ მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, შემდეგ კი საეკლესიო ნივთების გაყიდვა დაიწყო მოშიმშილეთა დასახმარებლად წმიდა კირილეს მტრებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს ქალაქში ნახეს მღვდელმთავრის შესამოსელში გახვეული მოცეკვავე ქალი. ამ ცილისწამების გამო ერეტიკოსებმა წმიდა კირილე იერუსალიმიდან განდევნეს.

მღვდელმთავარმა ტარსუსში ეპისკოპოს სილოვანს შეაფარა თავი. ამის შემდეგ სელევკიაში შეიკრიბა ადგილობრივი კრება, რომელსაც 150 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყო წმიდა კირილეც. მართალია, მიტროპოლიტ აკაკის არ უნდოდა მისი დაშვება, მაგრამ კრება არ დაეთანხმა. მაშინ აკაკიმ თვითონ დატოვა კრება და კირილე იმპერატორისა და არიანელ პატრიარქ ევდოქსის წინაშე დააბეზღა. იმპერატორმა მღვდელმთავრი გაასახლა.

იმპერატორმა იულიანე განდგომილმა (361-363), ვითომ ღვთისმოსაობის გამო, შეცვალა კონსტანცის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. წმიდა კირილე თავის სამწყსოს დაუბრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ, როცა იულიანე ტახტზე განმტკიცდა, აშკარად უარყო ქრისტე. მან ებრაელებს ნება დართო, აღედგინათ რომაელთაგან დარბეული იერუსალიმის ტაძარი და ამისათვის სახელმწიფო ხაზინიდან თანხაც გაიღო. წმიდა კირილე ქადაგებდა, რომ მაცხოვრის სიტყვა ტაძრის დარღვევის შესახებ (ლკ. 21,6) ახდება და იულიანეს მკრეხელური ჩანაფიქრი არ განხორციელდება. ერთხელ ღამით ისეთი მიწისძვრა მოხდა, რომ სოლომონის ტაძრის დარჩენილი ნაშთებიც კი დაინგრა, ახლად აგებული მტვრად და ნაცრად იქცა. როცა იუდეველებმა მაინც გააგრძელეს მშენებლობა, ციდან ცეცხლი გარდამოხდა და სამუშაო იარაღები შემუსრა. საზარელმა შიშმა მოიცვა ყველა. მეორე ღამეს იუდეველთა ტანსაცმელზე გამოისახა ჯვრები, რომლებიც ვერაფრით მოაშორეს.

ამ ღვთიური გამოცხადების შემდეგ წმინდა კირილე კვლავ განდევნეს. იერუსალიმის კათედრა დაიკავა წმიდა კირიაკმა, რომელიც მალე მოწამეობრივად აღესრულა (+363, ხს. 28 ოქტომბერს).

იმპერატორ იულიანეს დაღუპვის შემდეგ წმიდა კირილე კვლავ დაუბრუნდა კათედრას, მაგრამ იმპერატორ ვალენტის (364-378) მეფობის დროს მესამედ იქნა გადასახლებული. მხოლოდ კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) დროს დაუბრუნდა წმიდა კირილე სამღვდელმთავრო მოღვაწეობას. 381 წელს წმიდა კირილე მონაწილეობა მიიღო II მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში, რომელმაც დაგმო მაკედონიუსის ერესი და ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო დაამტკიცა.

წმიდა კირილეს თხზულებებიდან განსაკუთრებით ცნობილია 23 სწავლება და ორი საუბარი სახარებისეულ თემებზე: „განღრვეულისათვის“ და „წყლის ღვინოდ გადაქცევისათვის კანას გალილეაში“.

წმიდა კირილე გარდაიცვალა 386 წელს.

ღირსი ანინე ხუცესი

ღირსი ანინე ხუცესი დაიბადა ქალკედონში, ქრისტიანულ ოჯახში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ 15 წლის ანინემ დატოვა ოჯახი, მონასტერში დასახლდა და ბერად აღიკვეცა. სრული განმარტოებისათვის ის უდაბნოში წავიდა, იქ, სადაც ევფრატი სირიას ჰყოფს სპარსეთისაგან. უდაბნოში ანინე შეხვდა ბერ მაიუმს. ორივე მოღვაწე ძალზე მკაცრ ცხოვრებას ეწეოდა. მთელი დიდმარხვის განმავლობაში არაფერს ჭამდნენ.

წმიდა ანინეს ყოველდღე შორიდან მოჰქონდა სასმელი წყალი. ერთხელ ის დროზე ადრე დაბრუნდა სავსე ჭურჭლით, რადგან ანგელოზმა სასწაულებრივ გაუვსო დოქები. ბერი მაიუმი მიხვდა, რომ მისმა მოწაფემ სულიერ სრულყოფილებას მიაღწია და სთხოვა, მისი მოძღვარი გამხდარიყო. ანინემ სიმდაბლის გამო უარი განაცხადა. ამის შემდეგ ბერი მაიუმი მონასტერში დაბრუნდა, ანინე კი უდაბნოში დარჩა.

მოუკლებელი ლოცვისა და მუდმივი შრომისათვის ანინე უფლისაგან კურნებისა და წინასწარხედვის ნიჭით დაჯილდოვდა. მას ემსახურებოდა და ყველგან თან დაჰყვებოდა ორი ლომი. ანინეს სასწაულების ამბავი გახმიანდა. მასთან მოდიოდნენ ავადმყოფები და ბოროტი სულით შეპყრობილები. რამდენიმე ქრისტიანი უდაბნოში დარჩა და დაემოწაფა წმიდანს. ერთხელ ანინესთან წყურვილით გათანგული ადამიანები მოვიდნენ და წყალი სთხოვეს. ღვთის ნებას მინდობილმა ანინემ ერთ-ერთი მოწაფე დამშრალი ჭისკენ გაგზავნა. სასწაულებრივად ჭა პირამდე გაივსო და რამდენიმე დღე ეყო ანინესა და მის მოწაფეებს. როცა ჭა დაცარიელდა, ანინემ ვერ გაბედა, კვლავ ეთხოვა უფლისთვის სასწაულის ქმნა, და ღამ-ღამობით ევფრატიდან დაიწყო წყლის ზიდვა. ნეოკესარიის ეპისკოპოსი პატრიკი ხშირად ნახულობდა ღირს მამას და პრესვიტერადაც დაასხა ხელი. როცა გაიგო ანინეს ღვაწლის შესახებ, ორჯერ აჩუქა მას ვირები წყლის მოსატანად, მაგრამ ღირსმა მამამ ისინი ღარიბებს დაურიგა. მაშინ ეპისკოპოსმა ბრძანა, გაეთხარათ დიდი ჭა და დროდადრო შეევსოთ წყლით.

წმიდა ანინემ ღვთიური გამოცხადებით გაიგო, რომ შორს მოღვაწე ვინმე მესვეტე ბერს უნდოდა სვეტიდან ჩამოსვლა და სასამართლოზე დასმენა ავაზაკისა, რომელმაც ის ქვით დაასახიჩრა. ღირსმა მამამ წერილი მისწერა მესვეტეს და ურჩია, გადაეფიქრებინა განზრახვა.

ერთხელ კეთილმსახური ქალი დაავადდა და ღირს ანინესთან წავიდა დახმარების სათხოვნელად. გზაში ავაზაკი შემოხვდა და რაკი ფული ვერ უპოვა, გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე. ქალმა მეოხად წმიდა ანინეს უხმო. „წმიდაო ანინე, შემეწიე მე!“ ავაზაკს შიშის ზარი დაეცა და უკუდგა. ქალმა ღირს მამას მოუთხრო ყოველივე და კურნებაც მიიღო. მონანული ავაზაკიც მივიდა წმიდა ანინესთან, მოინათლა და ბერად აღიკვეცა.

110 წლის წმიდა ანინემ თავისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა და მემკვიდრე იღუმენიც აირჩია.

სიკვდილის წინ წმიდანი ხილვაში გამოცხადებულ მოსეს და აარონს ესაუბრებოდა, შემდეგ კი მიისვენა სიტყვებით: „უფალო, მიიღე სული ჩემი“.

წმიდა მოწამენი, ტროფიმე და ევკარპი

წმიდა მოწამენი, ტროფიმე და ევკარპი ნიკომიდიაში მსახურობდნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს და აღასრულებენ იმპერატორის განკარგულებებს. ერთხელ, როცა ისინი ქრისტიანებს ეძებდნენ, იხილეს ზეცით გარდამოსული ცეცხლოვანი ღრუბელი, საიდანაც გაისმა ხმა: „რაისთვის დევნით ჩემთა მონათა? ნუ იყოფინ! უმჯობეს არს თქვენდა, თანამზრახველ ექმნათ მათ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი ცათა“. მეომრები ძრწოლით დაეცნენ და წამოიძახეს: „ჭეშმარიტად დიდ არს უფალი, რომელიც გამოგვიჩნდა ჩვენ, ნეტარ ვიქმნებით, უკეთუ შევუდგეთ მას“. ზეცით კვლავ გაისმა: „აღდეგინ, შეინანეთ და მოგეტევოთ ცოდვანი თქვენნი“. მეომრებმა თავი ასწიეს და ცეცხლოვან ღრუბელში ბრწყინვალე არსება იხილეს. ზარდაცემულებმა კვლავ შეჰღაღადეს უფალს: „მიიღე სულნი ჩვენი, რამეთუ ბოროტ და გამოუთქმელ არიან ცოდვანი ჩვენი. არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ შენსა, ჭეშმარიტისა და ერთადერთისა ღვთისა“. როგორც კი ეს წარმოთქვეს, ღრუბელი ზეცად ამაღლდა. ამ სასწაულის შემდეგ სულიერად გარდაქმნილმა ტროფიმემ და ევკარპიმ საპყრობილიდან გაანთავისუფლეს ყველა ქრისტიანი. მეომრები შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. მოწამენი ადიდებდნენ უფალს და ევედრებოდნენ, მიეტევებინა მათთვის საშინელი ცოდვები. წამების შემდეგ წმიდანები მშვიდად ავიდნენ კოცონზე და უფალს მიაბარეს სული.

 

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი