30 მაისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია (I) წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: „კითხვაჲ არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავლებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნეს ქრისტეს მიერ“ (რომ. 16,7). წმიდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მათ ქადაგებით მოიარეს სხვა ქვეყნებიც. წმიდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ ისინი მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის.

მე-5 საუკუნეში იმპერატორთა არკადიუსისა და ჰონორიუსის დროს მოხდა მათი წმიდა ნაწილთა აღმოყვანება. შემდგომ ამ ადგილას აშენდა დიდი ტაძარი.

წმიდა მოწამე სოლოხონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (284-305). წმიდა სოლოხონი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, იგი ქრისტესთვის ივნო იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305) დროს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ პამფამირე და პამფალონი. ისინი იმპერატორის არმიაში მსახურობდნენ ტრიბუნ კამპანის პოლკში. ქრისტიანთა დევნის დროს კამპანის პოლკი ქალაქ ქალკედონიაში გაგზავნეს და ყველა მხედარს მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება მოსთხოვეს. სამმა მხედარმა – სოლოხონმა, პამფამირემ და პამფალონმა – უარი განაცხადეს წარმართული კერპების თაყვანისცემაზე და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. კამპანის ბრძანებით ისინი სასტიკად აწამეს. წმიდა პამფამირე და პამფალონი წამებისას გარდაიცვალნენ. განრისხებულმა ტრიბუნმა ბრძანა, ხმლით გაეღოთ პირი ცოცხლად გადარჩენილი წმიდა სოლოხონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმიდანმა კი ისე მოუჭირა კბილები, რომ ხმალი მოიღუნა. მან ბორკილები დაამსხვრია და კვლავ ადიდა უფალი. ხანგრძლივი წამების შემდეგ სოლოხონი ცალი ხელით დაკიდეს, ფეხზე კი მძიმე ქვა ჩამოკიდეს. 3 საათი ეკიდა წმიდანი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი თოკი გადაჭრეს. წმიდა სოლოხონი საღსალამათი წამოდგა ფეხზე. მრისხანებისგან გონდაკარგულმა კამპანმა კვერთხი ჩაარტყა წმიდა მოწამეს თავში. წმიდა სოლოხონი უგონოდ დაეცა, კამპანი და მხედრები კი სასახლეში წავიდნენ. ქრისტიანებმა მოწამე ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში წაიყვანეს, სადაც სული მოითქვა, ქრისტიანებს ესაუბრა სარწმუნოებაზე და გაამხნევა ისინი. შემდეგ წმიდა სოლოხონმა ილოცა და სული განუტევა.

წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893) იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი მაკედონელისა და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა, მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის დროს. 886 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინეპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმიდა სტეფანე. მღვდელმთავარი ფხიზლად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. მიიცვალა მშვიდობით 893 წელს. დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი