29 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა ტიხონი

წმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი.

ტიხონის მამას პურის საცხობი ჰქონდა და შვილს პურის გასაყიდად აგზავნიდა ხოლმე, ის კი გლახაკებს უფასოდ აპურებდა. როცა ეს შეიტყო, მამა განრისხდა, ყრმამ კი მიუგო: „ნუთუ არ ამოგიკითხავს წმიდა წიგნებში, რომ ვინც ღმერთს ავასხებს, ასწილად მიიღებს საზღაურს? მე პურს ღმერთს ვაძლევ სესხად“. შემდეგ შესთავაზა, ბეღელში წასულიყვნენ და გაოცებულმა მამამ დაინახა, რომ ცარიელი სათავსო ხორბლით პირთამდე ავსებულიყო.
წმიდა ტიხონი
ერთმა მებაღემ ვენახიდან ვაზის გამხმარი ყლორტები გადმოყარა. წმიდა ტიხონმა შეაგროვა ისინი, თავის ბაღში დარგა და უფალს შესთხოვა, ტოტები ეხარებინა და მათი ნაყოფისთვის კურნების უნარი მიენიჭებინა. ღმერთმა შეისმინა ჭაბუკის ვედრება: ვაზის ლერწები განედლდა, გაიზარდა და განსაკუთრებული გემოს მქონე, საოცრად ტკბილი მტევნები გამოისხა. მათგან წმიდანის სიცოცხლეში და მისი სიკვდილის შემდეგაც საბარძიმე ღვინოს წურავდნენ.

კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნადაც დაასხა ხელი. მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია კვიპრელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ (+403; ხს. 12 მაისს) აღასრულა.

წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.

ამათუნტის საკვირველთმოქმედი ეპისკოპოსის სული 425 წელს მშვიდობით შეივედრა უფალმა.

მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი

მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის (ხს. 13 ნოემბერს და 14 სექტემბერს) თანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი – სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი – კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს. 404 წელს, როცა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, ტიგროოს ხუცესი და ევტროპი წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმიდა მღვდელმთავრის მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვაში დასდეს ბრალი. ნეტარი ტიგროსი აწამეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც პყრობილებაში აღმოხდა სული. წმიდა ევტროპიც წამების შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც.
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცესი
მისი სხეული, რომელიც უღმერთოებმა ძაღლებს მიუგდეს დასაგლეჯად, ქრისტიანებმა ღამით მალულად წაასვენეს და პატივით მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დროს ცხადად ისმოდა ანგელოსთა გალობა.

წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი

წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი (1612). ცნობა წმიდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ გვხვდება XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“.
წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი
ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმიდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. სხვათა შორის, ის აღნიშნავს: „.და კვალად იერუსალიმით მივედით მონასტრად ქართველთასა ჯვარს და განვიცადეთ, კედელთა ზედა წმიდანი მამანი და მოწამენი საქართველოსანი ეხატნეს შარავანდითა და გვირგვინითა. ესენი.“ ჩამოთვლილია წმიდანთა სახელები და, მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).

დაწერე კომენტარი