28 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე

წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე ცხოვრობდა XIV საუკუნეში. ეს ის დრო იყო, როცა თურქებმა დაიპყრეს მეზობელი ქვეყნები და სერბეთის ხელში ჩასაგდებად ემზადებოდნენ.
წმიდა კეთილმსახური სერბეთის მთავარი ლაზარე
წმიდა მეფის, დუშანის კარზე აღზრდილი ლაზარე ჯერ სერბეთის ერთ-ერთი ოლქის მმართველად დანიშნეს, შემდეგ კი, 1372 წელს, მეფედ აკურთხეს. წმიდანი დაუცხრომლად იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს, შეეწეოდა მონასტრებსა და საქველმოქმედო დაწესებულებებს. 1380 წელს კეთილმსახურმა მთავარმა როვანცის სავანე ააშენა. მისი შუამდგომლობით კონსტანტინეპოლის ეკლესიის წინამძღვარმა თანხმობა განაცხადა სერბეთის მთავარეპისკოპოსის პატრიარქად ცნობაზე. ლაზარეს მმართველობის 10 წლის მანძილზე მთელს ქვეყანაში სიმშვიდე სუფევდა. შემდეგ დაიწყო ომი თურქებთან და 1389 წლის 15 ივნისს, სულთან ბაიაზეთის ბრძანებით, წმიდა ლაზარეს თავი მოჰკვეთეს. 1391 წელს ლაზარეს უხრწნელი ნაწილები როვანიცას მონასტერში დაასვენეს, თურქების მიერ ამ სავანის დანგრევის შემდეგ კი, 1683 წელს, ისინი ფრუგის მთაზე, ნოვაია როვანიცას მონასტერში გადააბრძანეს.

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი

წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი, თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგან მესამე, ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში ცხოვრობდა. ამ დროს ებრაელთა სახელმწიფო ორ სამეფოდ იყო დაყოფილი: იუდეად და ისრაელად. იერუსალიმში მეფობდა იუდეველთა მეფე ოზია, მათგან გამოყოფილ, ჭეშმარიტი ღვთისგან განმდგარ ისრაელთა ათ ტომს კი კერპთაყვანისმცემელი იერობოამ II განაგებდა. მან ბეთილში ოქროს ხბოს კერპი აღმართა და უსჯულოებაში ჩავარდნილ მთელ თავის სამეფოსთან ერთად მას ეთაყვანებოდა.
წმიდა წინასწარმეტყველი ამოსი
წინასწარმეტყველი ამოსი იუდეველი იყო, სოფელ თეკუიდან. ლიტონსა და უსწავლელ, მაგრამ მხურვალე რწმენითა და საღვთო მოშურნეობით გაძლიერებულ მწყემსს უფალმა საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის მოუწოდა და ისრაელში გაგზავნა სჯულის მაგინებელი იერობოამისა და მის გზა შეცდომილ მკვიდრთა სამხილებლად. ამოსი წინასწარ უცხადებდა მათ იმ უბედურებებს, რომელიც ისრაელის სამეფოსა და მის გარშემო მცხოვრებ წარმართ ხალხს უნდა დასტყდომოდა თავს უღმრთოებისთვის. ამის გამო მრავალჯერ უხდებოდა გვემისა და დევნის დათმენა, მაგრამ იგი კვლავ უბრუნდებოდა ბეთილს, ისრაელელებს მოწევნილ რისხვას მოაგონებდა და სინანულისკენ მოუწოდებდა. წინასწარმეტყველი განსაკუთრებით სძულდა საკერპოს ქურუმს, ამასიას. ამოსმა კერპთმსახურსა და მთელ მის სახლეულს აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა. ამასიას ვაჟმა, ოზიამ წმიდანს ხელკეტი ჩასცხო თავში და სასიკვდილოდ დაჭრა. სულთმობრძავმა წინასწარმეტყველმა გაჭირვებით მიაღწია მშობლიურ სოფელს და იქ გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე დაახლოებით 783 წელს.

წმიდა მოწამე დულა კილიკიელი

წმიდა მოწამე დულა კილიკიელი ქალაქ პრეტორიადაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანი იყო. იმპერატორ მაქსიმიანეს (305-313) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და კილიკიის ოლქის მმართველ მაქსიმესთან წარადგინეს სამსჯავროზე. სასამართლოს დაწყებამდე წმიდანმა მხურვალედ შესთხოვა უფალს, კერპთაყვანისმცემლობის მხილების ძალა მიენიჭებინა მისთვის.
წმიდა მოწამე დულა კილიკიელი
დაკითხვებში ნეტარი მარტვილი ახოვნად აღიარებდა ქრისტეს და გაბედულად განაქიქებდა წარმართთა ცრუ სჯულს. მმართველი გულმოდგინედ ცდილობდა, უარეყო ქრისტიანული სარწმუნოება, მაგრამ ვერ პოულობდა ძალას დულას მადლმოსილი სიტყვების წინააღმდგომად. ამით გააფთრებულმა უსჯულომ დაუნდობლად აწამა წმიდანი, ბოლოს კი საპყრობილეში გამოამწყვდია. ყოველ ახალ დაკითხვაზე მარტვილი სულითა და ხორცით გამხნევებული და განცხოველებული ცხადდებოდა. მსაჯულის წინაშე უკანასკნელად წარმდგარს ქვედა ყბა მოგლიჯეს, წვივები გადაუმტვრიეს, მმართველის ეტლს გამოაბეს და ქუჩებში ათრიეს. ასე აღმოხდა სული უფლის სათნომყოფელს.

დულას დაფლეთილი სხეული მდინარეში გადააგდეს. ტალღებმა იგი წმიდანის მშობლიური ქალაქის ნაპირებთან გამორიყა. წმიდანის ნეშტი პატივით მიაბარეს მიწას.

წმიდა ეფრემი

წმიდა ეფრემი, სერბელი პატრიარქი. წმიდა ეფრემმა თავისი ბერული მოღვაწეობა ათონის მთაზე დაიწყო, შემდეგ კი სერბეთის იბროვოს მონასტრის იღუმენად აირჩიეს. 1376 წელს კი წმიდა ეფრემი სერბეთის გარდაცვლილი პატრიარქის, საბა III-ის მემკვიდრედ იქნა დადგენილი. ახალარჩეულ პატრიარქს უმძიმდა მწყემსმთავრული პატივი, მისი გული ისევ ჩუმი მოღვაწეობისაკენ მიილტვოდა. მან თავისი ნებით დატოვა საპატრიარქო კათედრა და სამოღვაწეოდ დუშანოვოს მონასტერში გადავიდა. 10 წლის შემდეგ წმიდა ეფრემი კვლავ სათავეში ჩაუდგა სერბეთის ეკლესიას და 1400 წლამდე, სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა მას. წმიდა ეფრემი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა ეფრემი

 

წმიდა მოციქულ სტეფანეს პავლე მოციქული ახსენებს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეში (1 კორ. 16,15-18). იგი წერს: „ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, რამეთუ იცით სახლი იგი სტეფანაჲსი, ვითარმედ არს პირველი აქაიაჲსაჲ და მსახურად წმიდათა დააწესნეს თავნი თჳსნი, რაჲთა თქუენცა დაემორჩილნეთ ეგევითართა მათ და ყოველსავე თანა-შემწესა და მშრომელსა, ხოლო მიხარის მოსლვასა მას ზედა სტეფანაჲსსა და ფორტუნატესსა და აქაიკესსა, რამეთუ თქუენი იგი დაკლებული ამათ აღავსეს, რამეთუ განუსუენეს ჩემსაცა სულსა და თქუენსაცა. იცნითმცა უკუე ეგევითარნი იგი“.

დაწერე კომენტარი