28 თებერვლის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოციქული ონისიმე (სამოცდაათთაგანი), ფრიგიის ოლქის ქალაქ კოლასეში მცხოვრები მდიდარი ქრისტიანის, ფილიმონის მონა იყო. ერთხელ მან რაღაც შესცოდა ბატონის წინაშე, შემდეგ კი სასჯელს გაექცა და რომს მიაშურა. აქ გაქცეული მონა დაატუსაღეს და საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილეში ონისიმეს დახვდა შებორკილი პავლე მოციქული, რომელმაც სახარების სიტყვა დამოძღვრა, შემდეგ კი ნათელ-სცა მას. ახალნათელღებული შვილივით ემსახურებოდა პყრობილ წმიდანს. პავლემ, რომელიც პირადად იცნობდა ფილიმონს, ონისიმეს წერილი გაატანა მასთან და სიყვარულით სთხოვა, შეეწყალებინა შეცოდებული მონა და ძმასავით მიეღო იგი. ფილიმონმა (ხს. 4 იანვარს, 19 თებერვალს და 22 ნოემბერს) ამ წერილის პასუხად არა მარტო შეუნდო მომავალ წმიდანს, არამედ გაანთავისუფლა კიდეც იგი და უკანვე, რომში გაგზავნა მოციქულთა თავთან. აქ ონისიმე ეპისკოპოსად იქნა ხელდასმული. პეტრე და პავლე მოციქულების სიკვდილის შემდეგ მან სახარების ქადაგებით მოიარა ესპანეთი და აზია. ღრმა მოხუცებულობაში წმიდანი ტიმოთეს შეენაცვლა ეფესოს სამღვდელმთავრო კათედრაზე. როცა ეგნატე ღმერთშემოსილი რომში სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, გზაზე მას ნეტარი ონისიმე გამოეგება რამდენიმე ქრისტიანთან ერთად, რასაც თავად ეგნატე ახსენებს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში.

იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ონისიმე შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ქრისტეს მხნე აღსარებისათვის იგი ჯერ საპყრობილეში გამოამწყვდიეს, შემდეგ კი ქვებით თავი მოჰკვეთეს. ერთმა დიდგვაროვანმა და კეთილმსახურმა ქალმა მოწამეობრივად აღსრულებული მოციქულის წმიდა ცხედარი ვერცხლის ლუსკუმაში ჩაასვენა. ეს მოხდა დაახლოებით 109 წელს.

ღირსი ევსები მეუდაბნოე სირიის ქალაქ ასიქაში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. ის მეტად ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. როცა ღირს ევსების მნახველები მოუმრავლდა, მან ახლოს მდებარე მონასტერს მიაშურა, მის ზღუდესთან მცირე თავშესაფარი მოაწყო და აღსასრულამდე შიგ იყო დაყუდებილი.

ღირსი პაფნუტი და ასული მისი ევფროსინე ალექსანდრიელები იყვნენ. ევფროსინია 18 წლის იყო, როცა დატოვა მშობლიური სახლი და მამათა სავანეში დაემკვიდრა საჭურის იზმარაგდის სახელით. იღუმენმა მამაკაცის სამოსლის ქვეშ ქალწული ვერ იცნო და მას განკრძალული კელია გამოუყო, სადაც წმიდა მოსაგრე ახოვნად ებრძოდა ბოროტ სულებს, კეთილგონიერებით და თავშეკავებით იგერიებდა მათ საცდურებს, თრგუნავდა ვნებებს და სათნოებებში წარემატებოდა. ნეტარი ქალწულის მამა, პაფნუტი ხშირად მოდიოდა ხოლმე იმ სავანის წინამძღვართან, სადაც ევფროსინია მოღვაწეობდა და ასულის დაკარგვით დამწუხრებული მასთან პოულობდა შვებას. იღუმენს არაერთხელ უნახავს პაფნუტი დაუცხრომელი ღამისთევებითა და შრომით გამორჩეულ „ბერ“ იზმარაგდთან მოსაუბრე. მამა სახეშეცვლილ, შუბლზე ბარტყულაჩამოფხატულ მოწესეში ვერ ცნობდა საკუთარ შვილს. ევფროსინიამ 38 წელი დაჰყო სავანეში და სულიერ სრულყოფილებამდე ამაღლებულმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. სიკვდილის წინ მან მამას გაუმჟღავნა თავისი საიდუმლო. ამის შემდეგ პაფნუტიმ მთელი ქონება მოწყალებად გასცა, თავისი ასულის კელიაში დაემკვიდრა და აქ 20 (ზოგის ცნობით 28) წელი მოსაგრეობდა.

დაწერე კომენტარი