27 იანვრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მთავარეპისკოპოსი საბა ერობაში – როსტისლავი (რასტკო), სერბეთის თვითმპყრობელის, სტეფანე ნემანის და ბერძენი იმპერატორის ასულის, ანას მესამე ვაჟი იყო. მშობლები ხედავდნენ შვილის საოცარ ნიჭიერებას და ფიქრობდნენ, თხუთმეტი წლის ასაკში ჰერცოგოვის მმართველად დაედგინათ იგი, მაგრამ ღმერთი სხვა სარბიელისთვის ამზადებდა თავის რჩეულს: როსტოსლავს ბავშვობიდანვე ძლიერ იზიდავდა მარხვა, ლოცვა, ღვთისმსახურება და თავს არიდებდა უქმსიტყვაობას, სიცილსა და გართობას.

ერთხელ სასახლეში მდიდრული ქეიფი იყო გაჩაღებული, სადაც მეფის ძე თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მას მხიარული ახალგაზრდობის გარემოცვაში ხშირად შემოაწვებოდა ხოლმე გულზე სევდა, მისი სული რაღაც სხვას თხოულობდა, სხვაგან ისწრაფოდა. ამ დროს ყმაწვილმა გაიგო, რომ მათთან სტუმრად რუსი ბერი მოსულიყო, უჩუმრად განერიდა მოქეიფეებს, თავის ოთახში გაიყვანა სტუმარი და დიდხანს ხარბად უსმენდა მის მონათხრობს ბერ-მონაზონთა ცხოვრებაზე. ამ დღეს, აქ მან ჰპოვა, რასაც ეძებდა, სიხარულმა მოიცვა მთელი მისი არსება და გადაწყვიტა, მთლიანად უფლისთვის მიეძღვნა თავი. მან მამას დაუბარა, სანადიროდ მივდივარო დიდი ხნით, შემდეგ მსახურები სხვადასხვა მხარეს დაგზავნა, თვითონ კი ათონზე გაემგზავრა, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში. ამ დროს მომავალი წმიდანი 19 წლისა იყო. როცა მამამ შვილის ადგილსამყოფელი გაიგო, სასწრაფოდ შეჰყარა ლაშქარი ერთგული მხედარმთავრის სარდლობით და იმ ოლქის გამგებელს, რომელშიც ათონი შედიოდა, შეუთვალა, ან შვილი დამიბრუნეთ, ან საომრად გაემზადეთო. მონასტერში ჩასულმა სარდალმა მეომრებს უბრძანა, ფხიზლად ედევნებინათ თვალყური როსტისლავისთვის, მაგრამ მათ ბევრი ღვინო დალიეს, დათვრნენ და ჩაეძინათ. მეფისწულმა ისარგებლა შემთხვევით, ფარულად დადო მონაზვნობის აღთქმა და ბერადაც აღიკვეცა საბას სახელით (1186წ). ახალნაკურთხმა ბერმა მშობლებს თავისი საერო ტანსაცმელი, მოკვეცილი თმები და წერილი გაუგზავნა. მეფე სტეფანემ ათონზე დიდძალი ოქრო გაგზავნა სავანეთა შესამკობლად და გლახაკთათვის, მაგრამ მის ღვთისმოყვარე ძეს მეტი სურდა: იგი ნატრობდა, მამაც თავის გვერდით ეხილა, სულის საცხოვნებლად მოღვაწე ბერებს შორის. უფალმა ყურად-იღო თავისი რჩეულის ვედრება და მალე საბას კეთილმსახური მშობლებიც მონაზვნად შედგნენ: მამას სიმეონი დაერქვა, დედას კი – ანასტასია. თავიდან მამა-შვილი ვათოპედის სავანეში მოღვაწეობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, მათ განაახლეს და თავის სამშობლოს დაუმტკიცეს ხილენდარის მონასტერი. წმიდა სვიმეონი მალე მიიცვალა. ერთხელ იგი შვილს ძილში გამოეცხადა და უწინასწარმეტყველა, რომ მღვდელმთავრის ხარისხში მყოფი გაანათლებდა თავის ქვეყანას. ამ წინასწართქმის აღსრულებამდე საბა განაგრძობდა ჩვეულ მოღვაწეობას: ნუგეშს სცემდა განდეგილ ბერებს, ზრუნავდა გლახაკებზე; მან შესძლო ტყვედ წასხმული კარაკალის მონასტრის იღუმენისა და ძმებისთვის სავანე დაებრუნებინა. წმიდა საბას გულმოწყალებასა და სიუხვეს გრძნობდნენ ქსეროპოტამისა და ფილოთეოსის ბერებიც.

ხილენდარის სავანეში საბა ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი – მღდვლად. თესალონიკში წმიდანს არქიმანდრიტად დაასხეს ხელი, 1219 წელს კი, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, პატრიარქმა გერმანემ სერბეთის პირველ მთავარეპისკოპოსად აკურთხა ნეტარი მამა. საბას ძალისხმევით საბერძნეთის იმპერატორმა სერბეთის ეკლესიას მთავარეპისკოპოსის არჩევის უფლება მიანიჭა, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მაშინდელი გაცხარებული ომების დროს. ნიკეიდან ათონზე ჩასულმა მამამ უკანასკნელად მოიარა წმიდა მთის სავანეები, მოილოცა ყველა ტაძარი და გამოემშვიდობა ნეტარ მეუდაბნოე მამებსაც. მას ძალიან უჭირდა აქაურობის დატოვება, ისე იყო გულდამძიმებული, რომ ძლივს მოადგამდა ფეხს. სასოწარკვეთილ მამას ძილში ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „რად მწუხარებ, როცა მე გეგულვები მეოხად წინაშე უფლისა ყოველთასა, მეუფისა და ძისა ჩემისა?!” მადლიერმა წმიდანმა ამ ხილვის მოსაგონებლად თესალონიკში მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ორი დიდი ხატი შეუკვეთა.

სერბეთში წმიდა მამის მოღვაწეობას მრავალი ნიში და სასწაული ახლდა თან. ღამისთევის ლოცვებისა და ლიტურღიის დროს, საბა თავისი მამის უხრწნელ ცხედარს უკმევდა. მისი ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოედინებოდა.

ერთხელ უნგრეთის მეფე ვლადისლავმა სერბეთს ომი გამოუცხადა. მასთან მოლაპარაკება მიანდეს წმიდა საბას, რომელმაც არა მარტო სასურველი მშვიდობა მოუპოვა თავის ერს, არამედ უნგრელი მონარქი მართლმადიდებლობაზეც კი მოაქცია. წმიდა მთავარეპისკოპოსი, რომელმაც სათავე დაუდო სერბეთს ავტოკეფალური ეკლესიის არსებობას, იღვწოდა სერბეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვისაც. ქვეყნის დამოუკიდებლობა რომ განემტკიცებინა, მან მეფედ აკურთხა თავისი ძმა – სტეფანე, მისი მიცვალების შემდეგ კი – რადოსლავი, სტეფანეს ძე. ამის შემდეგ საბამ მოილოცა იერუსალიმის სიწმიდეები. სამშობლოში დაბრუნებულმა კი უკვე ვლადისლავს დაასხა ხელი მეფედ და სერბეთის ტახტის განსამტკიცებლად ბულგარეთის მთავრის, ასანის ასულზე დააქორწინა იგი. მღდელმთავარმა მოიარა მთელი სერბეთი, მონასტრების წეს-განგებანი ათონისა და პალესტინის სავანეთა ტიპიკონების მიხედვით შეასწორა, მრავალი ტაძარი ააგო და აკურთხა, განამტკიცა მრევლი მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში. ამის შემდეგ კი მღვდელმონაზონ არსენს დაასხა ხელი ეპისკოპოსად, დალოცა ყველა და დატოვა მშობლიური ქვეყანა, რადგან სურდა, მყუდროებაში გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება. მან იმოგზაურა პალესტინაში, სირიასა და სპარსეთში, ბაბილონში, ეგვიპტესა და ანატოლიაში, მოილოცა წმიდა ადგილები, მოინახულა იქ მოსაგრე დიდი მამები, თან წმიდანთა უხრწნელ ნაწილებსაც აგროვებდა.

სერბეთის ეკლესიის პირველმა მთავარეპისკოპოსმა თავისი ცხოვრება ბულგარეთში, ტირნოვოში, თავისი ნათესავის, ასანის სასახლეში დაასრულა (+1237). მალე საბას წმიდა ნაწილები სერბეთში გადაასვენეს. გადასვენებისას იმდენი სასწაული აღესრულა, რომ ბულგარელები განაწყენდნენ თავიანთ მეფეზე, როგორ თმობსო ასეთ საუნჯეს. წმიდანის ცხედარი მილეშევოს ტაძარში დაასვენეს. აქაც მრავალი კურნება მოხდა. სასწაულები აღესრულებოდა ტირნივში დარჩენილ საბას კუბოს ნაწილებთანაც.

დიდია წმიდა მღვდელმთავრის, საბა სერბელის მემკვიდრეობის მნიშვნელობა სლავებისთვის. მის სახელთანაა დაკავშირებული იერუსალიმის წესდების შემოღება სლავურ სავანეში; ათონის ხილენდარის მონასტერი დღემდე მისი დადგენილი ტიპიკონით ცხოვრობს; მეტად გავრცელდა სჯულისკანონის საბასეული რედაქცია ალექსი არისტანის განმარტებებით. საბასეული რედაქცია უდევს საფუძვლად ბეჭდურ სჯულის კანონსაც, რომელიც 1653 წელს გამოიცა და რომლითაც დღესაც ხელმძღვანელობს რუსეთის ეკლესია.

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი სახელგანთქმული პატიოსანი მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ.

წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ, ნინოს მამამ, ზაბულონმა ბერად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახსა და იორდანის გაღმა უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ.

ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. სარასაგან გაიგო ნინომ ისიც, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.

ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა საყვარელ შვილს. ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა მისი ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე ვიქნები შენი მფარველი“. ამაზე ნეტარმა ნინომ უპასუხა: „როგორ შემიძლია მე, სუსტ ქალს, რომ ასეთი დიდი სამსახური გავუწიო ქრისტეს და რით შემიძლია ვერწმუნო ასეთი ჩვენების ჭეშმარიტებას?“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“. გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეჭირა ხელში. მან სიხარულის ცრემლებით დაალტო და საკუთარი თმებით შეკრა იგი.

ამის შემდეგ ნინომ ბიძას, პატრიარქ იუბენალს უამბო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ და გაუმჟღავნა სურვილი საქართველოში საქადაგებლად წასვლისა.

იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: „უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისა , რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ“.

ეფესოში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას ძალზე მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. წმიდა ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, ბილწთა და საძაგელთა კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა მეუღლე ქრისტიანი ქალისა, რომელსაც ზეციური სასიძო ამოერჩია. წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ.

დიოკლეტიანემ მალემსმრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე, აუწყა მომხდარი და უბრძანა: „მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში“.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა 50 ქალწულთან ერთად.

წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს. წმიდა ნინო საქართველოსკენ წამოვიდა. ფარავნის ტბასთან მან გაიცნო მცხეთელი მწყემსები, ისევ მიიღო ღვთისგან ზეგარდამო ლოცვა-კურთხევა „მცხეთას წარმართთა ქადაგებისა“, თანამგზავრებიც იპოვა და ტანჯვა-წვალებით მოაღწია ქალაქ ურბნისამდე. წმიდანმა იქ სულ ერთი თვე დაჰყო, არმაზის კერპის თაყვანისცემად წამოსულ ქართველებს ისიც შეუერთდა და ჩავიდა მცხეთაში.

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფენი, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: „უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა. რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის –გცენ იესოს მიერ ძისა შენისა“,- შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა .

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა მიჰმადლა შვილი. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ნინოს ირგვლივ თანდათან იკრიბებოდნენ ქრისტეს სჯულის თაყვანისმცემლები. ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა თხოვეს. „არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტჱსითა“,- უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმულის მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: „ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა“. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.

წმიდა მოციქულთასწორის ღვაწლით საქართველოში განმტკიცდა ქრისტიანობა.

წმიდა ნინოს ცხოვრება მისივე მონათხრობიდან ჩაწერეს სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა (ხს. 15 იანვარს).

წმიდანის სურვილისამებრ მისი პატიოსანი გვამი ბოდბეში დაფლეს. შემდგომ მის საფლავზე მირიან მეფემ წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

დაწერე კომენტარი