24 მარტის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

24 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა სოფრონ იერუსალიმელის, წმიდა მღვდელმოწამე პიონის და წმიდა მოწამე ეპიმახოს ხსენების დღეს.

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი

წმიდა სოფრონ იერუსალიმელი დაიბადა დამასკოში. სიყრმიდანვე კეთილმსახურებით და მეცნიერების სიყვარულით გამორჩეულ სოფრონს ბრძენს ეძახდნენ. მომავალი პატრიარქი უმაღლეს სიბრძნეს მონასტერში, მეუდაბნოეებთან საუბრებში ეძებდა. ის ჩავიდა იერუსალიმში, წმიდა თეოდოსის მონასტერში და დაუახლოვდა იოანე მოსხს. მალე სოფრონი იოანეს სულიერი შვილი და მორჩილი გახდა. ისინი ერთად დადიოდნენ მონასტერში, იწერდნენ მამათა ცხოვრებებს. ამ ჩანაწერებისაგან შედგა ცნობილი წიგნი „ლიმონარი“, რომელსაც მეშვიდე მსოფლიო კრებამ მაღალი შეფასება მისცა.

სპარსელთა თავდასხმების გამო წმიდა იოანემ და სოფრონმა პალესტინა დატოვეს და ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი ეგვიპტეში წავიდნენ. ეგვიპტეში სოფრონი მძიმედ დაავადდა. მან მონაზვნობა გადაწყვიტა და იოანე მოსხმა ბერად აღკვეცა. წმიდა სოფრონის გამოჯამრთელების შემდეგ მოძღვარი და მოწაფე ალექსანდრიაში დარჩნენ. ისინი წმიდა პატრიარქმა იოანემ (ხს. 12 ნოემბერს) სიყვარულით მიიღო. წმიდა იოანე და სოფრონი მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას მონოთელიტთა ერესის შემოტევისაგან. ალექსანდრიაში წმიდა სოფრონმა აღწერა წმიდა უვეცხლოთა კვიროს და იოანეს (ხს. 31 იანვარს) ცხოვრება.

როცა ალექსანდრიას ბარბაროსები შემოესივნენ, წმიდა პატრიარქი იოანე წმიდა მოსხთან და სოფრონთან ერთად კონსტანტინეპოლში წავიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. წმიდა იოანე და სოფრონი, თერთმეტ მონაზონთან ერთად, რომში ჩავიდნენ. რომში ღირსი იოანე მოსხიც გარდაიცვალა (+622). მისი ცხედარი წმიდა სოფრონმა იერუსალიმში გადაასვენა და წმიდა თეოდოსის სავანეში დაასაფლავა.

628 წელს სპარსთა ტყვეობიდან დაბრუნდა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია (609-633). მისი გარდაცვალების შემდეგ საპატრიარქო ტახტზე ავიდა წმიდა მოდესტი (633-634; ხს. 18 დეკემბერს), მოდესტის შემდეგ კი პატრიარქად სოფრონი აირჩიეს.

სიცოცხლის ბოლოს წმიდა სოფრონმა სამწყსოსთან ერთად გადაიტანა იერუსალიმის ორწლიანი ალყის სიმძიმე. შიმშილისაგან არაქათგამწყდარმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, ქალაქის კარები გაეღოთ იმ პირობით, რომ მტერი ხელს არ ახლებდა სიწმიდეებს. ეს პირობა მაჰმადიანებმა არ შეასრულეს. წმიდა სოფრონი ქრისტიანული სიწმიდეების შებილწვით გამოწვეულ ღრმა მწუხარებაში გარდაიცვალა.

ჩვენამდე მოაღწია პატრიარქ სოფრონის მიერ შედგენილმა თხზულებამ დოგმატიკაში, ლიტურღიის განმარტებამ, ღირსი მარიამ მეგვიპტელის (ხს. 1 აპრილს) ცხოვრებამ, 950-მდე ტროპარმა და სააღდგომო სტიქარონმა. ჯერ კიდევ მღვდელმონაზვნის ხარისხში მყოფმა სოფრონმა გადაამოწმა და გაასწორა საბაწმიდის მონასტრის ტიპიკონი. წმ. სოფრონის სამსაგალობლები შესულია თანამედროვე ტრიოდიონში.

წმიდა მღვდელმოწამე პიონი

წმიდა მღვდელმოწამე პიონი – სმირნის ხუცესი და სხვა მასთან წამებულნი ეწამნენ უსჯულო იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს ეგეოსის ზღვის ნაპირას მდებარე ქალაქ სმირნაში.

როდესაც დევნის დაწყება გაიგო, წმიდა პიონი, საბინთან და ასკლიპიადასთან ერთად, ტანჯვისათვის განემზადა: მათ ქედზე ბორკილები დაიდეს.

23 თებერვალს, წმიდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის (+167) ხსენების დღეს, წმიდა მოწამეები შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს. საპყრობილეში ისინი შეხვდნენ სმირნის საკათედრო ტაძრის პრესვიტერს ლინას და ქრისტიან ქალს მაკედონიას, რომლებიც ქრისტეს აღმსარებლობისათვის იყვნენ დატყვევებულნი. წმიდა მოწამეებთან მრავალი ქრისტიანი მიდიოდა საპყრობილეში და საჩუქრები მიჰქონდა. წმიდანები ყველაფერს ციხის დარაჯებს ურიგებდნენ. წმიდა პიონთან ისინიც მიდიოდნენ, ვინც შიშის გამო უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. წმიდა მოწამე მათი სულმოკლეობის გამო, მწარედ ტიროდა და სინანულისაკენ მოუწოდებდა. წმიდა აღმსარებელმა მრავალი ტანჯვა დაითმინა. 250 წლის 11 მარტს ის ჯვარს აცვეს, შემდეგ შეშა შემოუწყვეს და დაწვეს. როცა კოცონი ჩაქრა, გამოჩნდა მოწამის სრულიად უვნებელი გვამი. მას თმებიც კი არ შეტრუსვოდა. წმიდანის ღვთიური მადლით ცხებული სახე შუქს აფრქვევდა.

წმიდა მოწამე ეპიმახო

წმიდა მოწამე ეპიმახო (+დაახლ. 250) წარმოშობით ეგვიპტიდან იყო. ის დიდხანს ცხოვრობდა დაყუდებულად პილუსიის მთაზე. ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნის დროს (დაახლ. 250 წ.) წმიდა ეპიმახო ქალაქში ჩავიდა, წარმართული კერპები დაამსხვრია და უშიშრად იქადაგა ქრისტეს სწავლება, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მისი მარტვილობის მოწმეებს შორის იდგა ქალი, რომელსაც თვალი სტკიოდა. მოწამის წმიდა სისხლმა იგი განკურნა. წმიდანს საშინელი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე
COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა და მეზობლების დაავადების მაღალი რისკი" - თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება
დაწერე კომენტარი