22 ივლისის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

მღვდელმოწამე ბაგრატი

მღვდელმოწამე ბაგრატი – ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი მოძღვრებითა და სასწაულებით. ბაგრატის მშობლები ანტიოქიელები იყვნენ. იესოს შესახებ რომ შეიტყო, მამამ შვილთან ერთად იერუსალიმს მიაშურა – სურდა, საკუთარი თვალებით ეხილა საკვირველი მოძღვარი. იერუსალიმში აღსრულებული სასწაულებით გაოცებულმა, ღვთაებრივი სწავლებაც მოისმინა და ქრისტე ძე ღვთისად ირწმუნა, რის შემდეგაც დაუახლოვდა მის მოწაფეებს, განსაკუთრებით კი – პეტრეს.
მღვდელმოწამე ბაგრატი
უფლის ამაღლების შემდეგ ერთი მისი მოწაფეთაგანი ანტიოქიაში ჩავიდა და ნათელსცა ბაგრატის დედ-მამასა და მთელ მათ სახლეულს. როცა მშობლები გარდაეცვალა, წმიდანმა მამული დატოვა, პონტოს მთებს მიაშურა, გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. ერთხელ ამ ადგილებში პეტრე მოციქულმა გაიარა, პონტოში ბაგრატს შეხვდა და იგი თან გაიყოლა ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი – კილიკიაში, სადაც იმ დროს წმიდა პავლე ქადაგებდა. თავმა მოციქულებმა უფლის რჩეულს სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

მღვდელმთავარი ბაგრატი დაუცხრომლად იღვწოდა. მან ააგო ტაძარი, სადაც გულმოდგინედ აღასრულებდა ღვთისმსახურებას. მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა და მალე ტავრომენიისა და მისი მოსაზღვრე ქალაქების თითქმის მთელმა მოსახლეობამ ნათელიღო.

წმიდა ბაგრატი მრავალი წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ, ხელსაყრელი შემთხვევა შეარჩიეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს და ქვებით ჩაქოლეს. ასე მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს მღვდელმთავარმა ბაგრატმა. ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს. წმიდა ბაგრატ ტავრომენიელის ხსენება 9 თებერვალსაც აღესრულება – მღვდელმოწამეებთან – მარკელესთან და ფილაგრესთან ერთად.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

მღვდელმოწამე კირილე

მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი III საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდანის მთელი ცხოვრება ღვთივრჩეულობის ნიშნით იყო აღბეჭდილი. ერთხელ, ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულს, ღამით ზეგარდმო ჩაესმა ხმა, რომელიც რომში წასვლას უბრძანებდა, გამთენიისას კი იხილა, რომ სატუსაღოს კარები განხმულიყო და დამხობილი კერპების ნამსხვრევებიც იქვე ეყარა. რომის გზაზე კირილეს ღირსი ფილოქსენე ეჩვენა, რომელმაც ამცნო, რომ ორ – სამღვდელმთავრო და მოწამეობრივ – გვირგვინს უმზადებდა უფალი. იმპერიის დედაქალაქში ნეტარმა მამამ სახარების ქადაგებით დიდი სამსახური გაუწია ეკლესიას. შემდეგ კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წმიდანმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო იქაური ქრისტიანების გასამხნევებლად. წმიდა მიწისკენ მიმავალს, კვლავ ზეგარდმო ეუწყა, მისულიყო კუნძულ კრეტაზე. ისიც დაჰყვა ღვთაებრივ ნებას და კრეტის ქალაქ ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ნეტარი მღვდელმთავარი დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მადლმოსილი სიტყვით ბევრი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამგვარი ღვაწლისთვის მხცოვანი მეუფე სამსჯავროზე წარადგინეს და ცრუღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა აგიზგიზებულმა კოცონმა ღვთის რჩეულ ჭურს ვერაფერი ავნო, თავად მსაჯულმაც ადიდა უფალი და სიკვდილმისჯილი გაათავისუფლა.
მღვდელმოწამე კირილე
კირილე დაუბრუნდა ჩვეულ მოღვაწეობას: კვლავ დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას, მაგრამ გამუდმებით წუხდა იმის გამო, რომ ქრისტესთვის მარტვილობის ღირსი ვერ შეიქნა. გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე – ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა განაჩენი მოისმინა, სულით გამხიარულებულმა მღვდელმთავარმა მადლობა შესწირა უფალს და ღვთისმსახურებაში განსპეტაკებული თავი ნებსით მოუდრიკა მახვილს. ეს მოხდა დეკიუსის (249-251), სხვა ცნობით კი – მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას.

წმიდა კირილე ჰორტინელის ხსენება წელიწადში ორჯერ აღესრულება: 9 ივლისსა და 6 სექტემბერს.

ღირსმოწამეები: პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე

ღირსმოწამეები: პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს აღესრულნენ ქრისტესთვის. პათერმუთე და მისი მოწაფე კოპრე ეგვიპტის უდაბნოში მოსაგრეობდნენ. როცა იმპერატორმა შეიტყო განდეგილი მამების შესახებ, თავისთან მოიხმო ისინი და შეეცადა, ცბიერებით გადაებირებინა წარმართობაზე. იგი ამბობდა: „ადრე მეც ქრისტიანი ვიყავი, მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხსნის მონიჭება მხოლოდ წარმართულ ღვთაებებს შეუძლიათ“. კოპრე მოხიბლა მეფის დაპირებებმა და უარყო მაცხოვარი, მაგრამ შემდეგ მოძღვრის ლოცვებით და ცრემლიანი შეგონებებით შეიგნო თავისი დაცემის სიღრმე, სინანულში ჩავარდა და კვლავ აშკარად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმპერატორი განარისხა კოპრეს კადნიერებამ და მისი წამება ბრძანა. წმიდა პათერმუთე მოთმინებისკენ მოუწოდებდა და განამტკიცებდა უფლის რჩეულს. ერთ-ერთმა მეომარმა, ალექსანდრემ, მარტვილის ტანჯვა რომ იხილა, ირწმუნა ქრისტე, რისთვისაც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, პათერმუთესა და კოპრეს კი თავები მოჰკვეთეს.

 მოწამე ალექსანდრე

ღირსი პათერმუთე და კოპრე

ღირსი პათერმუთე და კოპრე. პათერმუთე თავდაპირველად წარმართი იყო, ავაზაკი, საფლავების ძარცვასაც არ ერიდებოდა, მაგრამ შემდეგ ცოდვით შესვრილი სული ნათლისღებით განიბანა და უდაბნოში განმარტოვდა. ღირსმა მამამ სნეულთა მსახურება და მიცვალებულთა დაფლვა იტვირთა, დაუცხრომელი მოშურნეობით სათნოეყო უფალს და მისგან სასწაულთქმედების მადლიც მიენიჭა.

პათერმუთეს ცხოვრება და სასწაულები აღგვიწერა ხუცესმა კოპრემ – მისი ღვაწლის თვითმხილველმა. თავად კოპრეს შესახებ კი ჰელენოპოლელმა ეპისკოპოსმა, პალადიუსმა მოგვითხრო წიგნში „ლავსაიკონი“. წმიდა მამა ერთხელ მანიქეველ მწვალებელთან ჩაება კამათში, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ სიტყვით შეუძლებელი იყო შეცდომილის სულიერი სნეულებისგან განკურნება და ერეტიკოსს შესთავაზა, ცეცხლი დაეგზნოთ, შიგ ერთად შესულიყვნენ და უფლისთვის მიენდოთ იმის გადაწყვეტა, თუ ვისი სარწმუნოება იყო ჭეშმარიტი. კოცონში პირველად შესვლაზე მანიქეველმა უარი განაცხადა, ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე უფლის მსასოებელი ნეტარი კოპრე კი არ შეშინდა ცეცხლში შევიდა და სრულიად უვნებელი დარჩა. მომხდარის თვითმხილველებმა ადიდეს ღმერთი, ერეტიკოსი კი ცეცხლში შეაგდეს. დაფუფქული მწვალებელი გამოვარდა კოცონიდან და გაქცევა სცადა, მაგრამ ხალხმა შეიპყრო და უკანვე შეაბრუნა. წმიდა მამამ შეძლო დაემშვიდებინა აღელვებული ბრბო და მანიქეველი გაათავისუფლა.

წმიდა თეოდორე

წმიდა თეოდორე – ედესელი ეპისკოპოსი IX საუკუნეში ცხოვრობდა. მის მშობლებს – კეთილმსახურ ედესელ ქრისტიანებს ერთადერთი ასული ჰყავდათ, ნანატრი ძე კი დიდხანს არ ეძლეოდათ. თეოდორე დედ-მამის მხურვალე ლოცვების შემდეგ მოევლინა ქვეყანას, მაგრამ როცა იგი სკოლაში მიაბარეს, მშობლებს სიხარული მწუხარებად გადაექცათ: ბავშვი სწავლაში ძალიან სუსტი გამოდგა. ყრმას უფროსები სჯიდნენ, თანატოლები დასცინოდნენ, თვითონ კი გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს გულისხმიერების მონიჭებას. ერთხელ ყმაწვილი დილით ადრე მივიდა ტაძარში, საკურთხეველში შეიპარა, ტრაპეზის ქვეშ შეძვრა და იქ ლოცვაში ჩაეძინა. დაიწყო სამეუფო წირვა, ბავშვს ესიზმრა ნათელმოსილი ჭაბუკი, რომელმაც თაფლი აჭამა, კვერთხი მისცა ხელში და აკურთხა. საკვირველი ჩვენებით გამოფხიზლებული თეოდორე სამალავიდან გამოძვრა და გაოცებულ ეპისკოპოსს თავისი ხილვის შესახებაც მოუთხრო. მღვდელმთავარი მიხვდა, რომ ყრმის ვედრება შესმენილ იქნა და მომავალში იგი ეკლესიის წინამძღვარიც გახდებოდა, ამიტომ უფლის რჩეული ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა.
წმიდა თეოდორე
ოცი წლის თეოდორეს მშობლები გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმისკენ გაეშურა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი საბა განწმედილის ლავრაში ბერად აღიკვეცა, და განკრძალულ სენაკში დაყუდებით დაიწყო ცხოვრება და თან მდუმარების ღვაწლიც იტვირთა. მრავალი წლის მანძილზე წმიდა თეოდორესთან ერთად მოსაგრეობდა მისი ახალგაზრდა ნათესავი მიქაელი, რომელსაც წმიდა მიწას დაპატრონებულმა მაჰმადიანებმა წამებით ამოხადეს სული.

ამის შემდეგ ნეტარი თეოდორე დიდხანს არ დარჩენილა ლავრაში. ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების ურთიერთშეთანხმებით, სასულიერო პირთა და ერისკაცების თხოვნით ედესის მღვდელმთავრად იქნა არჩეული. წმიდა მამა დიდხანს უარობდა – უჭირდა მდუმარების დათმობა, მაგრამ ვერაფერს გახდა: ერთ კვირაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი. ქიროტონიის დროს დიდი სასწაული აღესრულა: ხალხმა იხილა თეთრი მტრედი, რომელიც ჯერ ტაძრის გუმბათქვეშ ტრიალებდა, შემდეგ კი თეოდორეს თავზე დაეშვა. ახალი სამოღვაწეო ადგილისკენ მიმავალი წმიდანი ისეთმა ძლიერმა სევდამ შეიპყრო, რომ გაქცევაც კი სცადა, მაგრამ უფალმა სიზმრისეულ ჩვენებაში ასე დამოძღვრა: „ნუ მიემსგავსები უდებ მონას, რომელმაც თავისი ტალანტი მიწაში დაფლა, ხუთი ტალანტით სხვა ხუთის მომგებს მიჰბაძე!“ თეოდორე მიხვდა თავის შეცდომას, დათრგუნა საკუთარი ნება და ბრძნულად შეუდგა ეკლესიის მართვას: სიტყვითა და საქმით მოძღვრავდა სამწყსოს, უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს… წმიდა მღვდელმთავარს ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა სულიერი ურთიერთობა მხცოვან მესვეტე ბერ – ღირს თეოდოსისთან. ეს მოსაგრე ედესისგან ოდნავ დაშორებული წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის სიახლოვეს ცხოვრობდა. იგი უფროს ძმასთან, იოანესთან ერთად სიჭაბუკეშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას. ძმები სამი წლის მანძილზე მონასტერში მოღვაწეობდნენ, შემდეგ კი ბაბილონის მახლობლად, უდაბნოში დამკვიდრდნენ ორ სხვადასხვა გამოქვაბულში და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცნენ. მოსაგრეები შაბათ-კვირას ხვდებოდნენ ერთმანეთს ერთობლივი ლოცვისთვის, შემდეგ კი კვლავ იყრებოდნენ.

ერთხელ, უდაბნოში მწვანილეულობის შესაგროვებლად გასულმა თეოდოსიმ შორიდან თვალი მოჰკრა ძმას, რომელიც იმავე საქმით იყო დაკავებული. იოანე უეცრად შედგა, ოდნავ დაიხარა მიწისკენ, გაკვირვებით დააცქერდა რაღაცას, შემდეგ კი პირჯვარი გადაისახა, გადაახტა იმ ადგილს და სწრაფად მიაშურა თავის გამოქვაბულს. ძმის უცნაური ქცევა ეუცხოვა თეოდოსის, მივიდა იმ ადგილას და, გაოცებულმა, ოქროს გროვა დაინახა. მან ილოცა, ზედა სამოსელი გაიძრო, ნაპოვნი განძი შიგ ჩაყარა და გაჭირვებით მიათრია სენაკამდე. მეორე დღეს ისე, რომ ძმას არც დამშვიდობებია, თეოდოსი ქალაქისკენ გაეშურა. აქ მან ტაძარი ააგო, მონასტერი მოაწყო, დააარსა საავადმყოფო და დავრდომილთა თავშესაფარი, მათთვის შესაწირიც უხვად გაიღო, ბოლოს, დარჩენილი ქონება გლახაკებს დაურიგა და უდაბნოსკენ გაბრუნდა. გაამაყებული თეოდოსი გულში განიკითხავდა ძმას იმის გამო, რომ მან ნაპოვნი განძის გამოყენება ვერ შეძლო. ამ დროს ბერის წინაშე წარდგა ანგელოზი, რომელიც ადრეც ხშირად ეჩვენებოდა. ახლა იგი მეტად განრისხებული ჩანდა. უფლის მსახურმა მეუდაბნოეს მკაცრად მიმართა: „რას ქედმაღლობ?! ჭეშმარიტად გეუბნები, შენი საქმეები ვერ შეეტოლება იმ გრძნობას, რომლითაც შენი ძმა ოქროს გადაახტა. მაშინ მან მხოლოდ განძი კი არ დათმო, არამედ მსუბუქი ფრთებით ის უფსკრული გადალახა, რომელიც ლაზარესა და მდიდარს შორისაა დამტკიცებული. იოანეს ღვაწლი განუზომლად აღმატებულია ღვთის წინაშე. ამ ცხოვრებაში შენ მას აწი ვერასოდეს ნახავ და ვერც მე მიხილავ, სანამ სინანულითა და ლოცვით გულს არ მოულბობ უფალს“.

თეოდოსი ძმის გამოქვაბულთან მივიდა და, როცა იგი იქ არ დახვდა, მწარედ ატირდა. უსაზღვროდ დამწუხრებულს, ერთი კვირის შემდეგ შორიდან ჩაესმა ანგელოზის ხმა, რომელმაც ედესაში წასვლა უბრძანა. თეოდორემ იქ მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა, სათნოეყო უფალს და ხუთი ათწლეულის შემდეგ განჭვრეტის მადლიც მიიღო მისგან. წმიდა მამა სიყვარულით ღებულობდა მიმსვლელებს და ყველას გულმოდგინედ მოძღვრავდა. ერთხელ მღვდელმთავარი თეოდორე ნეტარი ბერის კურთხევით ბაბილონის ხალიფა მავისთან გაემგზავრა ეკლესიის საქმეებზე. ხალიფა მას მძიმედ დასნეულებული დაუხვდა. წმიდანმა უფლისგან შემწეობა გამოითხოვა, წყლიან ჭიქაში მაცხოვრის საფლავიდან აღებული მიწა ჩაყარა, შეასვა ავადმყოფს და განკურნა. მადლიერმა მავიმ ირწმუნა ქრისტე და იოანეს სახელით ნათელ-იღო სამ დაახლოებულ პირთან ერთად.

მალე მუსულმანთა წინაშე თავისი სარწმუნოების აშკარა აღსარებისათვის ხალიფა იოანე (მავი) და მისი ქრისტესმიერი ძმები ქვეშევრდომებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მოწამეობრივი აღსასრულის შემდგომ ღამეს იოანე სპეტაკ სამოსელში, ბრწყინვალე გვირგვინით გამოეცხადა თეოდორეს და უთხრა: „გაკურთხოს უფალმა რამეთუ ჩემი ხსნის იარაღი შეიქენი!“ ამის შემდეგ თეოდოსი მესვეტეს დიდხანს აღარ უცოცხლია.

თეოდორემ იგი პატივით მიაბარა მიწას, თავად კი, მოახლოებული აღსასრულის შესახებ ისევ იოანეს სასწაულებრივი გამოცხადებით გაფრთხილებულმა, სამი წლის შემდეგ კათედრა დატოვა, საბა განწმედილის ლავრაში განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX).

 

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
ზუგდიდში ათონის მთაზე მოღვაწე ბერი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
დაწერე კომენტარი