“200-მდე თავდები გვყავს” – საქალაქოში მელაშვილი-ილიჩოვას პროცესი და აქცია იმართება

გარეჯი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომა მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლოს შენობასთან იმართება სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქციაც.

ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, უფლებადამცველები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, თუმცა, მისი აზრით, პროკურატურა მელაშვილისა და ილიჩოვას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. 

“პროკურატურის პოზიცია ამ ეტაპისთვის ჩვენთვის უცნობია, თუმცა, ლოგიკურია, რომ ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. ჩვენი პოზიციაა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ ეს ადამიანები პატიმრობიდან და დამატებით ვთავაზობთ, დაახლოებით, 200 ადამიანის თავდებობას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს იყვნენ ბრალდებულების თავდებები.

ჩვენ წარვადგენთ ახალი ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადავო რუკები, რომლის არგამოყენებისთვისაც მისცეს პასუხისგებაში ბრალდებულები, უვარგისია კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები სრულ აცდენაშია რეალობასთან, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები, იყო გამოუსადეგარი”. – თქვა ედუარდ მარიკაშვილმა. 

საქალაქო სასამართლოსთან ასევე იმყოფება ევროპული საქართველოს ლიდერი ელენე ხოშტარიაც. ხოშტარიას თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბიძინა ივანიშვილის წინა საარჩევნო პოლიტიკური თამაშების მძევლები არიან. 

“ისინი არა პოლიტიკური, არამედ სინდისის პატიმრები არიან, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რის გამოც, არათუ დაკავება, არამედ ამ ადამიანებს მადლობა ეკუთვნით ჩვენი სახელმწიფოსგან. ერთადერთი, რის გამოც ისინი არიან მძევლებად – ეს არის ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პოლიტიკური ბინძური თამაშები”. – ამბობს ელენე ხოშტარია.

დაწერე კომენტარი