20 მარტის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე

ბასილიწმიდა მღვდელმოწამენი, ხერსონესის ეპისკოპოსები: ბასილი, ეფრემი, კაპიტონი, ევგენი, ეთერიოსი, ელპიდე, აღათოდორე (IV) ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში, დუნაიდან დნეპრამდე, ყირიმის ჩათვლით და მოციქულებრივი ღვაწლი მოწამეობრივად დაასრულეს თავრიდის ქალაქ ხერსონესში.

თავრიდის (ყირიმის) პირველი განმანათლებელი წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (ხს. 30 ნოემბერს) იყო. აქ ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას თვით მტრები უწყობდნენ ხელს: რომის იმპერატორები ამ კუთხეში ასახლებდნენ სახელმწიფო დამნაშავეებს, რომელთა რიცხვში I-III საუკუნეებში ქრისტიანებსაც თვლიდნენ. ტრაიანეს მმართველობის დროს (89-117) ინკერმანის ქვის სამტეხლოებში გადაასახლეს წმიდა კლიმენტი რომაელი (ხს. 25 ნოემბერს). მან აქ გააგრძელა თავისი ქადაგება და აქვე აღესრულა მოწამეობრივად.

IV ს-ის დასაწყისში ხერსონესში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა. დიოკლეტიანეს მეფობის დროს (284-305), 300 წელს, იერუსალიმის პატრიარქმა ერთმონმა სახარების საქადაგებლად მსოფლიოს ყველა მხარეში გაგზავნა ეპისკოპოსები. ორი მათგანი, ეფრემი და ბასილი, ხერსონესში ჩამოვიდა. შემდგომ ეფრემი დუნაის გასწვრივ მცხოვრებ ხალხთან გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ქადაგებისათვის ბევრი ტანჯვა და დამცირება დაითმინა. დევნის დაწყებისთანავე წმიდა ეფრემს თავი მოჰკვეთეს (ზუსტად ცნობილია მხოლოდ მისი გარდაცვალების დღე – 7 მარტი), წმიდა ბასილიმ მრავალი კერპთაყვანისმცემელი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, რამაც წარმართთა გულისწყრომა გამოიწვია. წმიდა აღმსარებელი დაიჭირეს, უმოწყალოდ სცემეს და ქალაქიდან გააძევეს. წმიდა ბასილიმ მთებს მიაშურა და გამოქვაბულს შეაფარა თავი. ის დაუცხომლად ლოცულობდა ხერსონელების მოქცევისათვის. უფალმა ურწმუნოებს სასწაული მოუვლინა: წმიდანის ლოცვით გაცოცხლდა ცნობილი ხერსონელი მოქალაქის ერთადერთი შვილი. წმიდანი პატივით დააბრუნეს ქალაქში, ბევრმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა.

მალე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) ბრძანებით, ქრისტიანთა დევნა განახლდა. ქრისტეს მტრები წმიდა ბასილის წინააღმდეგაც აღიჭურვნენ. 309 წლის 7 მარტს, ღამით, სახლში მიუვარდნენ, შებოჭეს და ქვებით ჩაქოლეს. წმიდანის გვამი ქალაქგარეთ დააგდეს ნადირთა და ფრინველთა საჯიჯგნად, მაგრამ კარგა ხნის მანძილზე წმიდა ნაწილებს არაფერი მიკარებია. შემდგომ ქრისტიანებმა იგი საიდუმლოდ დაფლეს გამოქვაბულში.

ერთი წლის შემდეგ წმიდა ბასილის თანამოღვაწეებმა – ეპისკოპოსებმა ევგენიმ, ელპიდიმ და აღათოდორემ მისი აღსასრულის ამბავი გაიგეს, დატოვეს ჰელესპონტის ქვეყანა, სადაც ქადაგებდნენ, ხერსონესში ჩამოვიდნენ, მრავალი იღვაწეს, ბოლოს კი წინამორბედების ბედი გაიზიარეს: 311 წლის 7 მარტს გაცოფებულმა წარმართებმა ისინი ქვებით ჩაქოლეს.

რამოდენიმე წლის შემდეგ, უკვე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) დროს, იერუსალიმიდან ხერსონესში ჩამოვიდა ეპისკოპოსი ეთერიოსი. თავიდან მასაც დიდი წინააღმდეგობები შეხვდა წარმართთა მხრიდან, მაგრამ შემდეგ წმიდა იმპერატორმა გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხერსონელ ქრისტიანებს თავისუფლად შეეძლოთ ღვთისმსახურების ჩატარება. წმიდა ეთერიოსის ძალისხმევით ქალაქში ქრისტიანული ტაძარი აშენდა.

იმპერატორის წინაშე მადლიერების გამოსახატავად წმიდა ეთერიოსი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა. უკან დაბრუნებისას ის ცუდად გახდა და გარდაიცვალა კურძულ ამოსზე, საბერძნეთში, 7 მარტს.

წმიდა ეთერიოსის ნაცვლად იმპერატორმა ხერსონესში გამოგზავნა ეპისკოპოსი კაპიტონი. ქრისტიანები სიხარულით შეხვდნენ მას, წარმართებმა კი სასწაულის ქმნა მოსთხოვეს. უფლის ნებას მინდობილი კაპიტონი მღვდელმთავრის შესამოსელში აგიზგიზებულ კოცონზე დადგა და დიდხანს ლოცულობდა, შემდეგ კი ფილონის კალთით გახურებული ნაკვერჩხლები გამოიტანა. სასწაულით გაოგნებულმა წარმართებმა ირწმუნეს უფლის ყოვლისშემძლეობა. ამ სასწაულსა და წმიდა კაპიტონის უსაზღვრო რწმენაზე ეუწყათ წმიდა კონსტანტინესა და ნიკეის I მსოფლიო კრების (325 წ.) მონაწილე მამებს. რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა კაპიტონი ეპარქიის საქმეებზე კონსტანტინეპოლში გაემგზავრა. ქარიშხალმა ხომალდი დუნაის ნაპირებზე გამორიყა. ადგილობრივმა წარმართმა მცხოვრებლებმა ხომალდი ხელთ იგდეს და ყველა მგზავრი დაახრჩვეს, მათ შორის წმიდა კაპიტონიც. ეს მოხდა 21 დეკემბერს. წმიდა კაპიტონის ხსენება დაწესდა 7 მარტს, სხვა ხერსონელი მღვდელმთავრების ხსენების დღეს.

მღვდელმოწამეთა ქადაგებამ განამტკიცა ქრისტეს სარწმუნოება ხერსონესში. იქ იქცა სულიერ ცენტრად, საიდანაც ქრისტიანობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთით, რუსეთისაკენ.

987 წელს ხერსონესში მოინათლა წმიდა მოციქულთასწორი მთავარი ვლადიმერი. ეს ქალაქი რუსეთისთვის ქრისტიანობის აკვნად იქცა.

ღირსი ემელიანე

ღირსი ემელიანეღირსი ემელიანე რომაელი იყო. ის სიბერემდე ცოდვებში ცხოვრობდა. ბოლოს მონანული მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა. ღირსი ემილიანე გამოირჩეოდა უდრტვინველი მორჩილებით და მკაცრი მარხულობით. ღამ-ღამობით საიდუმლოდ მიდიოდა შორიახლო მდებარე გამოქვაბულში და მხურვალედ ლოცულობდა. ერთხელ იღუმენი ჩუმად გაჰყვა ბერს და ნახა, რომ იგი სინანულის ცრემლებით ალტობდა მიწას. უცებ ზეციდან გაისმა ხმა: „ემილიანე მოგეტევოს ცოდვანი შენნი“. ნანახით შეძრულმა იღუმენმა საცისკრო მსახურების შემდეგ ემილიანეს სთხოვა, ძმებისათვის გაენდო თავისი საიდუმლო. წმიდანმაც მოუთხრო სულიერ ძმებს ღვთის უსაზღვრო სახიერების შესახებ. იღუმენმა ბერებს უთხრა: „უფალს შეეძლო ემილიანესათვის ცოდვები გამოცხადების გარეშეც მიეტევებინა. მან თავისი ნება ხმით და ნათლით იმიტომ გააცხადა, რომ ჩვენც გვენახა ღვთის უსაზღვრო სიკეთე და სიყვარული წრფელად მონანულთა მიმართ“.

ღირსმა ემილიანემ სიცოცხლის დარჩენილი წლები სულიერ სიხარულში გალია და მშვიდობით მიისვენა.

ღირსი პავლე

ღირსი პავლეღირსი პავლე (IV) უბრალოებითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა. როცა მეუღლის ღალატის ამბავი გაიგო, სახლი დატოვა და უდაბნოში წავიდა წმიდა ანტონ დიდთან (ხს. 17 იანვარს). ამ დროს პავლე უკვე 60 წლის იყო და წმიდა ანტონმა არ მიიღო, რადგან მძიმე განმარტოებული ცხოვრებისათვის სუსტად ჩათვალა. სამი დღის ვედრების შემდეგ წმიდა ანტონმა მორჩილება დაუწესა პავლეს. დიდხანს ცდიდა მძიმე შრომით, მარხვით, ღამისთევით, ფსალმუნთა მოუკლებელი გალობითა და მეტანიებით. ამგვარი გამოცდის შემდეგ კი ნება დართო განმარტოებულ კელიაში დასახლებულიყო.

მრავალწლიანი ღვაწლისთვის პავლეს უფლისაგან წინასწარჭვრეტისა და ბოროტ სულთა განსხმის ძალა მიენიჭა.

წმიდა პავლე აღმსარებელი

წმიდა პავლეწმიდა პავლე აღმსარებელი (IX) პრუსაიდის (მცირე აზია) ეპარქიას მართავდა ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების პერიოდში. წმიდა პავლე წმიდა თეოფილაქტესთან (ხს. 8 მარტს) ერთად მხნედ დადგა სიწმიდეთა დასაცავად, დაითმინა მრავალი ტანჯვა და დევნა; გარდაიცვალა დაახლოებით 850 წელს.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
სამველ პეტროსიანი დააკავეს, ენზელ მკოიანი თავისუფალია - ახალქალაქში "პატრიოტთა ალიანსის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება
დაწერე კომენტარი