20 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით. იგი თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს (+303). მტარვალებს წმიდა მოწამის ცხედრის დაწვა სურდათ, მაგრამ უეცრად ქარიშხალი ამოვარდა და ცეცხლი ვერ დაანთეს. ქრისტეს მარტვილი ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი

წმიდა მოწამენი კალერია

წმიდა მოწამენი კალერია (ვალერია), კვირიაკია და მარიამი პალესტინის კესარიაში ცხოვრობდნენ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. ქრისტეს სწავლებასთან ზიარებისა და ნათლისღების შემდეგ ისინი განმარტოებულ ადგილას დასახლდნენ და ლოცვაში ატარებდნენ დღეებს. წმიდანები მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს ქრისტიანთა დევნის შეწყვეტას და მთელი ქვეყნიერების ქრისტეს ნათლით განათლებას. მმართველმა თავისთან უხმო ქრისტეს სასძლოებს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა, რასაც მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებით უპასუხეს. ამისათვის წმიდანები შეიპყრეს და წამებით მოკლეს.

წმიდა მოწამენი კალერია

მღვდელმოწამე მარკელინი

მღვდელმოწამე მარკელინი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: კლავდიუსი, კირინი და ანტონინე. იმპერატორების – დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) დროს რომის პაპი იყო წმიდა მარკელინი. ღვთისმოძულე იმპერატორები სასტიკად დევნიდნენ ქრისტიანებს: ერთი თვის განმავლობაში 17000-მდე ადამიანი ეწამა. შეიპყრეს პაპი მარკელინიც. წამების შიშით მან საკმეველი უკმია და მსხვერპლი შესწირა კერპებს. ამის შემდეგ იმპერატორმა მეგობრად მიიღო იგი და ძვირფასი სამოსით შემოსა. მარკელინს სინდისი ქეჯნიდა – სიტყვით ქრისტესთვის სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდებდა სამწყსოს, საქმით კი სულმდაბლობის მაგალითი აჩვენა.

ამ დროს ქალაქ სინუისში (კამპანია) 180 ეპისკოპოსისა და ხუცესისგან შემდგარი კრება მიმდინარეობდა. ჯვალოთი მოსილი, თავზე ნაცარდაყრილი პაპი მარკელინი გამოცხადდა კრების სხდომაზე და ითხოვა, განესაჯათ იგი. კრების მამებმა უთხრეს: „თავად განსაჯე საკუთარი თავი. შენი ბაგეებიდან გამოსულმა სიტყვებმა შეგბილწეს და იმავე ბაგეებით წარმოთქმულმა სიტყვებმა განგწმიდოს. პეტრე მოციქულიც შიშის გამო განუდგა ქრისტეს, მაგრამ სინანულის ცრემლებით განბანილი კვლავ სათნოეყო უფალს“.
მღვდელმოწამე მარკელინი
მაშინ მარკელინმა ასეთი სასჯელი დაიდო: „დაე, განვიკვეთო სამღვდელო მადლისგან მე უღირსი, სიკვდილის შემდეგ ჩემი ცხედარი არ დაიკრძალოს და ძაღლებს მიუგდეთ დასაგლეჯად. წყეულიმც იყოს ის, ვინც მოისურვებს მის დამარხვას!“

რომში დაბრუნებული მარკელინი იმპერატორთან გამოცხადდა, ფერხთით მიუგდო მისი ნაბოძები სამოსელი და უთხრა, მწარედ ვნანობო ქრისტესგან განდგომას. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ და შემდეგ სიკვდილით დაესაჯათ წმიდანი.

სატანჯველთაგან მოუძლურებულმა მღვდელმთავარმა მხურვალე ლოცვებით ჰხადა მონანულთა შემწყნარებელ უფალს, შემდეგ კი მორჩილად მოუდრიკა ქედი მახვილს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ კლავდიუსი, კირონი და ანტონინე (+304).

წმიდა მარკელინის ცხედარი 36 დღე სრულიად უპატრონოდ იყო გარეთ. ახალარჩეულ პაპს, მარკელს წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და უთხრა: „რატომ არ მარხავ მარკელინის გვამს?“ „მეშინია მისი შეჩვენებისა!“ – უპასუხა წმიდა მარკელმა. მოციქულმა პეტრემ ახლად არჩეულ პაპს წმიდანის პატივით დაკრძალვა უბრძანა.

პაპმა მარკელმა მარკელინის წმიდა ნაწილები პატივით დაფლა დიდგვაროვანი რომაელი ქალის, პრისკილას მიერ წმიდა მოწამეთა დასაკრძალად შემზადებულ აკლდამაში, სალარის გზის მახლობლად.

მღვდელმოწამე მარკელი

მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: სისინი და კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლაგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპიუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია ეწამნენ რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284-305) და მათი მემკვიდრეების – გალერიუსისა (305-311) და მაქსენტიუსის (305-312) დროს. რომის დასავლეთი ნაწილის მმართველმა მაქსიმიანემ სამხედრო პატივი აჰყარა ყველა ქრისტიანს და კატორღაში გაგზავნა. მდიდარი ქრისტიანი ფარასონი ქრისტიანების – სისინის, კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგუსის ხელით საჭმელსა და ტანსაცმელს უგზავნიდა პყრობილებს. როცა ამის შესახებ შეიტყო, პაპმა მარკელმა ქველმოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა ფარასონს, სისინი და კვირიკე კი დიაკვნებად აკურთხა. მალე ტყვეებთან მისული წმიდანები შეიპყრეს და მათაც სხვა ქრისტიანების ხვედრი გაიზიარეს. სისინი და კვირიაკე თავიანთ სამუშაოსთან ერთად მოხუცებულობისგან დაუძლურებული სატურნინის ნორმასაც ასრულებდნენ. როცა ეს გაცხადდა, მაქსიმიანემ სისინი საწამებლად გადასცა ოლქის მმართველ ლავდიკიუსს. წმიდანი საპყრობილეში ჩააგდეს. საპყრობილის მცველმა აპრონიანემ, როცა მისი ზეციური ნათლით გაბრწყინებული სახე იხილა, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა, შემდეგ წმიდანთან ერთად პაპ მარკელთან მივიდა, მირონი იცხო და მისივე ხელით ეზიარა. იმავე დღეს, 7 ივნისს, სისინი და სატურნინი აპრონიანეს თანხლებით ლავდიკიუსის წინაშე წარდგნენ. აპრონიანეს მაშინვე მოჰკვეთეს თავი, სისინი და სატურნინი კი საპყრობილეში ჩააგდეს. ლავდიკიუსმა ბრძანა, წარმართულ ტაძარში მიეყვანათ ისინი მსხვერპლშეწირვის წესის აღსასრულებლად. სატურნინმა თქვა: „დაე, ფერფლად აქციოს უფალმა წარმართული ბომონები!“ იმავ წამს კერპების წინ მდგარი სამფეხები, რომლებზეც საკმეველი იკმეოდა ცრუ-ღმერთების პატივად, გალღვა. ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა პაპიუსმა და მავრიმ აღიარეს ქრისტე. ხანგრძლივი წამების შემდეგ სისინსა და სატურნინს თავები მოჰკვეთეს, პაპიუსი და მავრი კი საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც გულმხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნათლისღების მადლის მონიჭებას. ყოვლადსახიერი ღვთის შემწეობით აღმსარებლებმა შეძლეს შეუმჩნევლად დაეტოვებინათ სატუსაღო, მარკელის ხელით მონათლულიყვნენ და უკანვე დაბრუნებულიყვნენ.

სამსჯავროზე მათ კვლავ აღიარეს ქრისტიანობა, რის გამოც საშინელ სატანჯველში ამოხადეს სული. მათი წმიდა ნაწილები მღვდლებმა, იოანემ და ფარასონმა მიაბარეს მიწას.

წმიდანებს – კვირიკეს, სამარაგდს, ლარგიუსს და სხვა ტყვე ქრისტიანებს კვლავ ქანცის გაწყვეტამდე ამუშავებდნენ.

ამ დროს დიოკლეტიანეს უმცროსი ქალიშვილი არტემია ბოროტი სულისგან იტანჯებოდა. როცა იმპერატორმა შეიტყო, რომ ტყვე კვირიკე სნეულებებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა, სამეფო კარზე მოუწოდა მას. წმიდანმა განკურნა, შემდეგ კი მონათლა ასული. დიოკლეტიანემ მადლიერების ნიშნად თავისუფლება მიანიჭა კვირიკეს, სამარაგდსა და ლარგიუსს. მოკლე ხანში მან კვირიკე სპარსეთში გაგზავნა სპარსეთის მეფის ასულის განსაკურნებლად. რომისკენ მობრუნებული წმიდანი ახალი იმპერატორის, გადამდგარი დიოკლეტიანეს სიძის, გალერიუსის ბრძანებით შეიპყრეს. მეფის ასულის, არტემიას გაქრისტიანების გამო გაცეცხლებამდე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ბრბოს დასაცინად და აბუჩად ასაგდებად თავისი ეტლის უკან ეტარებინათ გაშიშვლებული და შებორკილი კვირიკე.

პაპმა მარკელმა სახალხოდ ამხილა გალერიუსი უდანაშაულო ქრისტიანების მხეცურ ტანჯვაში, რისთვისაც საპყრობილეში ჩასვეს. წმიდანები: კვირიკე, სამარაგდი, ლარგიუსი და კიდევ ერთი ტყვე, კრისკენტიანე, წამებით მოკლეს. საპყრობილეში სიკვდილით დასაჯეს წმიდა კვირიკესთან ერთად გამომწყვდეული მეფის ასული არტემია და სხვა 21 პყრობილი.

რომაელმა ღვთისმსახურმა პაპი მარკელი საპყრობილიდან გააპარა. მან კვირიკეს, სამარაგდისა და ლარგიუსის ცხედრები ქრისტიანი ქალების, პრისკილასა და ლუკინას მამულში გადაასვენა, ლუკიანას სახლი კი ტაძრად აქცია.

იმპერატორის ტახტზე ასულმა მაქსენტიუსმა ბრძანა, დაენგრიათ ტაძარი და საქონლის სადგომად ექციათ, წმიდა პაპი კი ნახირის მწყემსად განაწესა. შიმშილით, ყინვით და სიმყრალეში გდებით გატანჯული წმიდა მარკელი დაავადდა და 310 წელს მიიცვალა.

წმიდა პრისკილა და ლუკინა უპატიოდ განდევნეს რომიდან, მათი მამულები კი დაარბიეს.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ბრწყინავდა - პირველი ლედის ფოტოები პარიზიდან
"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"
"ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქეთი დოლიძე 9 აპრილზე მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება
ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილიდან
დაწერე კომენტარი