2 ივნისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი

წმიდა მოწამენი: თალალე, ალექსანდრე და ასტერი (+284) – ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეის მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი – ბერუტი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.

განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს – ალექსანდრეს და ასტერს – უბრძანა, კიდურები გაეხვრიტათ მოწამისთვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ღვთის განგებით ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის წარკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ზღვაში ჩააგდეს.
ალექსანდრე და ასტერი
სასჯელის აღსრულების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, მთავრისა და მსახურების წინაშე კვლავ წამოიმართა ბრწყინვალე სამოსელში შემოსილი წმიდა თალალე. ერთ-ერთმა დიდებულმა, მოგვმა ურვიკიანემ მთავარს ურჩია, მხეცებისთვის მიეგდო წმიდანი, მაგრამ არც მძვინვარე დათვმა, არც მშიერმა ლომმა პირი არ დააკარა მას. ნანახით გაოგნებული ხალხი ხმამაღლა გაიძახოდა: „დიდია ღმერთი ქრისტიანეთა, უფალო თალალესო, შეგვიწყალენ ჩვენ!“ ბრბომ შეიპყრო ურვიკიანე და მხეცებს მიუგდო, წმიდა თალალე კი მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს. მოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლის აღათონიკეს ტაძარშია დასვენებული და მრავალ სასწაულს აღასრულებს.

წმიდა თალალე ეკლესიის მიერ შერაცხილია უვერცხლო მკურნალად. მას მიმართავენ ლოცვით ზეთის კურთხევისა და აიაზმის (წყლის კურთხევის) დროს.

 

წმიდა მოწამე ასკალონი

წმიდა მოწამე ასკალონი დაიბადა დიდ ერმოპოლში (შუა ეგვიპტე). წმიდანი ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. მთავარ არიანესთან მიყვანილმა ასკალონმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი განაცხადა წარმართული ღმერთების მსახურებაზე. წმიდანმა არიანეს უწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო და თვითონაც აღიარებდა იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით ასკალონი სასტიკად აწამეს, ბოძზე დაკიდეს და ბასრი იარაღით დასერეს. მან მდუმარედ დაითმინა ტკივილები. ერთ-ერთი მეომარი მოწამესთან მივიდა და თქვა: „შეხედეთ, მან გრძნობა დაკარგა და სიკვდილის პირასაა მისული“. წმიდანმა უპასუხა: „მე გრძნობა არ დამიკარგავს, მოუკლებლად ვადიდებ შემოქმედ ღმერთს“.

არიანემ ბრძანა, წმიდანი ნილოსის მეორე ნაპირას, ქალაქ ანტიოქიაში წაეყვანათ, სადაც მალე თვითონაც უნდა ჩასულიყო. წმიდა ასკალონი უფალს შეევედრა, მთავრის ნავი მდინარეში გაეჩერებინა მანამ, სანამ არიანე ხალხის წინაშე არ აღიარებდა იესო ქრისტეს. მართლაც, მდინარის შუაგულში არიანეს ნავი გაჩერდა. მენიჩბეებმა ვერანაირი ძალით ვერ მოახერხეს მისი დაძვრა ადგილიდან. წმიდანის რჩევით მთავარმა აღიარა იესო ქრისტე, მაგრამ მომხდარი სასწაული ასკალონის ჯადოქრობას მიაწერა და ქალაქში ჩასულმა კვლავ ბრძანა მისი წამება, შემდეგ კი მდინარეში ჩაახრჩობინა იგი. წმიდა ასკალონმა ქრისტიანებს დაუბარა: „ძმანო, ესწრაფეთ საუკუნო გვირგვინს უფლისა ჩვენისა. მესამე დღეს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იპოვით ჩემს ცხედარს. დამარხეთ იგი ზედ გამობმულ ქვებთან ერთად“.

მართლაც, მესამე დღეს ქრისტიანებმა იპოვეს წმიდანის ქვებგამობმული ცხედარი და მისი ანდერძისამებრ დაასაფლავეს.

ღირსი თალასე

ღირსი თალასე ლიბიის ერთ-ერთ მონასტერს წინამძღვრობდა VII საუკუნეში. იგი მაქსიმე აღმსარებლის (ხს. 21 იანვარს) მეგობარი იყო. როგორც წმიდა მოსაგრეთა მიმოწერიდან ჩანს, ისინი მრავალი წლის მანძილზე სულიერ ცხოვრებაში წარმოქმნილი სიძნელეების გასარკვევად წერილობით მიმართავდნენ ხოლმე ერთმანეთს. საღვთო წერილში ღრმად განსწავლული ნეტარი თალასე სამწყსოს განათლებაზეც ზრუნავდა. მას ეკუთვნის ნაშრომი „სიყვარულისა, თავშეკავებისა და სულიერი ცხოვრების შესახებ“, რომელიც აკროსტიხების სახით შექმნილი 400 სტატიისგან შედგება. თხზულებაში ავტორი გვაწვდის ზნეობრივ სწავლებებს, ეხება დოგმატურ საკითხებსაც. იოანე დამასკელი (ხს. 4 დეკემბერს) თავის საღვთისმეტყველო ნაშრომებში ღირსი თალასეს ნაწერებს ეყრდნობა. წმიდა მამა ძირითადად შინაგან სულიერ ღვაწლზე, ვნებებთან ბრძოლაზე ამახვილებს ყურადღებას.
ღირსი თალასე
ღირსი თალასე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა, დაახლოებით 660 წელს. მისი ნაწილებიდან კეთილსურნელოვანი მირონი გადმოდინდა.

 

წმიდა ზაბულონი და სოსანა

წმიდა ზაბულონი და სოსანა, წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ.

წმიდა ზაბულონი დაიბადა კაბადოკიაში დაახ. 280 წელს. წმიდა ზაბულონის მშობლები ღრმადმორწმუნე ქრისტიანები იყვნენ. ამ დროს კაბადოკიაში მრავლად ცხოვრობდნენ ქართველური ტომები. მეცნიერთა ვარაუდით წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. როგორც წყაროები გვამცნობენ, წმიდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა „კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელით ზაბულონი“ და რომის იმპერატორის არმიაში დაიწყო სამსახური, მან მალე გაითქვა სახელი, როგორც ნიჭიერმა მხედარმა და უბადლო მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს „მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს“, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს.
წმიდა ზაბულონი და სოსანა
წმიდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა იმპერატორს სთხოვა შეესრულებინა ტყვეთა ბოლო სურვილი. სიკვდილმისჯილებს „მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა“. წმიდა ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და იმპერატორმა მიჰმადლა მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე.

წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს. IX საუკუნის უცნობი ქართველი ჰიმნოგრაფი წმიდა ნინოს შესხმისას წერს: „ზაბულონ მამამან მისმან ფრანგნი უკუე მოაქცივნა მახვილითა, ხოლო ნეტარმან ნინო მოაქცივნა ქართველნი, ჯვრითა ცხოველითა“.

წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად. იქ მან მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა ფრანგთა „მამასა და ემბაზს“, „ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ“ ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში – კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ „მსახურებასა შინა გლახაკთასა“.

როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ, „სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან“. წმიდა სოსანა – „დედა იგი წმიდა ნინოსი მისცა პატრიარქმან მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“. ცნობა წმიდა ნინოს მშობლების შესახებ მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახა.

1996 წლის 10(23) დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება:

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!

ქართველი ერის განმანათლებლის, წმიდა ნინოს მშობლები, ზაბულონ და სოსანა, ოდეს მძლავრობდა წარმართთა სარწმუნოება და მრავალნი ეწამებოდნენ ქრისტესთვის, იყვნენ დაუფარავი აღმსარებელნი ჭეშმარიტი ღმერთისა და ნათლისმცემელ მრავალთა, შემდგომად კი, დაუტევეს რა ყოველი მონაგები, შეუდგნენ ღმერთსა, ზაბულონ – უდაბნოსა შინა, ხოლო სოსანა – გლახაკთა მსახურებასა შინა.

საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი განაჩინებს, რათა წმიდა ნინოს მშობლები მოციქულთა სწორის აღზრდისათვის და ღვთივსათნო მოსაგრე ცხოვრებისათვის შერაცხილ იქნენ წმიდანთა დასში და ეწოდოთ: ზაბულონს – ღირსი მამა ზაბულონი და სოსანას – ღირსი დედა სოსანა“.

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდისა ალექსისა

აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა-საკვირველთმოქმედისა (1431). წმიდა ალექსიმ სიკვდილის წინ დაიბარა, დაესაფლავებინათ კრემლში, ჩუდოვის (სასწაულთა) მონასტერში. წმიდა კეთილმსახური მთავრის დიმიტრი დონელის ბრძანებით მიტროპოლიტის ცხედარი ამ ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს.
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდისა ალექსისა
1431 წლის 20 მაისს ეკლესიის გუმბათი სიძველის გამო ჩამოიქცა. ახალი ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა წმიდა ალექსის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1485 წელს წმიდა ნაწილები გადაასვენეს წმიდანის სახელზე აგებულ ეკლესიაში. დღეს მისი ნაწილები მოსკოვის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში ინახება.

დაწერე კომენტარი