2 ივლისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოციქული იუდა

წმიდა მოციქული იუდა, ათორმეტთაგანი, დავითისა და სოლომონის შტოდან აღმოცენდა – იგი მართალი იოსებ დამწინდველის ძე იყო პირველი ქორწინებიდან. სახარებაში, იმდროინდელი ჩვეულების თანახმად, იუდა სხვა სახელებითაც იხსენიება: ლებეოსი (მთ. 10,3); თადეოზი (მთ. 10,3; მკ. 3,18); ბარსაბა (საქმე, 15,22).
წმიდა მოციქული იუდა
გადმოცემის თანახმად, როცა ეგვიპტიდან დაბრუნებულმა იოსებ დამწინდველმა თავისი კუთვნილი მიწების დანაწილება დაიწყო ძმებს შორის, ისურვა, მარიამ ქალწულისგან შობილი ქრისტე მაცხოვრისთვისაც გამოეყო ნაწილი. ძმები წინ აღუდგნენ მამის განზრახვას, რადგან, როგორც იოანე ღვთისმეტყველი წერს, „არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი“ (ინ. 7,5). მხოლოდ უფროსმა მათგანმა – იაკობმა მიიღო იგი თავისი მამულის თანამფლობლად. მოგვიანებით იუდამ ირწმუნა ქრისტე აღთქმულ მესიად, წრფელი გულით შეუდგა მას და მაცხოვრის ათორმეტ უახლოეს მოწაფეს შორის იქნა შერაცხილი, მაგრამ თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა – თავისსავე კათოლიკე ეპისტოლეში იგი მხოლოდ იაკობის ძმად იხსენიება.

იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ მოციქული იუდა სახარების საქადაგებლად გაემგზავრა. იგი ჯერ იუდეაში, გალილეაში, სამარიასა და იდუმეაში ავრცელებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შემდეგ არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში მოგზაურობდა, ბოლოს კი ქალაქ ეფესოში ჩავიდა, სადაც სამოცდათთაგანი მოციქულის, თადეოზის მიერ დაწყებული საქმე დაასრულა. შემონახულია ცნობა იმის შესახებ, რომ იუდას სპარსეთშიც უქადაგია ქრისტიანობა და იქვე დაუწერია თავისი კათოლიკე ეპისტოლე ბერძნულ ენაზე. წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა სომხეთის ქალაქ არათში. უსჯულოებმა იგი ჯვარზე გააკრეს და ისრებით განგმირეს.

ღირსი პაისი დიდი

პამვას სიკვდილამდე ამ სავანეში ცხოვრობდა, შემდეგ კი, ღვთის ნებით, ნიტრიის უდაბნოს სიღრმეში შევიდა და საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დაეყუდა. აქ ნეტარი მამა საოცარი ჩვენების ხილვის ღირსი შეიქმნა: თავად უფალმა იესო ქრისტემ განუცხადა, რომ მისი ღვაწლის მეოხებით მთელი უდაბნო სულიერ მოღვაწეთა სამკვიდრებლებით მოიფინებოდა. პაისი გაკადნიერდა ეკითხა, როგორ შეძლებენო ისინი არსებობას ამ უსიცოცხლო გარემოში. უფალმა მიუგო: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავენ, მე თვითონ მივაწვდი მათ ყველაფერ აუცილებელს და ბოროტის საცთურთა მახესაც განვარიდებ!“

თანდათან წმიდა მამის ირგვლივ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები შემოიკრიბნენ და მონასტრებიც დაარსდა. წმიდა მამას სული დაუმძიმა მდუმარების აღთქმის დარღვევამ და უფრო შორეულ მღვიმეში გადასახლდა.
ღირსი პაისი დიდი
დაუცხრომელი მოღვაწეობისათვის წმიდანს სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, მისი კურთხევით ეგვიპტეში ხელსაქმის გასაყიდად წასულ ბერს გზად ერთი ებრაელი დაემგზავრა. იგი გულმართალ მონაზონს ჩასჩიჩინებდა, ქრისტე მაცხოვარი არ არის მესია, სხვა, ჭეშმარიტ მხსნელს უნდა მოველოდეთო. ბოლოს მოწესემ დაეჭვებით თქვა: „შესაძლოა მართალიცაა, რასაც ლაპარაკობ“, მაგრამ თავისი სიტყვებისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. სავანეში დაბრუნებულ ბერს წმიდა პაისიმ მწუხარებით მიმართა: „ჩემი მოწაფე ქრისტიანი იყო, შენ კი ქრისტიანი აღარა ხარ – ნათლისღების მადლი განგეშორა“. მონაზონი სინანულში ჩავარდა და მწარედ აცრემლებულმა შენდობა ითხოვა. მხოლოდ მაშინ დადგა წმიდა მამა ლოცვად და უფლისგან სულიერი შვილისათვის ცოდვის ახსნა გამოითხოვა.

ღირსი პაისი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. იგი ცდილობდა, შეძლებისდაგვარად დაეფარა თავისი ღვაწლი. ძმების შეკითხვაზე, რომელი სათნოებააო ყველაზე აღმატებული, წმიდანი პასუხობდა: „ის, რომელიც ფარულად აღესრულება და რომლის შესახებაც არავინ უწყის“.

ღირსი პაისი V საუკუნეში მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში. ბერებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას. რამდენიმე ხნის შემდეგ წმიდა ისიდორე პელუსიოტელმა (ხს. 4 თებერვალს) ნეტარი მამის უხრწნელი ნაწილები თავის სავანეში გადაასვენა და მისი სულიერი მეგობრის, ღირსი პავლე მეუდაბნოეს ნეშთის გვერდით დააბრძანა.

წმიდა მოწამე ზოსიმე

წმიდა მოწამე ზოსიმე თრაკიის ქალაქ აპოლონიაში ცხოვრობდა ქრისტიანთა მდევნელი იმპერატორის, ტრაიანეს (89-117) ზეობისას. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მან დააგდო სამხედრო სამსახური და ჭეშმარიტ ღვთისმოსავებს შეერთო. უსჯულოებმა უფლის რჩეული ანტიოქიის მმართველ დომიციანესთან დაასმინეს. სამსჯავროზე წარმდგარმა ზოსიმემ ახოვნად აღიარა ქრისტე, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე კი უარი განაცხადა. ამისთვის მარტვილი სასტიკად აწამეს. მმართველის ბრძანებით, იგი გახურებულ სარეცელზე გააწვინეს, მაგრამ პირჯვრის მადლით დაცულს არანაირი ტკივილი არ უგრძვნია. დომიციანემ განკარგულება გასცა, წმიდანი ლანჩებში ლურსმნებგაჩრილი სანდლებით ეტარებინათ. შემდეგ ნეტარი ზოსიმე საპყრობილეში ჩააგდეს მშიერ-მწყურვალი. ანგელოზმა პურითა და წყლით განუახლა ძალა მოუძლურებულს. როცა ხანგრძლივი და აუტანელი სატანჯველებით ვერ მოდრიკეს ქრისტეს აღმსარებელი, უღონოქმნილმა მტარვალებმა მას თავი მოჰკვეთეს. წმიდანმა ლოცვით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე ზოსიმე

ღირსი იოანე განდეგილი

ღირსი იოანე განდეგილი პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად მოღვაწეობდა. ერთადერთი, რაც უპოვარ მოსაგრეს გააჩნდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იყო. წმიდა მამა ხშირად მოგზაურობდა იერუსალიმისა და სინას მთის წმიდა ადგილების მოსალოცად. მღვიმიდან გასვლის წინ იგი ღვთისმშობელს გამოსთხოვდა კურთხევას და ხატთან ანთებულ კანდელს ტოვებდა. ერთი, ზოგჯერ კი ექვსი თვის შემდეგაც უკან მობრუნებულ მამას კანდელი ყოველთვის ჩაუმქრალი და ზეთით სავსე ხვდებოდა. ერთხელ, ვიწრო ბილიკზე ბერს ლომი შემოხვდა, გაქცევაც შეუძლებელი იყო და გვერდის ავლაც. მაშინ თვითონ ნადირთა მეფემ მოიდრიკა ქედი წმიდანის წინაშე: უკანა თათებზე დამდგარი ფრთხილად აეკრა კლდეს და მოწიწებით გაატარა განდეგილი.
ღირსი იოანე განდეგილი
ღირსი იოანე განდეგილი VI საუკუნეში გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.

ღირსი პაისი ხილენდარელი

ღირსი პაისი ხილენდარელი 1722 წელს დაიბადა ბანსკოში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში. მისი ერთი ძმა ხილენდარის მონასტრის იღუმენი იყო, მეორე – ტაძრებისა და მონასტრების უხვი შემომწირველი. თავად პაისი რილის სავანეში მსახურობდა მორჩილად. 1745 წელს 23 წლის ასაკში, წმიდანი ძმასთან, ხილენდარის მონასტერში გადავიდა და ბერად აღიკვეცა. ღვთივგაბრძნობილი მოსაგრე მალე მღვდლად აკურთხეს. 1762 წელს ღირსმა პაისიმ დაწერა „სლავო-ბულგარეთის ისტორია“ – წიგნი, რომელმაც განამტკიცა ბულგარელი ხალხის ეროვნული თვითშეგნება. უცხოტომელთა უღლით დათრგუნულ და შევიწროებულ ქვეყანაში მან კვლავ ააელვარა მოციქულთასწორების, კირილესა და მეთოდეს (ხს. 11 მაისს) მიერ აგზნებული მართლმადიდებლობის ლამპარი.
ღირსი პაისი ხილენდარელი
ნეტარი მამის მიცვალების დრო და ადგილი დღემდე უცნობია. ბულგარეთის ეკლესიის წმიდა სინოდმა უწმიდესი პატრიარქის კირილეს თავმჯდომარეობით იგი 1962 წლის 26 ივნისს შერაცხა წმიდანად. პაისი ხილენდარელის (ბულგარელის) სახელი მიეკუთვნა პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ბულგარეთის მრავალ ინსტიტუტსა და სკოლას, რაც მისადმი მთელი ერის დიდ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემაზე მეტყველებს.

პოპულარული

რატომ არ ატარებენ ქალები ბიუსტჰალტერებს 13 ოქტომბერს
დაპირისპირება ვაკეში - ტაქსისტი უკრაინის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
"იძულებულ გახადეს ჩემი ძმა, დედაბუდიანად არიან ბო*ები და გათახსირებულები" - ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის და (ვიდეო)
"არ დამნებდები და ჩაჯდები ციხეშიო..." - სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებლი "ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი