19 ივლისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ღირსმა სისო დიდმა ადრეულ სიჭაბუკეში დატოვა ეს სოფელი და ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) მოსაგრეობის ადგილას მოღვაწეობდა სამოცზე მეტი წლის განმავლობაში. დაუცხრომელი მარხვით, ლოცვითა და მღვიძარებით მან სრულიად განიწმიდა სული და უფლისაგან სასწაულთქმედების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭიც მიემადლა.

საკუთარი თავისადმი მეტად მკაცრი და მომთხოვნი ღირსი სისო მოყვასის სიყვარულით იყო აღსავსე. ყველა მომსვლელს იგი უპირატესად თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა. როცა ერთმა მეუდაბნოემ წმიდანს ჰკითხა, როგორ შეძელით, ღვთის მარადიული ხსოვნისთვის მიგეღწიათო, მან უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია – საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისთვის, ღირსმა სისომ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი სულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“.

როცა ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, სახე უეცრად გაუბრწყინდა. მოწაფეებმა ჰკითხეს, თუ რას ხედავდა. – წინასწარმეტყველნი და მოციქულნი დგანანო ჩემს წინაშე. შემდეგ შენიშნეს, რომ მომაკვდავი ვიღაცას ესაუბრებოდა: მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს დროს სთხოვდა სინანულისთვის. ამით გაკვირვებულ ძმებს თავმდაბალმა მოსაგრემ მიუგო: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც მოვიგე კი?!“ ამ სიტყვების დამთავრებისთანავე ნეტარის პირისახიდან ისეთი ელვარება გამოკრთა, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს მისთვის თვალის გასწორება. წმიდა სისომ მოასწრო ეთქვა, თავად მაცხოვარი წარმოდგაო და სული უფალს შეჰვედრა (+429).

წმიდა მოწამენი მარინი, მართა, ავდიფაქსი, ამბაკუმი, კვირინე, ვალენტინე ხუცესი, ასტერიოსი და სხვა მრავალნი, რომში წამებულნი. იმპერატორ კლავდიუს II-ის (268-270) მეფობაში წმიდა მარინი მეუღლე მართასთან და ვაჟიშვილებთან – ავდიფაქსთან და ამბაკუმთან ერთად სპარსეთიდან რომში წავიდა წმიდა მოციქულების, პეტრესა და პავლეს საფლავთა თაყვანსაცემად. ამ დროს რომში ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო, მართლმორწმუნეებს აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, სიკვდილით სჯიდნენ… მარინმა ცოლ-შვილთან ერთად პყრობილ ქრისტიანთა მსახურება და წმიდა მოწამეთა გვამების დაფლვა იტვირთა. როცა სოლარის გზასთან მიწის სათხრელად გაგზავნილი ორასსამოცი ქრისტიანი, მათ შორის ტრიბუნი ვლასტიც მოკლეს. წმიდანთა ოჯახი ხუცეს იოანესთან ერთად ღამღამობით უჩუმრად მიასვენებდა მარტვილთა ცხედრებს კატაკომბებში და პატივით კრძალავდა. საპყრობილეში მიბრუნებისას მათ შეიტყვეს, რომ წინა დღეს სიკვდილით დაესაჯათ ტყვე კვირინე, რომელსაც სიყვარულით ემსახურებოდნენ ქრისტესთვის დათმენილი მრავალგვარი სატანჯველის გამო. ნეტარმა მოღვაწეებმა მოძებნეს და მიწას მიაბარეს მისი ცხედარი. ამის შემდეგ მარინი, მართა და მისი ძენი მდევრებს განერიდნენ, მაგრამ უფალმა ისურვა, მოწამეობრივი აღსასრულით გაებრწყინებინა თავისი სათნომყოფელნი. წარმართებმა თავი მოჰკვეთეს ქრისტეს მხნე აღმსარებელს, საკვირველთმოქმედ ხუცეს ვალენტინეს, დიდებულ კარისკაც ასტერიოსს. სიკვდილით დასაჯეს მათთან თავშეფარებული სპარსელი მოღვაწეებიც: მარინი, ავდიფაქსი და ამბაკუმი. წმიდა მართა მდინარეში დაახრჩვეს (+269).

წმიდა მოწამენი ლუკია ქალწული, რიქსე, ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური. წმიდა ლუკია იტალიაში, კამპანიის ოლქში დაიბადა. მან სიყმაწვილიდანვე უფალს უძღვნა თავი და მკაცრად და კეთილმსახურებით ცხოვრობდა. ქალწული ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა ერთ-ერთი გერმანული ტომის ბელადმა, რიქსემ ტყვედ ჩაიგდო. თავდაპირველად უსჯულო მბრძანებელი წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდა ლუკიას, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ ურყევი იყო აღმსარებლის სარწმუნოება. ამან რიქსე წმიდანისადმი ღრმა პატივისცემით განმსჭვალა და მას პატარა სახლიც გამოუყო, სადაც ქალწული მხევლებთან ერთად დაუცხრომელ ლოცვაში ატარებდა დროს. ბელადი სალაშქროდ წასვლის წინ ლუკიასაგან ითხოვდა ხოლმე დალოცვას და შინ მუდამ გამარჯვებული ბრუნდებოდა.

ოცი წლის შემდეგ ქრისტეს სასძლომ შეიტყო, რომ იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო და რიქსეს იტალიაში დაბრუნების ნებართვა სთხოვა – სურდა, თანამემამულეებთან ერთად ედიდებინა უფალი. რიქსე, ლუკიას გავლენით, ამ დროისთვის უკვე ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე იყო მოქცეული. მანაც მარტვილობის სურვილით, დატოვა სასახლე, ოჯახი და ნეტარ ქალწულთან ერთად რომს მიაშურა.

ქრისტესმოძულე რომაელი პრეფექტის, ელიუსის ბრძანებით, წმიდანებს თავები მოჰკვეთეს. მათ შემდეგ მოისრნენ მახვილით წმიდა მოწამენი: ანტონი, ლუკიანე, ისიდორე, დიონი, დიოდორე, ქუთონიოსი, არონოსი, კაპიკე და სატური (+301).

წმიდა მოწამე კოინტე ფრიგიაში დაიბადა,ქრისტიანმა მშობლებმა იგი კეთილმსახურებით აღზარდეს. ნეოლიდაში ჩასული წმინდანი მრავალ ქველისსაქმეს აღასრულებდა და ეშმაკეულებს ლოცვით კურნავდა. ოლქის მმართველი რუფოსი შეეცადა, წარმართული კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეთანხმებინა წმიდანი, მაგრამ, ღვთის განგებით, მმართველი ბოროტმა სულმა შეიპყრო. ნეტარმა კოინტემ ქრისტეს სახელით განკურნა იგი. მომხდარით სულშეძრულმა და მადლიერებით აღვსილმა რუფოსმა უფლის რჩეული დაასაჩუქრა და გაათავისუფლა.

წმიდა მოსაგრე პერგამონისკენ გაემართა. გზაზე იგი ქალაქ კიმის მკვიდრმა წარმართებმა შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის აწამეს. კოინტეს თავად უფალი გამოესარჩლა: მიწა ისე ძლიერ შეირყა, რომ წარმართული საკერპო ნამსხვრევებად იქცა. დამფრთხალმა ღვთისმგმობელებმა წამება შეწყვიტეს, მაგრამ ახალი მმართველის, კლეარქის ჩასვლამდე მაინც ბორკილებში ამყოფებდნენ აღმსარებელს. კლეარქმა ბრძანა, მუხლები გადაემსხვრიათ მისთვის, მაგრამ, სულიწმიდის მადლით, ნეტარი სასწაულებრივ განიკურნა წყლულებისაგან. ამის შემდეგ წმიდა კოინტემ კიდევ ათი წელი იცხოვრა და მრავალი სასწაულიც აღასრულა, 283 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი ისავრე დიაკონი, ინოკენტი, ფელიქსი, ერმი, ბასილი და პერეგრინე ქრისტეს აღსარებისთვის მაკედონიის ქალაქ აპოლონიაში ეწამნენ იმპერატორ ნუმერიანეს (283-284) დროს. მათთან ერთად თავები მოკვეთეს ქალაქის მთავრებს – რუფოსსა და რუფინეს

რეკლამა

დაწერე კომენტარი