18 იანვრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდანები თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. წმიდა თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო დიოკლეტიანეს დროს. ის გაბედულად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. უსჯულო იმპერატორმა თავის კარზე იხმო მართლმადიდებლობის ქადაგი და მოსთხოვა, აპოლონის კერპისათვის ეცა თაყვანი. პასუხად მტკიცე უარი მიიღო. მაშინ თეოპემპტი გახურებულ ქურაში ჩააგდეს, მაგრამ ღმერთმა დაიცვა თავისი მსასოებელი. დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, 22 დღე შიმშილითა და წყურვილით ეტანჯათ იგი. ამგვარმა სისასტიკემაც ვერაფერი დააკლო უფლის რჩეულს. მაშინ მეფემ ცნობილ ჯადოქარ თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა შხამიანი კვერი აჭამა პყრობილს, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. თეონას შემზადებული უფრო ძლიერი შხამიც უძლური აღმოჩნდა მღვდელმთავრის სიწმიდის წინაშე. მაშინ ჯადოქარმა სცნო თავისი ბილწი მფარველის უძლურება და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს. მან მონათლა თეონა და სინესიუსი უწოდა, რაც „გაბრძნობილს” ნიშნავს.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თეოპემპტს და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისგან ქრისტეს უარყოფა. წმიდანი კვლავ ურყევად იდგა. მაშინ გამხეცებული მტარვალის ბრძანებით, ენითაუწერელი სატანჯველით აწამეს მხნე აღმსარებელი და თავი მოჰკვეთეს. წმიდა თეონაც მოწამეობრივად აღესრულა: მან უარი განაცხადა კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რისთვისაც ცოცხლად დამარხეს. ეს მოხდა 303 წელს.

წმიდა წინასწარმეტყველი მიქეა იუდეაში ცხოვრობდა ელია წინასწარმეტყველის დროს. მიქეამ ამხილა მეფე აქაბი და მას ასურელებთან ბრძოლაში დაღუპვა უწინასწარმეტყველა, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს. აქაბის სიკვდილის შემდეგ წმიდანი გაანთავისუფლეს (3 მეფეთა 22,8-22). მიქეამ წინასწარ განჭვრიტა, რომ მაცხოვარი ბეთლემში იშვებოდა (მიქ. 5,2). იგი მოწამეობრივად აღესრულა ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში.

ღირსი სინკლიტიკია ალექსანდრიელი შეძლებული ოჯახის ასული იყო. მომხიბლავი ქალწული სიყრმიდანვე მხოლოდ უფლის სათნოყოფაზე ფიქრობდა. მან გათხოვებაზე უარი განაცხადა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მშობლების სიკვდილის შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და უსინათლო დასთან ერთად ერთი ნათესავის კუთვნილ აკლდამაში დაემკვიდრა. როცა წმიდანის მოღვაწეობის ამბავი გახმიანდა, იქაურობას მრავალმა დედამ და ქალწულმა მიაშურა. ღირსი სინკლიტიკიაც მთელი ცხოვრების მანძილზე მოძღვრავდა დებს. 80 წლის წმიდანს მძიმე სენი შეეყარა. ახოვანმა მოსაგრემ ჭეშმარიტი ქრისტიანული მოთმინებით გაუძლო განსაცდელს და გარდაიცვალა 350 წელს, 83 წლის ასაკში.

ღირსი აპოლინარია იყო ასული ანფემიუსისა, რომელიც თეოდოსი უმცროსის (408-450) არასრულწლოვანების დროს ბიზანტიის იმპერიას განაგებდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო და კეთილმორწმუნე მშობლებისაგან აღმოსავლეთის წმიდა ადგილების მოლოცვის უფლება გამოითხოვა. როცა იერუსალიმიდან ალექსანდრიაში ჩავიდნენ, წმიდანმა ბერის ტანსაცმელი გადაიცვა, მონა-მხევლებს გაეპარა და ერთ ჭაობიან ადგილას დაემკვიდრა, სადაც რამდენიმე წელი მოსაგრეობდა მკაცრი მარხვითა და ლოცვით. შემდეგ ქალწული უფლის მინიშნებით წმიდა მაკარი ეგვიპტელის სავანეში დასახლდა ბერი დოროთეს სახელით და მალე ცნობილი გახდა თავისი მოსაგრე ცხოვრებით. აპოლონარიას მშობლებს მეორე, ეშმაკეული ასულიც ჰყავდათ. მათ იგი ღირსი მაკარის სავანეში გაგზავნეს. იღუმენმა სნეული ბერი დოროთეს (წმიდა აპოლინარიას) მიჰგვარა, რომელმაც ლოცვით განკურნა იგი. სახლში დაბრუნებულ ქალწულს კვლავ დაეუფლა ბოროტი. ეშმაკმა თავის ჭურჭელს ორსული ქალის ფორმა მისცა. ამან საშინლად განარისხა მისი მშობლები. მათ მეომრები გაგზავნეს სავანეში და შვილის შეურაცხმყოფელი გამოითხოვეს.

წმიდა აპოლინარიამ თავის თავზე აიღო დანაშაული და მეომრებს მშობლიურ სახლში გაჰყვა. აქ ის გამოეცნაურა დედ-მამას და ისევ სავანეში დაბრუნდა. აპოლინარია მშვიდობით მიიცვალა 470 წელს. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს ძმებმა, რომ ახოვანი მოსაგრე დოროთე ქალი იყო. წმიდანის ცხედარი დაკრძალეს წმიდა მაკარი მეგვიპტელის სავანეში.

ღირსი გრიგოლ აკრიტელი კუნძულ კრეტაზე დაიბადა 760 წელს. დიდგვაროვანმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ამ დროს იმპერიაში ხატმებრძოლეობა ბობოქრობდა. ჭაბუკმა გრიგოლმა სელევკიას მიაშურა, სადაც მის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას საფრთხე არ ემუქრებოდა და კეთილმსახურებით ცხოვრობდა.

20 წლის იყო წმიდანი, როცა იერუსალიმში გაემგზავრა. არაბთაგან და ებრაელთაგან საშინლად შევიწროებულმა აქ 12 წელი დაჰყო. აქედან გრიგოლი რომში გადასახლდა და იქვე აღიკვეცა ბერად. რომში ღირსი მამა დაუახლოვდა წმიდა მიქაელს, სვინადელ ეპისკოპოსს (ხს. 23 მაისს), რომელმაც თან გაიყოლა იგი და დაამკვიდრა აკრიტზე (მარმარილოს ზღვა) მდებარე სავანეში. აქ წმიდა გრიგოლი სიცოცხლის აღსასრულამდე (დაახლ. 820 წ) მოსაგრეობდა.

ღირსი ფოსტერი მეუდაბნოე მაღალ მთაზე მოსაგრეობდა. თავისი სასწაულებით და წმიდა ცხოვრებით მრავალი დაიცვა ერეტიკოსთა მომწამვლელი სწავლებისაგან.

ღირსი მინა 50 წელი მოღვაწეობდა სინას მონასტერში. მშვიდობით მიიცვალა VI საუკუნის II ნახევარში.

დაწერე კომენტარი