18 აგვისტოს მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა მოწამე ევსეგნიოსი

წმიდა მოწამე ევსეგნიოსი ანტიოქიაში დაიბადა III საუკუნის შუა წლებში. ექვსი ათწლეულის მანძილზე მსახურობდა იგი რომაელი იმპერატორების: დიოკლეტიანეს, მაქსიმიანე ჰერკულესის, კონსტანტინე ქლორუსის, კონსტანტინე დიდისა და მისი ძეების ლაშქარში. კონსტანტინე დიდის (306-337) მეფობის დასაწყისში ევსეგნიოსმა საკუთარი თვალებით იხილა გამარჯვების მაუწყებელი ბრწყინვალე ჯვრის გამოჩენა ცაზე.
წმიდა მოწამე ევსეგნიოსი
მოხუცებულობაში წმიდანმა დატოვა სამხედრო სამსახური და სამშობლოს მიაშურა. აქ იგი ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს. ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე განდგომილი (261-263), რომელიც იმპერიაში წარმართული სარწმუნოების აღდგენას ესწრაფოდა. ერთ-ერთი ანტიოქიელის დასმენით წმინდა ევსეგნიოსი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისთვის იმპერატორის სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა უშიშრად ამხილა მრისხანე თვითმპყრობელი მაცხოვრის უარყოფაში; მისი ნათესავი, კონსტანტინე დიდი დაუსახა მაგალითად და, როგორც თვითმხილველმა, დაწვრილებით მოუთხრო ცაზე ჯვრის ნიშის სასწაულებრივი გამოჩენის შესახებ. იულიანემ ასათ წელს მიღწეულ მოხუცს თავი მოკვეთა (+362).

წმიდა მოწამე პონტიოსი

წმიდა მოწამე პონტიოსი მესამე საუკუნეში ცხოვრობდა. იგი რომაელი წარმართი სენატორის, მარკოზისა და მისი მეუღლის, იულიას ვაჟი იყო. ერთხელ, როცა ორსული იულია ქმართან ერთად იუპიტერის ტაძარში შევიდა, აქ დაბუდებულმა ეშმაკმა ქურუმის პირით დაიღრიალა: „ჩვილი, რომელსაც ეს დედაკაცი საშოთი ატარებს, იუპიტერსა და მის სამსხვერპლოს შემუსრავს!“ როცა ჩვილი ამქვეყანას მოევლინა, ნაწინასწარმეტყველებით შეშინებულ დედას მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ მეუღლე წინ აღუდგა და ბავშვი გადარჩა. ყმაწვილის პონტიოსი დაარქვეს. როცა წამოიზარდა, წმინდა პონტიოსი დაინტერესდა ქრისტიანთა სწავლებით და რომის პაპ პონტიანეს მიმართა რჩევა-დარიგებისათვის და ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებით გონებაგანათლე-ბულმა აღიარა ქრისტიანობა. პონტიოსმა თავისი მამაც მოაქცია ქრისტიანობაზე და პონტიანემ მონათლა იგი მთელ სახლეულთან ერთად. მამის გარდაცვალების შემდეგ პონტიოსი, რომელიც იმ დროისათვის ოცი წლისა იყო, იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა (222-235) მამის ადგილზე – სენატორად დანიშნა. სენატში და იმპერატორის გარემოცვაში პონტიოსი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა. იმპერატორ ალექსანდრეს მემკვიდრის – მაქსიმინეს (235-238) დროს პაპმა პონტიანემ მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე (+235).
წმიდა მოწამე პონტიოსი
წმიდა პაპის შემდეგ რომის ეპისკოპოსად აირჩიეს მღვდელმთავარი ანთვირე, რომელმაც მალე თავისი წინამორბედის ხვედრი გაიზიარა – მარტვილობით აღესრულა ქრისტესთვის (+236). ნეტარი მღვდელმოწამის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა ფაბიოსი. ეკლესიის წმიდა წინამძღვარს მისგან შვილივით შეყვარებულმა პონტიოსმა მთელი თავისი ქონება გადასცა გლახაკთა საჭიროებისათვის. 238 წელს უსჯულო მაქსიმინე გარდაიცვალა. გამეფდა იმპერატორი გორდიანე III (238-244), რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა. მისმა მემკვიდრემ, იმპერატორმა ფილიპემ (244-249) კი წმიდა პონტიოსის საუბრებისა და ქადაგების გავლენით ირწმუნა ქრისტე და შვილთან, თანამმართველ ფილიპესთან ერთად ნათელიღო წმიდა პაპის, ფაბიოსის ხელით. იმპერატორის თანხმობით წმიდა პონტიოსმა და მღვდელმთავარმა ფაბიოსმა წარმართულ სამსხვერპლოში იუპიტერის კერპი შემუსრეს და მის ნაცვლად მართლმადიდებლური ტაძარი აღმართეს. ოთხი წლის მანძილზე ქრისტეს ეკლესიაში მშვიდობა სუფევდა, შემდეგ კი ტახტზე ავიდა უსჯულო დეკიუსი (249-251), რომელმაც შეთქმულება მოაწყო და იმპერატორი ფილიპე და მისი ძე სიცოცხლეს გამოასალმა. ამ ხანებში ეწამა მღვდელმთავარი ფაბიოსი (+250), წმიდა პონტიოსმა კი დატოვა რომი, იტალიისა და გალიის საზღვარზე მდებარე ქალაქ კიმელას მიაშურა და აქ მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. ამასობაში იმპერატორმა ვალერიანემ (253-259) ქვეყნის ყველა კუთხეში დაგზავნა ჯალათები ბრძანებით, მოეძებნათ და ამოეჟლიტათ ყველა ქრისტიანი. ამ მიზნით ქალაქ კიმელაში ჩავიდნენ კლავდიუსი და ანაბიუსი. წმიდა პონტიოსმა უშიშრად აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. ამისთვის ნეტარი საპყრობილეში ჩააგდეს. როცა მტარვალები პონტიოსის სატანჯველად გაემზადნენ, წმიდანმა მშვიდად გააფრთხილა ისინი, რომ წამების დამთავრებამდე გახდებოდნენ მოწმენი უფლის ძლევამოსილებისა. მართლაც, როგორც კი მსახურები ნეტარის საწამებელ ძელზე გაკვრას შეეცადნენ, იარაღი ნაწილებად დაიშალა, ჯალათები კი მკვდრებივით დაცვივდნენ მიწაზე.

„შეიცან, ცრუმორწმუნევ, ჩემი უფლის ყოვლადძლიერება“, – მიმართა წმიდა პონტიოსმა კლავდიუსს, მაგრამ მან ანაბიუსის რჩევით მარტვილი ცირკში ორ დათვს მიუგდო დასაგლეჯად. მხეცები წმიდანს არ გაეკარნენ, მცველები კი ნაკუწ-ნაკუწ დაფლითეს. „ერთ არს ღმერთი, ღმერთი ქრისტიანეთა, რომელსაც პონტიოსი აღიარებს!“ – იხუვლა ხალხმა. მტარვალთა ბრძანებით ჯალათებმა დიდი კოცონი დაანთეს ნეტარის დასაწვავად. ცეცხლი ჩაქრა, პონტიოსი კი უვნებელი დარჩა. მაყურებლებმა კიდევ უფრო მქუხარედ შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთა!“ მაშინ იქ მყოფმა, აღშფოთებულმა იუდეველებმა იღრიალეს: „მოკალით ჩქარა ეს ჯადოქარი!“ პონტიოსს მოაგონდა, თუ როგორ გასძახოდა ქრისტეს ჯვარცმის მოსურნე ბრბო პონტიუს პილატეს: „ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე“ და მადლობა შესწირა უფალს. წმიდა აღმსარებელს თავის მოკვეთა გადაუწყვიტეს. განაჩენი ქალაქგარეთ მოიყვანეს სისრულეში (+257). წმიდანის ნეშტი მისმა მეგობარმა, ვალერიანემ სიკვდილით დასჯის ადგილზე დაფლა. მოგვიანებით წმიდა ცხედარი კიმელას მახლობლად მდებარე ქალაქ ნიცაში გადაასვენეს.

მართალი ნონა

მართალი ნონა, გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია. მისი ვაჟი, გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „მას არ შეეძლო მშვიდად ატანა იმისა, რომ ღმერთთან ერთი ნახევრით შეერთებული ყოფილიყო, ხოლო მეორე ნახევრით განდგომილი. მას სურდა, რომ ხორციელ კავშირს სულიერი კავშირიც დართვოდა. ამიტომ დღე და ღამ მარხვითა და ცრემლით ევედრებოდა ღმერთს, ეხსნა მისი ქმარი“.

წმიდა ნონას ლოცვით გრიგოლს ღმერთმა ძილში ჩვენება მოუვლინა, რომლის შემდეგაც იგი ნიკეაში გამართულ პირველ მსოფლიო კრებაზე მივიდა და აღიარა თავისი მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. საცხოვნებელ გზას შემდგარი გრიგოლი ჯერ მღვდლად აკურთხეს, ხოლო შემდეგ ნაზიანზიოსის საეპისკოპოსო კათედრაც ჩააბარეს. მისი ეპისკოპოსად ხელდასხმის დროს დიაკონისად აკურთხეს წმიდა ნონაც.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წმიდა ნონას მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს. 368 წელს გარდაიცვალა მისი უმცროსი ვაჟი კესარიოსი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბრწყინვალე იმედებს იძლეოდა. მომდევნო წელს ქალიშვილიც მიიცვალა.
მართალი ნონა
გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: „დედაჩემი ყოველთვის იყო მტკიცე და მხნე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ უგრძვნია უძლურება, მაგრამ ბოლოს სნეულება შეეყარა. საუბარი რომ არ გამიგრძელდეს, მრავალ სატანჯველთაგან დავასახელებ ყველაზე მძიმეს, რომელიც მრავალი დღის მანძილზე უგრძელდებოდა და არავითარი წამლით არ იკურნებოდა. როგორღა ასაზრდოებდა მას ღმერთი? არც მანანას უგზავნიდა, როგორც ერთ დროს ისრაელს; არც ქვა განუპია, რათა წყალი გადმოედინა მწყურვალე ადამიანებისათვის, არც ყორნების მეშვეობით კვებავდა, როგორც ილიას და არც წმიდა წინასწარმეტყველის ხელით, როგორც ოდესღაც ორმოში ჩაგდებულ, შიმშილისაგან გაწამებულ დანიელს; მაშ, მაინც როგორ? მას წარმოუდგა, თითქოს მე, ვინც განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა), მოულოდნელად გამოვეცხადე ღამით. ხელში მეჭირა კალათა საოცარი თეთრი პურებით. შემდეგ წარმოვთქვი ლოცვა, პურს ჯვარი გადავსახე ჩვენში მიღებული ჩვეულების თანახმად და გემოს გასასინჯად მივაწოდე, რითაც განვამტკიცე და ძალები აღვუდგინე. ეს ღამეული ჩვენება მისთვის რაღაც ნამდვილად არსებული იყო, რადგან ამ დროიდან გონზე მოვიდა და საიმედო პირი დაეტყო. ის, რაც მას შეემთხვა, ნათლად, გარკვევით გაცხადდა. როცა დილით ადრე მასთან შევედი, მაშინვე შევამჩნიე მდგომარეობის გაუმჯობესება. შემდეგ ჩვეულებისამებრ ვკითხე, თუ როგორ გაატარა ღამე და რამე ხომ არ სჭირდებოდა. მან სხარტად და ტკბილად მიპასუხა: „საყვარელო შვილო, შენ თვითონ დამაპურე და ახლა კითხულობ ჩემს ჯანმრთელობას?! რა კეთილი და ლმობიერი ხარ!“ მოახლეებმა მანიშნეს, რომ არ შევპასუხებოდი, მისი სიტყვები გულგრილად არ მიმეღო და ჭეშმარიტების გამჟღავნებით სასოწარკვეთილებაში არ ჩამეგდო“.

374 წელს ასი წლის ასაკში გარდაიცვალა ეპისკოპოსი გრიგოლი (ხს. 1 იანვარს). წმიდა ნონა ქმრის სიკვდილის შემდეგ თითქმის აღარც გასულა ტაძრიდან, სადაც ლოცვის დროს შეჰვედრა კიდეც სული უფალს 374 წლის 5 აგვისტოს.

პოპულარული

"მივლინების დროს სექსით გარდაიცვალა..." - შალვა ნათელაშვილი
15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი