17 მარტის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ღირსი გერასიმე

ღირსი გერასიმეღირსი გერასიმე, რომელიც იყო იორდანეს (+475), წარმოშობით ლიკიიდან (მცირე აზია) იყო. ბერად აღკვეცის შემდეგ იგი თებაიდის (ეგვიპტე) უდაბნოში განმარტოვდა, დაახლოებით 450 წელს კი, პალესტინაში ჩამოვიდა და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა.

ერთ დროს ღირსი გერასიმე ევტიხისა და დიოსკორეს ერესით იყო ცდუნებული და იესო ქრისტეში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას აღიარებდა, მაგრამ ღირსი ექვთიმე დიდის (ხს. 20 იანვარს) თანადგომით ჭეშმარიტ სარწმუნოებას დაუბრუნდა.

სავანეში წმიდა ბერმა მკაცრი წესები განაჩინა: კვირაში ხუთი დღე მეუდაბნოეები განმარტოებით ცხოვრობდნენ, ცეცხლზე გამზადებულ საზრდელს არ ღებულობდნენ, მხოლოდ გამხმარი პურით, ბალახითა და წყლით იკვებებოდნენ, შაბათ-კვირას საღვთო ლიტურღიაზე იკრიბებოდნენ და ეზიარებოდნენ.

თითოეულ ბერს გააჩნდა მხოლოდ ძველი სამოსელი და ჭილოფი დასაძინებლად. კელიიდან გასვლისას მამები კარს არ კეტავდნენ, რათა გამვლელი შემოსულიყო, დაესვენა და საჭირო ნივთები წაეღო.

თვით ღირსი გერასიმე სამაგალითო იყო თავისი ღვაწლით. დიდმარხვაში ბრწყინვალე აღდგომამდე არაფერს ჭამდა, მთელ მარხვას უდაბნოში ატარებდა საყვარელ მოწაფესთან, ნეტარ კირიაკესთან (ხს. 29 სექტემბერს) ერთად, რომელიც ექვთიმე დიდმა გამოგზავნა მასთან.

როცა ექვთიმე დიდი გარდაიცვალა, ღირსმა გერასიმემ იხილა, თუ როგორ აღიყვანეს წმიდანის სული ანგელოზებმა ზეცად, ნეტარი კირიაკე ეახლა, წმიდა ექვთიმეს სავანეში წავიდა და მისი ცხედარი მიწას მიაბარა.

წმიდა მოწამენი: პავლე და მისი დაჲ იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე

პავლეწმიდა მოწამენი: პავლე და დაჲ მისი, იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატინიკე (+273). წმიდა მოწამენი, პავლე და იულიანა იმპერატორ ავრელიანეს დროს (270-275) აღესრულნენ ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში. ერთხელ ამ ქალაქში იმპერატორი ჩავიდა თავისი ამალით. დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა – კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს.

უსჯულო იმპერატორმა იულიანას ცდუნება გადაწყვიტა და ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ ეწამებინათ და-ძმა. ქრისტიანთა წამებით შეძრწუნებული ხალხი აბობოქრდა. იმპერატორი შეშინდა და მოწამეებისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.

სიკვდილის წინ ქრისტესთან მიახლოების სიხარულით გაბრწყინებული და-ძმა გალობდა: „შენ მაცხოვნე ჩვენ მაჭირვებელთა ჩვენთაგან და მოძულეთა ჩვენთა არცხვინე“ (ფს. 43,8).

ღირსი იაკობ მმარხველი

ღირსი იაკობ მმარხველიღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დაუშვა მონანული სულის დაცემა. უდაბნოში მოხეტიალე იაკობი მონასტერს გადააწყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის რჩევისა, დარჩენილიყო მათთან, იაკობმა კვლავ უდაბნოს მიაშურა, ბოლოს იგი შეხვდა ერთ მადლითა და სიბრძნით აღსავსე მეუდაბნოეს, მანაც თავისთან დარჩენა შესთავაზა იაკობს. იაკობი არ დარჩა, მაგრამ მეუდაბნოესთან საუბრით გაძლიერებული და დაიმედებული გამოქვაბულში ჩაიკეტა და ათი წლის განმავლობაში სინანულით, ცრემლითა და გოდებით შესთხოვდა უფალს ცოდვის მიტევებას. ღმერთმა შეივრდომა ლოცვებით განძლიერებული ბერი და კვლავ მიჰმადლა სასაწაულთქმედების ნიჭი. წმიდა იაკობი სიკვდილამდე თავის გამოქვაბულში ცხოვრობდა და იქვე დაიმარხა.

წმიდა კეთილმსახური მთავარი დანიელ მოსკოველი

დანიელ მოსკოველიწმიდა კეთილმსახური დანიელ მოსკოველი (+1303) ვლადიმირში დაიბადა 1261 წელს. ის იყო მეოთხე ძე წმიდა ალექსანდრე ნეველისა (ხს. 30 აგვისტოს და 23 ნოემბერს).

1272 წელს მთავარმა დანიელმა მემკვიდრეობით მიიღო ქალაქი მოსკოვი და მისი მიმდებარე მიწები. კეთილმსახურმა მთავარმა მდინარე მოსკოვის პირას ააშენა ტაძარი თავისი ზეციური მფარველის, ღირსი დანიელ მესვეტის (ხს. 11 დეკემბერს) სახელზე. მოსკოვის სამთავრო მაშინ პატარა და უბადრუკი იყო.

1300 წელს ღირსი დანიელის წინამძღოლობით მოსკოველებმა გაანადგურეს თათართა ლაშქარი, რომელიც დედაქალაქის დაპყრობას აპირებდა. ეს იყო პირველი გამარჯვება თათრებზე. მთავარს გამარჯვებით არ უსარგებლია, არ გაუძარცვავს, არ დაურბევია დამარცხებული სამთავრო და არც მისი მიწები მიუტაცნია. მას ერთხელაც არ აუღია ხელთ მახვილი თავისი სამთავროს გასაფართოებლად. ასეთი ღვთისმოსაობისთვის უფალმა დააჯილდოვა ღირსი დანიელი: ძმისწულმა, პერეიასლავლ-პალესკის მთავარმა, იოანე დიმიტრის ძემ, 1302 წელს თავისი სამთავრო მას გადასცა. ამ შემოერთებამ მოსკოვი დააწინაურა სხვა სამთავროთა შორის, სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის მიწების გაერთიანება.

1303 წელს წმიდა დანიელი მძიმედ დაავადდა, სქემა შეიმოსა და ანდერძად დაიბარა დაესაფლავებინათ დანილოვის მონასტერში. კეთილმსახური მთავარი გარდაიცვალა 4 მარტს.

დიდი მთავრის იოანე III-ის (1462-1505) დროს ღირსმა დანიელმა თავი შეახსენა გულმავიწყ შთამომავლობას. ის ერთ ყმაწვილს გამოეცხადა და უთხრა: „ნუ გეშინია, მე ქრისტიანი ვარ და ამ მხარის ბატონი ვარ. ჩემი სახელია დანიელი, მთავარი მოსკოვისა. ღვთის ნებით აქა ვარ დაფლული. უთხარი დიდ მთავარ იოანეს: დამივიწყე, მაგრამ არ მივიწყებს უფალი!“ ამის შემდეგ მთავარმა იოანემ, ეკლესიებში წინაპართა სულის საოხად, პანაშვიდების გადახდა დააწესა. იოანე მრისხანეს მეფობის დროს ღირსი დანიელის საფლავთან განიკურნა კოლომნელი ვაჭრის მომაკვდავი ვაჟი. ამ სასწაულით შეძრულმა მეფემ ბრძანა ძველი დანილოვის მონასტრის აღდგენა. 1652 წელს მოხდა ღირსი დანიელის წმიდა ნაწილების აღმოყვანება.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
აღაიანში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა
დაწერე კომენტარი