17 ივლისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდა ანდრია

წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას.
წმიდა ანდრია
თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. თავმდაბალი ბერი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველას აოცებდა თავისი ღვთისმოშიშებითა და გონიერებით. კეთილმსახურებისა და გამორჩეული ნიჭიერებისათვის იგი იერუსალიმის საპატრიარქოს მდივნად – ნოტარიუსად დანიშნეს. 680 წელს წმიდანი მთავარდიაკვნის ხარისხში VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც, მართლმადიდებლური დოგმატების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით ამხილა ერეტიკოსების ცრუსწავლება. კრება ახალი დამთავრებული იყო, როცა ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გაიწვიეს და წმიდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს. იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ ახალ სარბიელზე იგი გაბრწყინდა, როგორც დიდი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი და ჰიმნოგრაფი.

მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს – კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია „სინანულის დიდი კანონი“, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე ის ნაწილ-ნაწილ იკითხება, მეხუთე კვირიაკის ხუთშაბათს კი – მთლიანად. შემდგომ საუკუნეებში ანდრია კრეტელის ჰიმნოგრაფიული ტრადიციები გააგრძელეს წმიდა მამებმა: იოანე დამასკელმა, კოზმა მაიუმელმა, იოსებ მგალობელმა…

ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ საეკლესიო ისტორიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგი 712 წელს ასახელებს, სხვები – 726 წელს.

ღირსი მართა

ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე წმიდა სვიმეონ მესვეტის (ხს. 24 მაისს) დედა, დაიბადა ანტიოქიაში, VI საუკუნეში. იგი სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმიდანის მეუღლე, იოანე მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. იგი შვილს ღვთისმოშიშებისა და კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა: ხშირად დადიოდა ტაძრებში, ყურადღებით, კრძალვით ისმენდა საეკლესიო მსახურებას, ხშირად ეზიარებოდა წმიდა საიდუმლოს; ყოველ ღამით ლოცვად დგებოდა და გულმხურვალედ, ცრემლებით ევედრებოდა უფალს. მართა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მისი ზეციური მფარველი იყო და ხშირად ეცხადებოდა სასწაულებრივ ხილვებში. ღირსი დედა საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა: აპურებდა და მოსავდა გლახაკებს.
ღირსი მართა
წმიდა მართას უქმი სიტყვა არასოდეს დასცდენია ბაგეთაგან, არავის უნახავს იგი განრისხებული, ვინმესთან მოკამათე ან დაღვრემილი. ნეტარი დედის მთელი ცხოვრება ქადაგება იყო. თავისი მაგალითით მას ბევრი დაუყენებია ცხონების გზაზე. როცა წმიდანის შვილმა, სვიმეონმა საკვირველი ღვაწლითა და სასწაულებით შორს გაითქვა სახელი, დედა მივიდა მასთან და მხურვალედ ევედრა, არ გაამაყებულიყო, საკუთარი უძლურება არ დაევიწყებინა და ყველაფრისთვის უფალი ედიდებინა. ღირს მართას წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება: მას ანგელოზები წარმოუდგნენ სანთლებით ხელში და აუწყეს, რომ ერთი წლის შემდეგ მივიდოდნენ მის წასაყვანად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წმიდანი ღირსი შეიქნა ზეგარდმო ჩვენებით ეხილა მისთვის გამზადებული ზეციური ადგილსამყოფელი. ღვთისმშობელმა მას მართალთა სულებისთვის გამზადებული ბრწყინვალე ადგილები მოახილვინა.

ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოსაგრეობის ადგილზე დაკრძალეს. წმიდა ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.

მღვდელმოწამე თეოდორე

მღვდელმოწამე თეოდორე, კვირელი ეპისკოპოსი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს მოღვაწეობდა. იგი მეტად დახელოვნებული იყო კალიგრაფიაში და ტაძრებისთვის საღვთისმსახურო წიგნებს წერდა. ღვიძლმა შვილმა, ლეუსმა მამა ოლქის მმართველ დიგნიანთან დაასმინა – სახლში ქრისტიანულ წიგნებს ინახავს, ხალხს წარმართული ღვთაებების შეურაცხყოფას ასწავლის და ქრისტეს სარწმუნოებას უქადაგებსო. მღვდელმთავარი თეოდორე სამსჯავროზე წარადგინეს. მსაჯულმა ნეტარს მოსთხოვა წიგნები მისთვის ჩაებარებინა, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. აღმსარებელი სასტიკად სცემეს რკინის ჯოხებით, მაგრამ წამებამ კიდევ უფრო გაამხნევა იგი. მარტვილს ენა მოაჭრეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც დაასრულა კიდეც ამქვეყნიური სიცოცხლე და ნეტარ მარადისობას შეერთო (+310). სიკვდილით დასაჯეს აგრეთვე დედები: ლუკია, იეროია და ღირსი თეოდორეს ხელით ნათელღებული ყველა ქრისტიანი.

მღვდელმოწამე თეოდორე

წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია

წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია წმიდა იაკინთემ (ხს. 3 ივლისს) მოაქცია ქრისტიანობაზე. მარტვილის ნეტარი აღსასრულის შემდეგ ისინიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს (+108).

წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია

loading…

პოპულარული

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
"მამაჩემს უთქვამს ჩემზე, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო..." - ვისში აერია პოლიციას ნიკა ქავთარაძე
"რაო, კახაბერ გავიდა ერთი წელი და ვერ გააკეთე ვერაფერი ჯერ ხომ?..."- ელისაშვილი კახა კალაძეს
დაწერე კომენტარი