,,16 წელია ქალაქგარეთ ვცხოვრობ… შეუძლებელი გახდა ქალაქში ცხოვრება, ყველგან რაღაც შენდება” – ნინო კასრაძე

nino kasraZe

8 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი ნინო კასრაძე სტუმრობდა, რომელმაც რადიოს ეთერში ოჯახზე და კარიერაზე ისაუბრა.

– დავიწყოთ სახლით, სადაც თქვენ ცხოვრობთ უკვე 16 წელია. თქვენი სახლი ქალაქგარეთაა. რატომ გადაწყვიტეთ 16 წლის წინ ქალაქგარეთ გადასვლა? მაშინ ხომ თბილისში ისეთივე ვითარება არ იყო, როგორიც დღესაა, როდესაც ბევრი ადამიანი უჩივის ჰაერის ხარისხს და გამუდმებულ ხმაურს? როგორც ვიცი, თქვენ ეზოში მცენარეებიც გაქვთ, რომლებსაც უვლით..

– დიახ, 16 წელია ქალაქგარეთ ვცხოვრობ. სამწუხაროდ დღეს უკვე შეუძლებელი გახდა ქალაქში ცხოვრება, თუმცა ჩვენ გადაწყვეტილება  იმის შესახებ, რომ ქალაქგარეთ გვეცხოვრა, დიდი ხნის წინ მივიღეთ. დღეს უკიდურესობაში ვართ, ყველგან რაღაც შენდება. ეს უკვე ოქროყანასაც შეეხო, ადგილს, სადაც ვცხოვრობთ. იდეა იქ დასახლების შესახებ მას შემდეგ გაგვიჩნდა, რაც ოქროყანაში აგარაკი ვიქირავეთ. მაშინ მეორე შვილის გასაჩენად ვემზადებოდით. იქაურობა იმდენად მოგვეწონა, რომ გადავწყვიტეთ  ოქროყანაში გვეცხოვრა.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ ოჯახის, შვილების შესახებ. ვიცი, რომ არ გიყვართ პირადი ცხოვრების შესახებ საუბარი, თუმცა მინდა მოკლედ ვისაუბროთ თქვენს შვილებზე. მოსწონთ მათ თქვენი თუნდაც ეკრანზე დანახვა?

– მყავს ორი შვილი, ბიჭი და გოგონა. ჩემი გოგონა 18, ხოლო ბიჭი 16 წლისაა. ერთი სკოლას ამთავრებს, მეორე კი მეათე კლასშია. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი თეატრის ან იმ ფილმის დიდი თაყვანისმცემელია, რომელშიც ვმონაწილეობ, თუმცა მოსწონთ, რომ მათი დედა სპექტაკლებში თამაშობს. მათ ცხოვრებაში ისედაც არის მოცემულობა, რომ დედა მსახიობია, ამიტომ მათგან ზედმეტად დაინტერესებას ამ საკითხით არც ველი და არც ვითხოვ. შვილებს თავისუფლებას ვაძლევ. ჩემს შვილებს თავისი ცხოვრება აქვთ, თვითონ აღმოაჩენენ ყველაფერს.

დაწერე კომენტარი