15 ივლისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას. ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდე კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმიდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კითხვაზე, თუ რა სიწმინდე ინახებოდა მასთან, მასპინძელს დიდხანს არ სურდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძმებმა დაიჟინეს და ქალიც იძულებული გახდა, გაემხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს – ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.
დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას
ყოვლადწმიდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელთაგანი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისათვისვე გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. პატრიარქი გენადი (+471; ხს. 31 აგვისტოს) და იმპერატორი ლეონი კრძალვით მიეახლნენ და ეამბორნენ მას. ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატივსაცემად ახალი ეკლესია ააგეს. 458 წლის 2 ივლისს წმიდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერი პატივით გადაასვენა ამ ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმიდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი. დღესასწაული აერთიანებს ორ მოვლენას: ღვთისმშობლის სამოსლისა და მისივე სარტყლის დადებას ვლაქერნაში.

წმიდა იუბენალი

წმიდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი 420-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამოსაგრე იყო. ამ ხანებში მრავალი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელი ნესტორის ერესი. კრებას წმიდა კირილე ალექსანდრიელი (+444, ხს. 9 ივნისს) თავმჯდომარეობდა. მის თანამოაზრეებს შორის იყო პატრიარქი იუბენალიც; 451 წელს ქალაქ ქალკედონში მოეწყო IV მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუსწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ ქრისტეს ერთმა – ღვთაებრივმა ბუნებამ მეორე – კაცობრივი – მთლიანად შთანთქა.
წმიდა იუბენალი
წმიდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელიც მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება. წმიდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე. მაშინ უსჯულოებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმიდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინოპოლში ჩავიდა წმიდა პატრიარქ ანატოლისა (449-458; ხს. 5 ივლისს) და იმპერატორ მარკიანესთან. წმიდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა ორ თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.

ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ წმიდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა (+458).

დაწერე კომენტარი