15 აგვისტოს მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი

აღმოყვანება ნაწილთა პირველმოწამისა მთავარდიაკონისა სტეფანესი იერუსალიმით კონსტანტინოპოლს აღესრულა დაახლოებით 428 წელს.

პირველმოწამე სტეფანე იუდეველებმა ქვებით ჩაქოლეს, მისი წმიდა ცხედარი კი ღია ცის ქვეშ დააგდეს, ფრინველებისა და მხეცების საჯიჯგნად. მეორე ღამეს ცნობილმა იუდეველმა სჯულისმეცნიერმა, უკვე მაცხოვრის სარწმუნოებისკენ გადადრეკილმა გამალიელმა, რომელმაც მოციქულები დაიცვა სინედრიონზე (საქმე, 5.34-40), ერთგულ კაცებს გადაასვენებინა ნეტარის ნეშტი და თავის მამულში, იერუსალიმის მახლობლად, მღვიმეში დაფლა.
სტეფანესი
როცა მაცხოვრის ფარული მოწაფე, ნიკოდიმოსი (ინ. 3,1-21; 7,50-52; 19,38-42) გარდაიცვალა, გამალიელმა იგი სტეფანეს საფლავის მახლობლად დაკრძალა. შემდგომში იქვე დაასაფლავეს თავად გამალიელიც ნათელღებულ ძესთან, აბიბოსთან ერთად.

415 წელს მთავარეპისკოპოსმა იოანემ ეპისკოპოსებთან ელეფთერ სებასტიელთან და ელეფთერ იერიქონელთან ერთად სასწაულებრივ აღმოიყვანა წმიდანთა ნაწილები და საზეიმოდ გადაასვენა იერუსალიმში. ამ დროიდან მოყოლებული ამ სიწმიდეებთან მრავალი კურნება აღესრულებოდა.

შემდგომში, კეთილმსახური მეფის, თეოდოსი უმცროსის (408-450) დროს, პირველმოწამე სტეფანეს ნაწილები იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადასვენდა და წმიდა დიაკონ ლავრენტის სახელობის ტაძარში იქნა დაბრძანებული. როცა წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი აიგო, უხრწნელი ნაწილებიც აქ გადაასვენეს (2 აგვისტოს).

მღვდელმოწამე სტეფანე

მღვდელმოწამე სტეფანე, რომის პაპი ეწამა 257 წელს, იმპერატორ ვალერიანეს (253-259) ზეობისას. წმიდა მამა 253-257 წლებში განაგებდა რომის ეკლესიას და დაუცხრომლად იბრძოდა ნოვაციანელთა ერესის წინააღმდეგ. მართლმორწმუნეთა დევნისას იგი ფარულად ცხოვრობდა, მაგრამ განაგრძობდა ქრისტიანობის ქადაგებას და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მათ შორის იყო სამხედრო ტრიბუნი ნემეზიოსი, რომელმაც მას შემდეგ ცნო ქრისტეს მაცხოვარება, რაც მღვდელმთავარმა სასწაულებრივ განკურნა მისი ასული ლუცილა. დიაკვნად ნაკურთხი ნემეზიოსი ასულთან ერთად მოწამეობრივად აღესრულა – ისინი მახვილით განგმირეს. მმართველმა სიმფრონიუსმა, რომელიც მარსის ტაძარში მიიყვანეს საწამებლად, ლოცვის ძალით დაადნო ოქროს კერპი. ამ სასწაულის მხილველმა ტრიბუნმა მეუღლესთან, ეკზუპერიასთან და ვაჟთან, თეოდულესთან ერთად ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. უღმრთოებმა ყველანი ცეცხლში გამოწვეს. მარტვილთა წმიდა ნაწილები პაპმა სტეფანემ მიაბარა მიწას. იმავე ხანებში მოჰკვეთეს თავი თორმეტ კეთილმსახურს: ბონს, ფავსტოსს, მავრს, პრიმიტივს, კალუმნიოზს, იოანეს, ეკზუპერანციუსს, კირილეს, თეოდორეს, ბასილის, კასტელს, ჰონორატს და ტერტულინეს, რომლებიც ნეტარი მღვდელმთავრის მიერ ეზიარნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათელს. ბოლოს თავად პაპი მიიყვანეს იმპერატორ ვალერიანესთან. უსჯულო თვითმპყრობელმა წმიდანს მარსის ტაძარში თავის მოკვეთა მიუსაჯა, მაგრამ სანატრელი მამის ლოცვით ტაძრის დიდი ნაწილი ჩამოიქცა, დამფრთხალი მხედრები კი დაიფანტნენ. ეკლესიის წინამძღვარმა კატაკომბებს მიმართა – წმიდა ლუცილას აკლდამას შეაფარა თავი. მეომრებმა ქრისტიანთა შორის ქადაგების დროს მიაკვლიეს მას და სიცოცხლეს გამოასალმეს.

მღვდელმოწამე სტეფანე

ნეტარი ბასილი

ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი 1468 წელს დაიბადა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ელიხოვოში. როცა ყმაწვილი წამოიზარდა, მშობლებმა იგი ოსტატს მიაბარეს ხარაზობის შესასწავლად. ერთხელ, როცა წმიდანი თექვსმეტი წლისა იყო, სახელოსნოში ვაჭარმა შემოიარა და ჩექმები შეუკვეთა. ბასილის ცრემლები წასკდა, ვაჭარი ჩექმების ჩაცმას ვერც მოასწრებს, გარდაიცვლებაო. რამდენიმე დღეში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ამის შემდეგ ნეტარმა მოსკოვს მიაშურა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხში იგი ნახევრად შიშველი დადიოდა. უცნაური იყო მისი საქციელი: ხან პურის კვერებიან ხონჩას ააყირავებდა, ხან ბურახით სავსე დოქს ჰკრავდა ხელს. გაბრაზებული გამყიდველები უყვიროდნენ და სცემდნენ, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ პურის კვერები ცუდი გამომცხვარი იყო და ბურახიც უვარგისად შემზადებული. თანდათან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ნეტარი ბასილი ღვთისკაცი იყო, უსამართლობის მამხილებელი.
ნეტარი ბასილი
ერთხელ ერთმა ვაჭარმა მოსკოვში ტაძრის აგება გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოჰყავდა: თაღები სამჯერ ჩამოიქცა. შეშფოთებულმა, წმიდა სალოსს მიმართა რჩევისათვის, რომელიც ღარიბულ ქოხში იჯდა და ცარიელ აკვანს არწევდა. „ვის არწევ?“ – იკითხა მან. „მშობელ დედას ვუხდი გადაუხდელ ვალს ჩემი შობისა და აღზრდისათვის“, – იყო პასუხი. მხოლოდ მაშინ მოაგონდა ვაჭარს, რომ დედა სახლიდან გაგდებული ჰყავდა და მისთვის ცხადი შეიქნა, თუ რატომ ვერ ამთავრებდა მშენებლობას. იგი დაბრუნდა მოსკოვში, მშობელი სახლში დააბრუნა და კეთილი საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

ნეტარი, უწინარეს ყოვლისა, მათ ეხმარებოდა, ვინც სხვებზე მეტად საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ მოწყალების თხოვნა ერცხვინებოდა. იყო შემთხვევა, როცა მეფის მდიდრული ძღვენი მან უბოძა უცხოელ ვაჭარს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, სამი დღე ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში, მაგრამ წყალობას ვერ თხოულობდა, რადგან კარგი სამოსი ეცვა. მოყვასის სიყვარულის გამო უფლის რჩეული სამიკიტნოებშიც დადიოდა, სრულიად განადგურებულ ადამიანებშიც ეძებდა სიკეთის მარცვლებს. ბევრი ამჩნევდა, რომ, როცა ნეტარი ბასილი ჩაუვლიდა ხოლმე სახლებს, სადაც უაზროდ ლოთობდნენ და მხიარულობდნენ, მათ კუთხეებს კოცნიდა, კეთილმსახურთა სახლებს კი ქვებს ესროდა. როცა ამ საქციელის ახსნას სთხოვეს, წმიდანმა უპასუხა, იმ სახლებთან, სადაც თავაწყვეტილად ღრეობენ, მწუხარე ანგელოზები დგანან და ჭმუნავენ ადამიანთა უსჯულოების გამო. მე ცრემლებით ვევედრები მათ, ილოცონ ცოდვილთა მოსაქცევად. ღვთისმოშიშთა სახლებში კი ეშმაკებს ადგილი არა აქვთ – გარეთ დგანან, მე კი მათ ვდევნიო.

წმიდა ბასილი 1552 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა. მის კუბოს წმიდა სამების ტაძართან გამზადებულ საფლავამდე სხვებთან ერთად თავად ივანე მრისხანეც მიაცილებდა. 1554 წელს ნეტარის საფლავზე აიგო ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. 1558 წელს მოხდა წმიდანის კანონიზაცია და ნაწილთა აღმოყვანება.

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
სუპერსექსუალური სტილი და ახალი იმიჯი - ნუცას ფოტოები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა
დაწერე კომენტარი