14 ნოემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

14 ნოემბირს  მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

 

წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე

წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ, ისინი ასიაში (მცირე აზია) ცხოვრობდნენ. მათი დედა, მართლმორწმუნე ქრისტიანი თეოდოტია ადრე დაქვრივდა. კეთილმსახურებით აღზრდილი ძმები საოცარი ქველმოქმედებით გამოირჩეოდნენ. მოყვასთათვის კიდევ უფრო მეტი სარგებელი რომ მოეტანათ, ისინი მკურნალობის ხელოვნების დაუფლებას შეუდგნენ: ბალახებისა და მცენარეების სამკურნალო თვისებებს ეძიებდნენ და მალე საქმეში ღრმად ჩახედული ექიმები გახდნენ. უფალმა აკურთხა თავისი რჩეულები და ლოცვის ძალით სულიერი და ხორციელი ავადმყოფობების კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანები მკურნალობდნენ არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც და გაწეული დახმარებისთვის არანაირ საზღაურს არ ღებულობდნენ. ხალხმა მათ უვერცხლონი შეარქვა.

ერთხელ წმიდა მკურნალებს უხმეს მძიმედ დასნეულებულ დედაკაცთან, პალადიასთან, რომლის მკურნალობაზეც, სნეულის მძიმე მდგომარეობის გამო, ყველა ექიმმა უარი განაცხადა. პალადიას სარწმუნოებითა და ნეტარი ძმების მხურვალე ლოცვით უფალმა სულთმობრძავი განკურნა.

მადლიერებით აღსავსე ქალი მივიდა დამიანესთან, სამი კვერცხი გაუწოდა და უთხრა: „მიიღე ეს მცირედი საბოძვარი ყოვლადწმიდა სამების – მამის, ძის და სულიწმიდის სახელით“. წმიდა სამების სახელი რომ ესმა, უვეცხლომ უარის თქმა ვერ გაბედა.

კოზმა ძალიან დაღონდა – მან ჩათვალა, რომ დამიანემ დაარღვია მათი მკაცრი აღთქმა და სიკვდილის წინ დაიბარა, იგი მის გვერდით არ დაეკრძალათ. მალე დამიანეც გარდაიცვალა. ყველანი გაუგებრობაში აღმოჩნდნენ – ვერ გადაეწყვიტათ, სად დაეკრძალათ წმიდა მკურნალი. მაშინ, ღვთის ნებით, სასწაული აღესრულა: ხალხის წინაშე უვერცხლო მკურნალების მიერ ოდესღაც ცოფისგან განკურნებული აქლემი წარდგა, ადამიანური ხმით ალაპარაკდა და ყველას ამცნო, დამიანე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაეკრძალათ კოზმას გვერდით, რადგან მას ანგარებით კი არ მიუღია ძღვენი დედაკაცისაგან, არამედ უფლის სახელით. ნეტარი ძმების წმიდა ნეშტი ერთად დაკრძალეს ფერემანში (მესოპოტამია).

წმიდანი უვეცხლონი სიკვდილის შემდეგაც მრავალ სასწაულს აღასრულებდნენ. ფერემანში, კოზმასა და დამიანეს სახელობის ტაძრის მახლობლად მცხოვრებმა ქრისტიანმა კაცმა, მალქოზმა შორეული მგზავრობის წინ მისი ახალგაზრდა მეუღლე წმიდა ძმებს შეავედრა და მათ ზეციურ მფარველობას მიანდო. მალქოზის ერთი ახლობელი კაცი რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთან სახლში მივიდა და უთხრა, შენმა ქმარმა გამომგზავნა, რომ მასთან მიგიყვანოო. მალქოზის მეუღლე ენდო სტუმარს და გაჰყვა, კაცმა კი იგი უდაბურ ადგილას გაიყვანა და შეეცადა, ჯერ ძალა ეხმარა მასზე, შემდეგ კი მოეკლა. უეცრად საიდანღაც ორი ჭაბუკი გამოჩნდა. მზაკვარმა კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ ხრამში გადაიჩეხა. ჭაბუკებმა მალქოზის ცოლი შინ დააბრუნეს. სასწაულებრივ გადარჩენილმა ქალმა სახლის ზღურბლთან მათ მდაბალი მადლი უძღვნა და ჰკითხა: „რა გქვიათ, ჩემო მხსნელებო, ვის ვუმადლოდე სიცოცხლეს?“ „ჩვენ ქრისტეს მონები კოზმა და დამიანე ვართ“, – უპასუხეს ჭაბუკებმა და გაუჩინარდნენ. შეძრწუნებულმა და გახარებულმა ქალმა ყველას მოუთხრო, რაც თავს გადახდა, ღვთისადმი მადლიერებით აღსავსემ, აცრემლებულმა, კოზმასა და დამიანეს ხატს მიმართა და სამადლობელი ლოცვა აღავლინა გადარჩენისთვის. ამ დღიდან მოყოლებული, წმიდა უვეცხლო მკურნალ ძმებს თაყვანს სცემენ, როგორც ქრისტიანული ოჯახის სიწმიდისა და სიმტკიცის მფარველებს.

 

წმიდა უვერცხლონი კოზმა და დამიანე

წმიდა მოწამე ერმინინგელდი

წმიდა მოწამე ერმინინგელდი იყო გუთთა მეფის შვილი, იგი ესპანეთის ეპისკოპოსმა ლეანდრემ არიანელთა მწვალებლობიდან მართლმადიდებლობაზე მოაქცია. ერმინინგელდის მამა მტკიცედ იდგა არიანობაზე. ის ყოველმხრივ ეცადა, ძე კვლავ არიანელობაზე გადაედრიკა, მაგრამ ამაოდ. სარწმუნოებრივ ნიადაგზე მამა-შვილს შორის ატეხილი ბრძოლის დროს ერმინინგელდი შეიპყრეს და ბორკილებასხმული ვიწრო და ბნელ საკანში გამოამწყვდიეს. აღდგომის წინა დღეს პყრობილი მეფისწულის საზიარებლად არიანელი ეპისკოპოსი გაგზავნეს, მაგრამ უფლის რჩეულმა არ მიიღო ერეტიკოსი. გამძვინვარებულმა არიანელებმა ნეტარს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 586 წელს, 13-14 აპრილს. ძის სარწმუნოების სიმტკიცითა და სიმამაცით გაოცებულმა მამამ შეინანა თავისი საქციელი, მაგრამ მართლმადიდებლობის მიღება ვერ გადაწყვიტა და ეპისკოპოს ლეანდრეს უბრძანა, მისი მემკვიდრე რიჰარდი მაინც მოექცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. გამეფების შემდეგ რიჰარდმა მთელს ქვეყანაში განამტკიცა მართლმადიდებლობა.

წმიდა ღირსმოწამე იაკობი

წმიდა ღირსმოწამე იაკობი ათონის მთაზე აღიკვეცა ბერად. იგი იოანე ნათლისმცემლის სახელობის ივერთა დაცარიელებულ სკიტში დამკვიდრდა, განაახლა იგი და ბერი ეგნატეს ხელმძღვანელობით შეუდგა მოსაგრეობას. დაუცხრომელი ღვაწლით უფლის რჩეულმა სულის ისეთი სიწმიდე მოიგო, რომ ღვთაებრივი ხილვების ღირსი შეიქნა. პავლე მოციქულის მსგავსად მასაც განეცხადა სასუფევლის ნეტარება და ჯოჯოხეთის სატანჯველები. ზეგარდმო ნიჭით წმიდანი ცხადად ჭვრეტდა ყოველი მომსვლელის ფარულ გულისზრახვებსა და ფიქრებს, უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული. მოწაფეებთან ერთად ეტოლიაში ჩასული ნეტარი იაკობი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: სნეულებს კურნავდა და ყველას მოძღვრავდა. ურიცხვი ადამიანი იყრიდა თავს წმიდანის ირგვლივ. ავისმზრახველებმა ღირსი მამა თურქეთის ხელისუფლებასთან დაასმინეს, ხალხს იკრებს და ამბოხის მოწყობაც შეუძლიაო. მტარვალებმა ეს ცრუხმები საბაბად გამოიყენეს და ნეტარს მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვეს. პასუხად წმიდა იაკობმა და მისმა ორივე მოწაფემ: ბერ-დიაკონმა იაკობმა და დიონისე მონაზონმა მტკიცედ აღიარეს ქრისტე. ამისთვის მათ უღმრთოებისგან ხანგრძლივი წამება დაითმინეს და ბოლოს, 1520 წლის 1 ნოემბერს, ტანჯვით შეჰვედრეს სული უფალს. ღირსმოწამეთა სასწაულებით გაბრწყინებული წმიდა ნაწილები წმიდა ანასტასიას (ხს. 22 დეკემბერს) სახელობის მონასტერში დააბრძანეს თესალონიკის მახლობლად, დაბა გალატისტაში.

წმიდა ღირსმოწამე იაკობი

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა

წმიდა მოწამენი: კვირიენა და იულიანა ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. კილიკიის მმართველის, მარკიანეს ბრძანებით, გაშიშვლებულ, თმებმოკვეცილ წმიდა კვირიენას ბრბოს დასაცინად დაატარებდნენ თავისი მშობლიური ქალაქის, ტარსოსის ირგვლივ, შემდეგ კი წმიდა იულიანასთან ერთად ქალაქ როსაში გაგზავნეს, სადაც ორივენი ცეცხლში დაწვეს.

კვირიენა და იულიანა

მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი

მღვდელმოწამე იოანე ეპისკოპოსი და იაკობ ხუცესი ქრისტეს მოშურნე ქადაგებისთვის 345 წელს, საპორ II-ის ზეობისას ეწამნენ სპარსეთში: უღმერთოებმა ისინი მახვილებით განგმირეს.

წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი

წმიდა მოწამენი: კესარიოსი, დასიოსი და მათ თანა ხუთნი მოწამენი, VII საუკუნეში, როცა ქალაქი დამასკო მაჰმადიანებმა დაიპყრეს, ქრისტეს მხნე აღსარებისთვის კესარიოსსა, დასიოსს და კიდევ ხუთ ქრისტიანს, რომელთა სახელები არ შემონახულა თავები მოჰკვეთეს.

loading…
გააკეთე კომენტარი!