12 მაისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმინდა მამა ბასილი

წმინდა მამა ბასილი, წოდებული ოსტროგელად, დაიბადა ხუმის მიწაზე ( დღევანდელი ჰერცეგოვინა ), რომელსაც წმინდა საბა ათონის მთაზე წასვლამდე განაგებდა (* წმინდა საბა იყო სერბეთის სამეფოს პირველი მეფის, სტეფანე ნემანიას შვილი და ზახუმის მიწის გამგებელი, ერობაში რასტკო ნემანიჩი ,რომელმაც უარი თქვა სამეფო გვირგვინზე და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ბერად აღიკვეცა. წმინდა საბა აღიარებულია სერბების განმანათლებლად,XIII საუკუნე, თუმცა ქრისტიანობა სერბეთში უფრო ბევრად ადრინდელი პერიოდიდან იწყება. წმინდა საბას მოხსენიების დღეა ახალი სტილით 27 იანვარი , თვით მამა ბასილი ოსტროგელის მოხსენიების დღე კი ახალი სტილით 12 მაისია). ათონის მთიდან დაბრუნებულმა წმინდა საბამ აღადგინა სერბეთის სამთავარეპისკოპოსო, დაარსა ზახუმის საეპისკოპოსო, რომელსაც შემდგომში როგორც მიტროპოლიტი, წმინდა მამა ბასილი მართავდა.

გავეცნოთ წმინდა სასწაულმოქმედი მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრებას.

წმინდა ბასილი ოსტროგელი დაიბადა 1610 წლის 28 დეკემბერს ჰერცეგოვინის სოფელ მრკონიჩში (Мркоњић у Поповом Пољу ). მისი მშობლები, მამა პეტრე იოვანოვიჩი და დედა ანასტასია, იყვნენ ხვთისმოშიშნი,სათნო და კეთილი მორწმუნე მართლმადიდებელნი. წმინდა ბასილს მშობლებმა ნათლობისას სტოიანი დაარქვეს. ყრმობიდანვე ასწავლეს ღვთის და მოყვასის სიყვარული, ყოველი საქმის სიყვარულით კეთება და საღვთო სიბრძნე.
წმინდა მამა ბასილი
პატარა სტოიანი ადრიდანვე გამოოირჩეოდა გონების სისხარტითა და სიჭკვიანით, სიმშვიდით, მდუმარებით, სულით კი მთლიანად უფლისკენ მიბრუნებული და ღვთისმოსავი იყო. ბავშვობიდან მარხულობდა,ლოცულობდა, ესწრებოდა ეკლესიაში ღვთისმსახურებას.

სტოიანის ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა, მაგრამ სტოიანი იმ პატარა პურის ნაჭერსაც კი მარტოდ არ შეექცეოდა,არამედ სხვებს უნაწილებდა. ცხვრების მწყემსვისას სხვა მწყემსებს მუდამ ეპატიჟებოდა ისედაც მცირედზე.

მშობლებმა პატარა სტოიანი მწიგნობრობისთვის ახლოში მდებარე ზავალის მონასტერში მიაბარეს, რომლის იღუმენიც სტოიანის ბიძა იყო. ეს მონასტერი ჰერცეგოვინაში განთქმული იყო საძმოს სიმრავლით და განსწავლული ბერებით. სტოიანმა იქ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი და წმინდა მამათა სიბრძნე, ასევე საერო მეცნიერებანი. მან აქვე გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო.

ზავალის მონასტრიდან გარკვეული ხნის შემდეგ ღირსი მამა გადავიდა ტვრდოშში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, ამავე მონასტერში იყო მაშინდელი ტრებინის ეპარქიის რეზიდენცია.

მორჩილებაში ცხოვრებამ სტოიანს საბოლოოდ გადააწყვეტინა მონაზონი გამხდარიყო. მთელ დროს ის ლოცვასა და მარხვაში ატარებდა,ასევე ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა. მალევე სტოიანი ბერად აღკვეცეს და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ სამონაზნო სახელი ბასილი ეწოდა .

ღირსი მამა ბასილი ტვრდოშის მონასტრიდან ჩერნოგორიის მაშინდელმა ცეტინის (Цетиње) მიტროპოლიტმა მარდარიამ თავის რეზიდენციაში გადაიყვანა, სადაც მან აგრეთვე რამდენიმე წელიწადი დაჰყო.

იმ დროისათვის მართლმადიდებლური სერბეთის დასავლეთში გაძლიერდა ლათინთა პროპაგანდა. რომიდან გამოგზავნილ იქნენ იეზუიტები, გამოეყენებინათ რა თურქთა მონობის უღლით გამოწვეული სერბი ხალხის გაჭირვება. ისინი ცდილობდნენ მართლმადიდებელი სერბები რომის პაპის ძალაუფლების ქვეშ მოექციათ, ეზიარებოდნენ რა ლათინთა ერესს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მამა ბასილი შეეცადა მიტროპოლიტის ყურადღება მიეპყრო და დროზე ეშველა მათი სამწყოსათვის, მაგრამ მიტროპოლიტმა ღირსი მამის მცდელობა ყურადღების გარეშე დატოვა. წმინდა მამა თავისი ქადაგებებითა და საკუთარ ხალხზე ლოცვით, მართლმადიდებლობის უდიდესი სიყვარულით განმსჭვალული ეცდებოდა რამდენადაც შეეძლო დაეცვა თავისი მრევლი რომის ვერაგული ჩანაფიქრისაგან. აგრეთვე უშიშრად ამხელდა უნიის (* იგულისხმება ავსტრია-უნგრეთის უნია) ხრიკებს.

მიტროპოლიტთან უსიამოვნების აცილების მიზნით მამა ბასილი თავის ძველ ტვრდოშის მონასტერს დაუბრუნდა და თავისი ერის რწმენის დასაცავად მოღვაწეობას იქიდან აგრძელებდა. გამუდმებით ევედრებოდა უფალს დაეცვა მართლმადიდებელი მრევლი ბოროტისაგან, თურქთა უკანონობისა და მათ მიერ განადგურებისაგან დაეხსნა ხალხი. ღირსი მამა გამოდიოდა ხალხში და ნუგეშს სცემდა მათ, მოუწოდებდა დათმენისაკენ, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ამის გამო თურქებმა მას რაიების ღვთისმლოცველი (“рајин богомољец”) უწოდეს (* თურქი ჯარისკაცები სერბ მოსახლეობას რაიებს ეძახდნენ).

ზემოთხსენებულის გამო მამა ბასილის ბევრი მტერიც გაუჩნდა,გათურქებული მოსახლეობის ნაწილმა გადაწყვიტა მოეკლათ ღირსი მამა. კეთილი ხალხის რჩევით, რათა მისი სიცოცხლის საფრთხე გაუვნებელყოფილიყო და კიდევ შეძლებოდა ეღვაწა ერის წინაშე, სთხოვეს ღირს მამას გასცლოდა სერბეთს. მამა ბასილი დაემორჩილა ხალხის სურვილს და რუსეთს გაემგზავრა, სადაც მან რამდენიმე წელი გაატარა.

რუსეთიდან დაბრუნებულმა მამა ბასილიმ თან ჩამოიტანა ბევრი სხვადასხვა საღვრთო თუ საერო წიგნი, ასევე გარკვეული თანხა, რათა მის გაჭირვებულ მრევლს დახმარებოდა. განაახლა ასევე რამდენიმე მიტოვებული თუ თურქთა მიერ დანგრეული ტაძარი, დაარსა სახალხო სკოლები ტვრდოშის და სხვა ეპარქიებში.

კვლავ არ ასვენებდნენ ღირს მამას მტრები თავიანთი ბოროტებით. თურქებსა და გათურქებულთ ახლა ლათინთა აგენტებიც მიემატათ . კვლავ იძულებული გახდა მამა ბასილი დაეტოვებინა თავისი სამშობლო . ამჯერად მან ათონის წმინდა მთაზე გადახვეწა გადაწყვიტა. მანამდე იგი ეახლა პეჩის პატრიარქს პაისიას ( 1614-1647 წწ. ), მოუთხრო რა მართლმადიდებელ სერბთა დუხჭირი ცხოვრების და მათ წინაშე არსებული საფრთხის შესახებ. ამავე დროს ითხოვა ათონის მთაზე გამგზავრების კურთხევა.

ბრძენმა პატრიარქმა ამოიცნო უკვე არქიმანდრიტ ბასილის სიყვარული ღვთისა და ერის მიმართ, შეაფასა მისი სამწყემსო მოღვაწეობანი და მიანიჭა მას ეპისკოპოსის წოდება . პატრიარქმა პაისიამ აღიარა მამა ბასილის ღვაწლი, რომ სწორედ ასეთი ღვთისნიერი ადამიანი ესაჭიროებოდა საფრთხეში ჩავარდნილი ერისთვის რწმენის შენარჩუნებას.

წმინდა ბასილი გაემგზავრა ათონის მთაზე და ერთი წელი დაჰყო იქ ჰილანდარისა (* სერბ მამათა მონასტერი) და სხვა მონასტრების ბერმონაზონთა ერთად, საკუთარი ერის,მთელი მართლმადიდებელი მრევლის საერო და სულიერ კეთილდღეობისათვის უფლისადმი ლოცვა-ვედრებით.

ათონის მთიდან დაბრუნების შემდეგ მამა ბასილი კვლავ ეწვია პეჩში იმდროინდელ პატრიარქს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ,30 წლის ეპისკოპოსი მამა ბასილი პატრიარქმა ტვრდოშის მონასტერში გააგზავნა, სულიერად ამაღლებული და თავისი წმინდა , მადლიანი ცხოვრებით გამორჩეული ეპისკოპოსი ძნელბედობის ჟამს კვლავ ჩადგა ხალხისა და ეკლესიის სამსახურში.

მიუხედავად უამრავი სასიცოცხლო საფრთხისა, რომელიც წმინდა მამას ყველა მხრიდან ემუქრებოდა, იგი გმირულად აგრძელებდა თავის საერო თუ სასულიერო მოღვაწეობას. ის მოგზაურობდა მთელ საეპისკოპოსოში , ამხნევებდა ხალხს, ანუგეშებდა და მოუწოდებდა რწმენის შენარჩუნებას, რამეთუ სხვა მხრივ მის ერს ხსნა არ ეწერა.
ბოროტის წინააღმდეგ წმინდა მამის მთავარი იარაღი ღვთის სიტყვა და ლოცვა იყო. მისი ლოცვების ძალა კი იმდენად აღმატებული იყო, რომ ჯერ კიდევ მაშინ ფლობდა განკურნვის თუ წინასწარმეტყველების უნარს , ავლენდა სასწაულებრივ ქმედებებს. ხალხი მას უკვე წმინდანად მიიჩნევდა, სწამდათ მისი სასწაულმოქმედი ლოცვების ძალის .

არამხოლოდ წმინდა ბასილი გამოდიოდა ხალხში და აძლიერებდა მათ სულიერად,არამედ თვით ხალხი ეახლებოდა ხოლმე მას, ითხოვდნენ მისგან დახმარებას და ნუგეშისცემას სხვადასხვაგვარი განსაცდელის ჟამს. წმინდა მამა არამარტო თავისი ლოცვებით შეეწეოდა ხოლმე მის მრევლს,არამედ მოწყალებასაც იღებდა, საეპისკოპოსოში შეგროვილ თანხას ურიგებდა გაჭირვებულთ, ასევე ბევრს ზრუნავდა მიტოვებული და დანგრეული მონასტრების ამოქმედებაზე. შეძლებული თავადაზნაურები სიამოვნებით იღებდნენ გასამრჯელოს ეკლესია-მონასტრების გასაახლებლად, ისტორიაში შემორჩენილია მაგალითად წმინდა ბასილის თანამედროვე ქველმოქმედი თავადი სტეფანე ვლადისლავიჩის სახელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თუნდაც ტვრდოშის მონასტრის განახლებაში,სადაც თვით მამა ბასილი წირვა-ლოცვას აღავლენდა.

მამა ბასილის ტვრდოშის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდში თურქებმა მოკლეს აღმოსავლეთ ჰერცეგოვინის მიტროპოლიტი პაისი ტრებიაშანინი, რომლის რეზიდენციაც ონოგოშტის მახლობლად მდებარეობდა. იმ დროისათვის სერბეთის პატრიარქი იყო უწმინდესი გავრილო რაიჩი (1648-1656, რომელიც მოგვიანებით მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა), პატრიარქმა მამა ბასილის ,რომელიც მაშინ ზახუმის მიტროპოლიტი იყო , წამებული მამა პაისის საეპისკოპოსო გადააბარა.

თურქები ამ დროისათვის უფრო სასტიკად ექცეოდნენ მართლმადიდებელ მოსახლეობას, ალი-აღას ბოროტმოქმედი ჯარისკაცები აწამებდნენ სერბ ხალხს, ძარცვავდნენ, ანადგურებდნენ სოფლებს, ოჯახებს და აოხრებდნენ ეკლესია-მონასტრებს. გაწამებული ხალხი ლტოლვილებად იქცა, ისეთი უბედურება ტრიალებდა, როგორც მემატიანენი აღწერენ, ეგვიპტეში ისრაელის ხალხს არ გადაუტანია ასეთი სისასტიკე. ჰერცეგოვინის თურქი მთავარი სანჯაკ-ბეგი ხალხის რჩეულთ იჭერდა და საჯაროდ წამებით კლავდა მათ. ერის და ეკლესიის უხუცესთა დაჟინებული მოთხოვნით, ზემოთაღწერილი მიზეზების გამო , წმინდა ბასილი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა თავისი მონასტერი და გადასულიყო ოსტროგის მონასტერში.

ადრე ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა ღვაწლმოსილი ოსტროგელი იღუმენი, ღირსი მამა ისაია. ის სალოცავად განთავსებული იყო ზემო ოსტროგის მონასტრის მყუდრო კელიაში. ღირსი მამა ისაიას მიცვალების შემდეგ მისი წმინდა ნაწილები თურქმა დამპყრობლებმა მიაგნეს და ცეცხლში დაწვეს. წმინდა მამა ბასილი ოსტროგში გადასახლების შემდეგ სწორედ წმინდა მამა ისაიას კელიას ირჩევს საცხოვრებლად და სალოცავად. აქედანვე მართავდა იგი სრული 15 წლის განმავლობაში მის საეპისკოპოსოს.

მამა ბასილიმ ოსტროგში შემოიკრიბა ღვაწლმოსილი ბერმონაზნები,მათი სულიერი და ფიზიკური შემწეობით აგრძელებდა ტანჯულ მრევლზე დახმარებას, მათივე დაუღალავი შრომის შედეგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის განახლება, რომელიც თავისდროზე ოსტროგელი ბერების მიერ იქნა აშენებული. ცოტა ხნის შემდეგ კი ოსტროგის კლდეზე აღმართა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის ეკლესია, რომელიც დღემდე შემორჩენილია. გააფართოვა თვით ოსტროგის მონასტერი, სადაც დაუღალავი ღვაწლით ილოცავდა და უფალს ავედრებდა მისი მრევლის კეთილდღეობას, გადარჩენას მტარვალი მუსლიმი თურქთა ურდოს მუხანათობისაგან. თვითონ კი მკაცრი სამონაზნო ცხოვრებით ცხოვრობდა , მხოლოდ ხილითა და მცირედი ბოსტნეულით იკვებებოდა, მემატიანე აღწერს, რომ იგი სიყვითლის გამო ემსგავსებოდა ცვილს, მთლიანობაში კი “სულიწმინდის საყდარს” წარმოადგენდა .

მამა ბასილი არ ღალატობდა მის ადრინდელ ჩვეულებას და არა მხოლოდ მმარხული კელიაში იყო ჩაკეტილი,არამედ ჩამოდიოდა ოსტროგიდან მიმდებარე სოფლებში და იზიარებდა ხალხის სიდუხჭირეს, მისი ჩვეული სათნოებით ყველანაირად ეხმარებოდა მის სამწყოს, უქადაგებდა ღვთის სიყვარულს და უფლის იმედით ყოფნას, მოუწოდებდა დაეცვათ მათი რწმენა და მშობლიური მიწა გადამთიელი მტრის ვერაგობისაგან. მისი ლოცვის სიძლიერეს მოსახლეობა სასწაულს აწერდა და დიდი იმედითა თუ სასოებით იყო მინდობილი წმინდა მამის რჩევებს.

თვით მამა ბასილის წინააღმდეგ, როგორც ყოველთვის, უამრავი ბოროტი განსაცდელი იყო მოგონილი თუნდაც ისევ სერბი თავადების მიერ, თუმცა ღირსი მამა მათზე ლოცულობდა და უფალს შესთხოვდა მათ შენდობას. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ წერილობით მიმართა პატრიარქს, რომ ეგებ ერთიანი ძალით ენახათ გამოსავალი შიგა მტრების დასაძლევად, რამეთუ შიგა არეულობანი გარეშე მტერს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა დაემონებინა და გაეწამებინა ისედაც განადგურებული ერი.

ერთერთი ასეთი მოწინააღმდეგე იყო ვინმე თავადი რაიჩი, რომელიც გამუდმებით ეცდებოდა ხელი შეეშალა მონასტრების განახლებასა თუ აშენებაში, ხალხის განმანათლებელი საქმიანობის გამო ემტერებოდა მამა ბასილის. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ სთხოვა მას ხელი აეღო არასაღვთო საქმიანობებისგან,მაგრამ თხოვნა უშედეგოდ რჩებოდა და თავადი უარესად აძლიერებდა მათ წინააღმდეგ ქმედებებს. ამაზე კი მამა ბასილიმ შეუთვალა თავად რაიჩს, რომ მისი ურჩობისა და ბოროტების საპასუხოდ და უპირველესად კი ვერცხლთმოყვარეობით დაბრმავებული თვალის ასახელად მისი ყველა ვაჟი დაიღუპებოდა. მაინც არ შეისმინა თავადმა ეს გაფრთხილება, თუმცა წმინდანის წინასწარმეტყველება მალე ახდა. სიმწრით გონზე მოსული უკვე ხანშიშესული თავადი ტირილით გამოცხადდა მამა ბასილისთან და თხოვა უფლის წინაშე მეოხე ყოფილიყო მისი უამრავი ცოდვების მისატევებლად, სინანულსა და ლოცვაში ეცდებოდა ბრალის მოხდას. წმინდა მამამ ისმინა თავადის გულისხმიერი სინანული და დალოცა , იმედი მისცა რომ მას კიდევ გაუჩნდებოდა ვაჟები, რომლებიც მოანანული მამის ერთად სარწმუნოების დასაცავად და სამშობლოს კეთილდღეობისთვის იღვაწებდნენ.

წმინდა მამა ბასილის ასევე ბევრი წინასწარმეტყველება აღსრულებულა, რომელიც შემორჩენილია ზეპირ თუ ჟამთაღმწერთა
გადმოცემებში.

ასეთი დაუღალავი ლოცვებით, მარხვით, ფიზიკური შრომით თუ თავის სამწყოსზე მუდმივი დრტვინვით , წმინდა მამა ბასილი ოსტროგელი მიუახლოვდა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს. 1671 წლის 29 აპრილს თავის სამარხო კელიაში მამა ბასილის სული უფალს მიებარა. იგი მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მიიცვალა. კელიის კედელზე კი,რომლის გვერდითაც მამა ბასილი აღესრულა, ამოიზარდა ვაზის ყლორტი, საკვირველი , რამეთუ კელიის კედელი მხოლოდ სალი კლდის ქვა იყო (* ეს ვაზი დღესაც ხარობს მამა ბასილის კელიაში, მისი ნაყოფი უშვილო ქალებს ურიგდებათ შვილოსნობის უნარის აღდგენისათვის).

წმინდა ბასილის წმინდა ნეშტი ოსტროგის ბერმონაზნებმა ოსტროგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინ დამარხეს. მის საფლავთან სალოცავად მოდიოდა ხალხი, წმინდანის საფლავზე მოლოცვით აღესრულებოდა ბევრი სასწაული, სნეულთა განკურნება თუ სხვა მრავალი საკვირველებანი.

წმინდა მამა ბასილის გარდაცვალების 7 წლის თავზე,1678 წელს, წმინდა მამა სიზმარში გამოეცხადა ნიკშიჩის მახლობლად მდებარე წმინდა ლუკას სახელობის მონასტრის იღუმენ რაფიელ კოსიერევაცს, და დაავალა მას ჩასულიყო ოსტროგში და გაეხსნა მისი საფლავი. იღუმენმა ყურადღება არ მიაქცია ამ სიზმარს და არ შეასრულა წმინდანის თხოვნა. იღუმენ რაფაელს ხელმეორედ დაისიზმრა იგივე სიზმარი,მაგრამ ამჯერადაც მამა რაფაელმა უგულვებელჰყო წმინდანის დავალება.მესამეჯერ კი მამა ბასილი ოსრტოგელი უკვე ცხადად მოევლინა მამა რაფაელს, წმინდა მამას ხელში საკმეველი ეჭირა და მამა რაფაელის კელიას აკმევდა, ამ დროს ნაკვერცხალი გადმოვარდა საკმეველიდან და მძინარე იღუმენს დაეცა სახეზე. გამოიღვიძა რა იღუმენმა, ნანახით შეშინებული გაიქცა ძმებთან ამბის მოსაყოლად. სასწაულის ხილვით დარწმუნებული საძმო გაემგზავრა ოსტროგის მონასტერში, რომ რაც შეიძლება მალე შეესრულებინათ წმინდა ვასილი ოსტროგელის მინიშნება. ოსტროგელ ბერებს უამბეს რა მომხდარის შესახებ, მონაზნებმა გადაწყვიტეს შვიდი დღე მკაცრი მარხვისა და ლოცვა-ვედრების , სისტემატიური წირვების აღვლენის შემდეგ აღესრულებინათ წმინდანის თხოვნა.

მეშვიდე დღეს კი მამებმა გახსნეს წმინდანის საფლავი. მამა ბასილის გაუხრწნელი სხეული ცვილივით ყვითელი იყო და რეჰანის (босиљак) სურნელება ქონდა (* ნაკურთხი რეჰანის გამხმარ ტოტებს სერბი სასულიერო პირები კურთხევისას იყენებენ, ნაკურთხი წყალის მისაპკურებლად). მონაზვნებმა წმინდანის სხეული ჩაასვენეს კუბოში და გადააბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს.

წმინდა მამა ბასილის კურთხეული უხრწნელი სხეულის შესახებ ამბავი მალევე გავრცელდა მთელ სერბეთში . მის სანახავად მოდიოდა ათასობით მორწმუნე, თაყვანს სცემდნენ წმინდანის წმინდა ნეშტს, ევედრებოდნენ წმინდანს მეოხეობას. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა , დარწმუნებული წმინდა მამის სასწაულმოქმედი განკურნების უნარით, არა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანნი,არამედ არამართლმადიდებელი ქრისტიანები, და ამავე დროს ბევრი მუსლიმიც მოდიოდა, ისევე როგორც დღეს.

მრავალ მომლოცველთა შორის ასევე ბევრი იყო სასულიერო პირიც, რომლებიც ოსტროგის მონასტერში წმინდანის საფლავს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და ილოცებდა. ერთერთი იყო თურქთაგან დევნილი სერბეთის პატრიარქი ბასილი ბრკიჩი-იოვანოვიჩი (1763-1765 წწ., გარდაიცვალა 1772 წ. ), რომელიც პეჩიდან წამოვიდა და ჩერნოგორიას შეაფარა თავი. პატრიარქმა ექვსი თვე ოსტროგის მონასტერში მარხვასა და ლოცვაში გაატარა, აღწერა წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრება, შეაგროვა რა ზუსტი , უტყუარი დეტალები წმინდანის ცხოვრებიდან.

მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში კი ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა მღვდელი მამა ბასილი, რომელმაც წმინდა ბასილი ოსტროგელის დაუჯდომელი დაწერა (1947 წ.), რომელიც დღესაც ოსტროგის მონასტრის ხელნაწერებს შორის ინახება.

ისევე როგორც ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში იდევნებოდა წმინდა მამა ბასილი ბოროტთაგან, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც არ ასვენებდა მტერი მის წმინდა ნაწილებს. პირველად 1714 წელს გადამალეს ოსტროგელმა მორჩილებმა წმინდანის წმინდა სხეული, პირსისხლიანი ნუმან-ფაშა აოხრებდა რა ჩერნოგორიას. ბერებმა წმინდანის კუბო ოსტროგის მონასტრის დაბლა მდინარე ზეტის ნაპირას დამარხეს. მდინარემ დაფარა წმინდანის განსასვენებელი, თუმცა კუბოში კი ცვეთი წყალიც არ ჩასულა, ისევე მშრალად იყო შენახული, როგორც მისი დასვენების დროს. კუბო კი მდინარის წყლის ქვეშ თითქმის ერთი წელი იმყოფებოდა.

წმინდა ბასილის კუბოს გატანა ოსტროგის მონასტრიდან მეორედ 1852 წლის ზამთარში მოხდა, როდესაც ომარ-ფაშა თავს დაესხა ჩერნოგორიას. ჩერნოგორიელებმა წმინდანის კუბო ცეტინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს. ამავე დროს ომარ-ფაშას ჯარისკაცებმა ოსტროგის მონასტერს უკვე ალყა შემოარტყეს. 30 ჩერნოგორიელი, ჩერნოგიის მეფის მამის, მირკო პეტროვიჩის მეთაურობით, 9 დღის განმავლობაში იბრძოდა ალყის მოსახსნელად. წმინდა ბასილის მეოხებით მათ სძლიეს თურქთა აღმატებულ ჯარს და გაათავისუფლეს ოსტროგის მონასტერი მტრის ალყისაგან. 1853 წელს კი ოსტროგელი წმინდანის კუბო ისევ ოსტროგის მონასტერში იქნა ჩამოსვენებული.

მესამედ კი , 1876-1877 წლების ომის დროს, წმინდანის სხეული კვლავ წააბრძანეს ცეტინში, სადაც ორი წელი იყო დასვენებული. 1878 წელს კი დააბრუნეს ოსტროგში.

1942 წელს, როდესაც ოსტროგს ბომბავდნენ, ბერებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მოსალოდნელი დანგრევის შიშით, მამა ბასილის წმინდა ნაწილები ოსტროგის მონატრის სადგომის მახლობლად მდებარე კლდეში ერთერთ გამოქვაბულში გადამალეს. თუმცა ეს შიში უადგილო გამოდგა, რამეთუ ეცემოდა რა ნაღმები მონასტრის ირგვლივ, აუფეთქებლად იმსხვრეოდა და არანაირი ზიანი არ მიუყენებია მონასტრისათვის, თვით ბერმონაზონთაგანაც კი არავინ დაშავებულა.

სერბერთში და ასევე საზღვარგარეთ წმინდა ბასილი ოსტროგელის სახელობის რამდენიმე ტაძარი არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლება მამა ბასილის ქალაქში , ონოგოშტ-ნიკშიჩში აგებული ტაძარი. ვოჟდოვაცში კი წმინდა კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს სახელობის ეკლესიაში ინახება მამა ბასილი ოსტროგელის კუთვნილი ანაფორა.

განსაკუთრებით კი პატივი მიეგება თვით წმინდანის წმინდა ნაწილებს ოსტროგის მონასტერში. რომლის სანახავად და მოსალოცად, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, უამრავი ხალხი მიდის, ძირითადად ფეხით, ხშირად კი ქვედა მონასტრიდან ზემო მონასტრამდე მუხლმოყრილნი ადიან. ოსტროგიდან მოაქვთ ნაკურთხი წყალი, ზეთი თუ საკმეველი , წმინდანის კუბოდან აღებული ბამბა, რომელიც მის სხეულს ფარავს, გამოიყენება რა ავადმყოფებზე ცხებისათვის განკურნების მიზნით. ოსტროგის მონასტერში არსებობს მამა ბასილის წყალობით განკურვნილთა ან მათი ოჯახის წევრების მიერ მადლიერების ნიშნად შეწირული უამრავი ძვირადღირებული საჭირო ნივთი. მონასტრის ჩანაწერთა წიგნში შეტანილია მადლიერ მომლოცველთა წერილები, სადაც აღწერილია სხეულებრივი თუ სულიერი ავადმყოფობებისაგან სასწაულებრივი განკურნებანი წმინდანის საფლავის მოლოცვის შემდეგ. ბევრი მათგანი კი ხალხში ზეპირად გავრცელდა, უყვებიან რა ერთმანეთს წმინდანის სასწაულმოქმედი უნარის შესახებ.

წმიდანი ცრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი

წმიდანი ცრანი მოწამენი კვიზიკელნი: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი (III). ქალაქი კვიზიკია მდებარეობს მცირე აზიაში, დარდანელის სრუტის ნაპირზე. ქრისტიანობა აქ პირველად თვით პავლე მოციქულმა იქადაგა, მაგრამ წარმართთა დევნის გამო ქრისტიანთა ნაწილი ქალაქიდან გაიქცა, ნაწილი კი საიდუმლოდ აღიარებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ამიტომ III ს-ის ბოლოს კვიზიკია ძირითადად წარმართული ქალაქი იყო, თუმც იქვე ქრისტიანული ეკლესიაც არსებობდა. ასეთი მდგომარეობა აწუხებდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს. მათ შორის იყვნენ წმიდა თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თესტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი. ისინი სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ, სხვადასხვა მდგომარეობა ეკავათ საზოგადოებაში, მაგრამ ყველას აერთიანებდა ქრისტეს სიყვარული.
თავმასი და ფილიმონი
კვიზიკიაში ჩასულმა წმიდანებმა საჯაროდ აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და უშიშრად ამხილეს წარმართობა. ისინი შეიპყრეს და ქალაქის მმართველს მიჰგვარეს. ქრისტეს მხედრებმა საშინელი ტანჯვა-წამება დაითმინეს, ბოლოს კი მახვილით მოისრნენ (+დაახლ. 284-292). წმიდანები ქალაქის ახლოს დამარხეს.

324 წელს იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა იმპერატორი კონსტანტინე დიდი (306-337, ხს. 21 მაისს). ქრისტიანთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ქრისტიანებმა გათხარეს წმიდათა სამარხი, ამოასვენეს 9 მოწამის უხრწნელი გვამი და დაასვენეს მათ სახელზე აგებულ ტაძარში.

წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი

ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი სიყრმიდანვე ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწეობდა. უდაბნოს ერთ-ერთ მონასტრის იღუმენად არჩევის შემდეგ წმიდანი ბრძნულად და ფრთხილად მართავდა საძმოს, ეხმარებოდა მათ ლოცვითა და რჩევა-დარიგებით.
ღირსი მემნონ საკვირველთმოქმედი
მოუკლებელი ლოცვისა და შრომის შედეგად ღირსმა მამამ მიიღო წინასწარჭვრეტის მადლი. მისი ლოცვით უდაბნოში წყარო გაჩნდა, განადგურდა კალია, რომელიც ნათესებს სპობდა, ჩაძირული გემის მგზავრები გადარჩნენ. წმიდანის სიკვდილის შემდეგ მის მიმართ აღვლენილი ლოცვებით იგივე სასწაულები მეორდებოდა.

წმიდა მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკვნები

წმიდა მოწამენი დიოდორე და როდოპიანე დიაკვნები (III-IV) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს კარიის აფროდისიაში. წარმართთა შორის ქრისტიანობის გავრცელებისთვის ისინი ქვებით ჩაქოლეს.

მართლმადიდებელნი ლაზნი

ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. წმიდა ანდრია მოციქულმა, ღვთისმშობლის წილხვედრი, ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.

ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ, რომმაც გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა. ამ ორ ცეცხლს შუა მომწყვდეული ლაზები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა კათოლიკებსა და მონოფიზიტებს „შეაფარეს“ თავი, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდგომში მთლიანად დაკარგა სარწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერება. ძალად გამუსულმანებულმა ქართველებმა შეინარჩუნეს ენა, ეროვნულ-კულტურული ტრადიციების ნაწილი, ხსოვნა მათი წინაპრების ქრისტიანობის შესახებ და საქართველოს სიყვარული.
მართლმადიდებელნი ლაზნი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში მცხოვრებ ლაზებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის შეხვედრებისა და ურთიერთობების ტრადიციას. ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ საქართველოში მცხოვრები ლაზები. მათ წარუდგინეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს მასალები XVII-XVIII სს-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის ათასობით ლაზის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1600-1602 წლებში მომხდარი ორი მოვლენა: უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსულმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზე დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავები და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდუკვეთა (თავისკვეთა) უწოდეს. დუდიკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც.

ანალოგიურად აღესრულნენ მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათის (სამღვდელოთა) მთა უწოდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 2003 წლის 18 სექტემბრის წმიდა სინოდის სხდომამ აღნიშნული მასალების საფუძველზე განაჩინა XVII-XVIII საუკუნეებში „პაპათისა“ და „დუდიკვათას“ გორაზე მოწყვეტილი მართლმადიდებელნი სასულიერო და საერო პირნი, ასევე ქრისტიანობისთვის წამებული ყოველი ლაზი შერაცხილ იქნან წმიდანად და ეწოდოთ მათ სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვეთსა და პაპათში მოწყვეტილნი წმიდა ლაზი მოწამენი.

 

პოპულარული

"კონცერტის დროს მომღერალთან კულისებში სექსი მქონდა, ამის გამო სცენაზე გასვლა დამაგვიანდა" - ავთო აბესლამიძე
"არ იცოდა რა ასაკის იყო, დაურეკა, ძალადობის მსხვერპლი ვარ და თუ არ წამიყვან, თავს მოვიკლავო - მიხეილ დვალიშვილის ახლობლები ახალგაზრდების ქორწინების დეტალებზე საუბრობენ
"ბატონო გიორგი მე თაზო მქვია, 9 წლის არ ვარ, მაგრამ..." - ლგბტ თემის წარმომადგენლის წერილი გიორგი გახარიას
აღაიანში მოკლული 7 თვის ჩვილის მამა შესაძლოა დააკავონ
დაწერე კომენტარი