11 ოქტომბრის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

ღირსი ხარიტონ აღმსარებელი

ღირსი ხარიტონ აღმსარებელი იკონიაში ეწამა 270-324 წლებს შორის. უღმრთოებმა შეიპყრეს იგი და ცრუღვთაებებისადმი მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა. ჯალათებმა ხარიტონს სამოსელი შემოაძარცვეს და ძროხის ძარღვებით სცემეს, შემდეგ კი მთავრის ბრძანებით საპყრობილეში ჩააგდეს. მტარვალი ჯერ ლიქნით, შემდეგ პატივის აღთქმით ცდილობდა მის გადაბირებას, ბოლოს კი ახალი სატანჯველები დაატეხა თავს: „შეწუა ცეცხლითა მკერდი მისი, ვითარცა შესაჭმელი ჴორცი“, ბორკილები აასხა და კვლავ დილეგში ჩააბრუნა. ამასობაში ქრისტიანთა დევნა ჩაცხრა. პყრობილი მართლმორწმუნეები გაათავისუფლეს. თავისუფლება ჰპოვა წმიდა ხარიტონმაც, რომელიც „ვითარცა აწ მკუდარ ქმნილი საწუთოჲთ და ქრისტესსა ცხორებად მნებებელი“ წმიდა ქალაქ იერუსალიმისკენ გაეშურა. გზაში იგი ავაზაკებმა შეიპყრეს, გამოქვაბულში გამოამწყვდიეს, თვითონ კი „მიმოდარბიოდეს ალაგთა გზათასა“ და სხვა მგზავრებს უსაფრდებოდნენ.
ღირსი ხარიტონ აღმსარებელი
მარტო დარჩენილი წმიდანი მადლობას სწირავდა უფალს და მორჩილებით ელოდა მისი ნების გაცხადებას. ამასობაში მღვიმეში იქედნე შემოძვრა, ღვინით სავსე ჭურში ჩასრიალდა, შიგ შხამი ჩათხია და წავიდა. როცა ავაზაკები დაბრუნდნენ, წყურვილით გათანგულები, დაეწაფნენ მოწამლულ სასმელს და უკლებლივ ყველანი გაწყდნენ.

ხარიტონმა იმ მღვიმეში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც, ღვთის ნებით, სასწაულებრივი გადარჩენა მიემადლა. ყაჩაღების მიერ ნაგროვები ქონების ნაწილი მან გლახაკებსა და მეუდაბნოე მამებს განუყო, ნაწილით კი ააგო ტაძარი, რომლის ირგვლივაც თანდათან წარმოიქმნა პალესტინაში ცნობილი ფარანის ლავრა. სავანისთვის წმიდანმა თავადვე შეადგინა წეს-განგება. ლავრას ახალი წინამძღვარი დაუდგინა, თვითონ კი უდაბნოს სიღრმეში შევიდა. ნეტარი მამა განმარტოებას ეძიებდა, მაგრამ მონაზვნური ცხოვრების მსურველებმა აქაც მიაკვლიეს მას. ასე დაარსდა ახალი, იერიქონის სავანე, რომელსაც მოჰყვა კიდევ ერთი, სუკიის ეგრეთ წოდებული „ძველი ლავრა“.

დაუცხრომელი მოღვაწეობისთვის უფალმა თავის რჩეულს სულიერ და ხორციელ სნეულებათა სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიმადლა. წმიდანს წინასწარ განეცხადა თავისი მიცვალების დღეც. მან ისურვა, რომ აღსასრულს ფარანის ლავრაში შეხვედროდა. მოუხმო ყველა მოწაფეს და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი.

ღირსი ხარიტონი დაახლოებით 350 წელს გავიდა ამსოფლიდან, ღრმა მოხუცებულობაში. წმიდანის პატიოსანი ცხედარი ავაზაკთა მღვიმის ადგილას მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი

წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი იერემია წინასწარმეტყველის (ხს. 1 მაისს) განუყრელი თანამგზავრი, მოწაფე, მეგობარი და მწერალი იყო. მან თავისი მოძღვრის წინასწარმეტყველებების მთელი გრაგნილი ჩაწერა და იერუსალიმის ტაძარში შეკრებილ ხალხს წაუკითხა. წმიდა ბარუქი იერემიასთან ერთად მწარედ გოდებდა ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დანგრევის გამო, მოძღვრავდა და ამხელდა იუდეველებს და მოთმინებით იტანდა მათ სიძულვილსა და დევნას. ნეტარმა საკუთარი თვალებით იხილა იერემიას ჩაქოლვა და მისი წმიდა ცხედარი მიწას მიაბარა.
წმიდა წინასწარმეტყველი ბარუქი
წინასწარმეტყველ იერემიას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ წმინდა ბარუქს დიდხანს არ უცხოვრია. იგი ეგვიპტეში გარდაიცვალა ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში. წმიდა ბარუქმა იწინასწარმეტყველა იუდეველთა დაბრუნება ბაბილონელთა ტყვეობიდან და ბაბილონის გაუდაბურება; ცხადად განჭვრიტა ძე ღვთისას განკაცებაც.

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე, ალფესი, ზოსიმე, მარკოზ მწყემსი, ნიკონი, ნეონი, ილიოდორე და სხვანი მცირე აზიის სხვადასხვა ადგილებში ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას. წმიდა მარკოზ მწყემსი პისიდიის ანტიოქიის მიდამოებში შეიპყრეს. ოცდაათი მეომარი, რომელთაც მოწამე დაატუსაღეს, მისი ქადაგებით ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა, რის გამოც მათ ნიკეაში თავები მოკვეთეს, წმიდა მარკოზი კი საწამებლად გადასცეს.
ალექსანდრე
წამების იარაღების დასამზადებლად მოუწოდეს სამ მჭედელ ძმას სოფელ კატალიტიდან (კალატიდან): ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს. მათ აშკარად არ გამოუდიოდათ საქმე, ხან ხელები გაუშეშდათ რაღაც ძალით, ხან რკინა დადნა და გატყდა, ბოლოს ზეციდან გაისმა ხმა და ძმებს წმიდა მარკოზთან ერთად სატანჯველთა დათმენისკენ მოუწოდა. მათაც ირწმუნეს და აშკარად აღიარეს ქრისტე. ამისთვის უღმრთოებმა ალექსანდრეს, ალფესსა და ზოსიმეს გამლღვალი კალა ჩაასხეს ყელში და წამებით ამოხადეს სული, მარკოზს კი კლავდიოპოლში თავი მოჰკვეთეს. როცა მარკოზის თავი არტემიდეს ტაძარში შეაბრძანეს, ყველა კერპი ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. ამ სასწაულის მოწმეებმა, ნიკონმა, ნეონმა, ილიოდორემ, ქალწულებმა და ყრმებმა, ირწმუნეს ქრისტე, ხმამაღლა განაცხადეს თავისი სარწმუნოება და მოწამეობრივად აღესრულნენ.

კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი

კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი, წმიდა ლუდმილას (ხს. 16 სექტემბერს) შვილიშვილი, ნეტარი დიდედის ხელით აღიზარდა. წმიდანი თვრამეტი წლისა იყო, როცა ქვეყნის გამგებლობა დაეკისრა. მიუხედავად სიჭაბუკისა, იგი ბრძნულად და სამართლიანად აღასრულებდა მძიმე მოვალეობას და გულმოდგინედ იღვწოდა ხალხის ქრისტიანული განათლებისათვის. ნეტარი ვიაჩესლავი ღრმა განსწავლულობით გამოირჩეოდა, ფლობდა ლათინურ და ბერძნულ ენებს. იგი აშენებდა და ამკობდა ეკლესიებს, მოწიწებით ეპყრობოდა სასულიერო პირებს. მოღალატე დიდებულებმა, სხვა ვარაუდით კი – გერმანულ-კათოლიკურმა პარტიამ წმიდა მთავრის წინააღმდეგ მისი ძმა, ბოლესლავი აღძრა. ბოლესლავმა ტაძრის კურთხევაზე მიიწვია ვიაჩესლავი, მეორე დღეს კი, საცისკრო ლოცვაზე დასასწრებად მიმავალი, ეკლესიის ზღურბლზე მოღალატურად მოაკვლევინა. წმიდანის უხრწნელი ნაწილები პრაღაში, მის მიერვე აგებულ წმიდა ვიტეს ტაძარში განისვენებს (+935).

კეთილმსახური მთავარი ვიაჩესლავ ჩეხი

loading…

პოპულარული

რუსთავში, ერთერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ირაკლი ჩხვირკია
“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
აფეთქება რუსთავში - კლინიკაში გადაყვანილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია
ნაცემი 4 წლის ბავშვის დედა საბავშვო პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს
დაწერე კომენტარი