11 ივლისის მართლმადიდებლური დღესასწაული

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება

წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო და ყველას შიშის ზარსა სცემდა. პატრიარქ თეოფილეს (385-412) სურდა, განეწმინდა ეს ადგილი დემონთაგან, მაგრამ ვერ მოასწრო. მღვდელმთავრის სურვილი მისმა მემკვიდრემ, პატრიარქმა კირილემ (412-44) აღასრულა. ნეტარი მამა გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, ხელი მოემართა წმიდა საქმის განხორციელებაში. ბოლოს ნათელმოსილი ანგელოზი წარსდგა მის წინაშე და უბრძანა, წმიდათა უვეცხლოთა კვიროსისა და იოანეს უხრწნელი ნაწილები გადაესვენებინა მანუფინში. უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ შეასრულა ზეციური კურთხევა, შემდეგ კი სოფელში მარტვილთა სახელობის ტაძარიც ააგო. ამ დროიდან მოყოლებული მანუფინი განთავისუფლდა ბოროტ სულთა მძლავრობისაგან. კვიროსისა და იოანეს ლოცვით აქ მრავალი სასწაული აღესრულებოდა.
წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება
ცნობები წმიდანების შესახებ 31 იანვრის საკითხავშია მოთავსებული.

ღირსი პავლე მკურნალი

ღირსი პავლე მკურნალი ქალაქ კორინთოში დაიბადა. იგი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და დაუცხრომელი ღვაწლით დიდი სულიერი გამოცდილება შეიძინა.
ღირსი პავლე მკურნალი
ერთხელ ღირს მამას, შურით აღბორგებული დემონის შეგონებით, ქალმა ცილი დასწამა. მან მონასტერში ახალშობილი ყრმა მოიყვანა და განაცხადა, იგი პავლე მონაზვნისაგან შემეძინაო. ბერმა თავმდაბლობით დაითმინა ცილისწამება, თავი არ იმართლა და საკუთარ ძედ მიიღო ჩვილი. როცა წმიდანს ყვედრება დაუწყეს მონაზვნური აღთქმის დარღვევის გამო, მან თქვა: „ძმებო, თავად ბავშვს ვკითხოთ, ვინ არის მამამისი!“ ახალშობილმა მჭედლისკენ გაიშვირა ხელი და წარმოსთქვა: „ესაა მამაჩემი და არა პავლე მონაზონი!“ სასწაულის მხილველებმა თაყვანი სცეს და პატიება სთხოვეს მოსაგრეს. ამ დროიდან მოყოლებული ღირსმა პავლემ სასწაულებრივი კურნების ნიჭი მიიღო, ამიტომაც უწოდეს მას მკურნალი. წმიდანი 70 წელს იყო გადაცილებული, როცა გარდაიცვალა.

ღირსი მამები სერგი და გერმანე

ღირსი მამები სერგი და გერმანე ვალაამელები არიან კუნძულ ვალაამზე სამონასტრო ცხოვრების დამფუძნებლები. ამ კუნძულზე ჯერ კიდევ I საუკუნეში უქადაგია ქრისტიანობა ანდრია პირველწოდებულს, წარმართული კერპები შეუმუსრავს, ქვის ჯვრები აღუმართავს და ახალმოქცეულთათვის მოძღვრებიც დაუდგენია. XIII საუკუნეში რომაული კათოლიციზმის ფანატიკოს მიმდევარს, შვედების მეფე მაგნუსს ცეცხლითა და მახვილით უცდია თავისი სარწმუნოების გავრცელება ადგილობრივ მკვიდრთა შორის, რამაც მათ მცდარი წარმოდგენა შეუქმნა ქრისტიანობაზე და გული გაუცივა ჭეშმარიტი ღვთის მიმართ. XIV საუკუნის დასაწყისში, როცა ღირსი სერგი და გერმანე კუნძულზე დასახლდნენ, ანდრია მოციქულის ჯვარი კვლავაც აღმართული დახვედრიათ: ქრისტიანობა არსებობდა, მაგრამ მასთან თანაარსებობდა და მძლავრობდა წარმართობა.
ღირსი მამები სერგი და გერმანე
სერგისა და გერმანეს სავანის ძმების მოღვაწეობამ მართლმადიდებლობის სახე და ცხონების ჭეშმარიტი გზა დაანახა ვალაამელებს. მათ რწმენას უცხოველებდა წმიდა სერგისა და გერმანეს მიერ აღსრულებული სასწაულებიც.

ნეტარი მამები დაახლოებით 1353 წელს მიიცვალნენ. მათი უხრწნელი ნაწილები უფლის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში განისვენებს.

პოპულარული

კარასინი საქართველოს 3 პირობას უყენებს და უმაღლეს დონზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობაზე საუბრობს
სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
„მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!“- რა კავშირი აქვს "რუსთავი 2"-ს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას
"13 წლის გოგოს წელში მოხრილს დიდი შეკვრა ბალახი მოეგდო... ორი პატარა ბიჭი ბალახებს გლეჯდა, დაქირავებულები ვართო"
დაწერე კომენტარი