“ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოისროლეს, ყველაფერი გადაღებულია” – ბექა ყორშია ქარელში მომხდარ თავდასხმაზე

ბექა ყორშია

მორიგი ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე – “მთავარი არხის” ჟურნალისტის, ბექა ყორშიას ინფორმაციით, ოპერატორი, ლევან აბლოთია ქარელში, “ქართული ოცნების” ოფისის მეორე სართულის მოაჯირიდან გადმოაგდეს.

როგორც ყორშია იხსენებს, მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება.

მისი ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან.

“მივედით ქართული ოცნების შტაბში, ქარელში, ზაზა გულიაშვილთან. თავიდანვე აგრესიულად შეგვხვდნენ, იყო ფიზიკური დაპირისპირება გაწევ-გამოწევა, ყველაფერი გადაღებულია.მალე ნახავს მაყურებელი ამ კატასტროფას. შენობის ქვემოთ კომერციული ფართია, მეორე სართულზე ქართული ოცნების შტაბია გადმოისროლეს მართლა. პოლიცია მოვიდა ძალიან გვიან. სასწრაფო მალე მოვიდა. არავინ დაგვხმარებია. ყველაზე სიგიჟე იყო, რომ ოცნების წევრებმა არ გვითხრეს შტაბის მისამართი, რომ სასწრაფოსთვის მისამართი  მეთქვა, სადაც უნდა მოსულიყვნენ. ბოლოს სასწრაფოს ვუთხარი, რომ რაღაცის წინ არის, ამის გვერდით არის… ჩემზეც იყო ფიზიკური ზეწოლა…..”- ამბობს ყორშია.

რეკლამა

დაწერე კომენტარი