ივანიშვილმა სააკაშვილისგან ხელშეუხებლობის გარანტიები მოითხოვა?

ივანიშვილი-სააკაშვილი

რატომ თქვა უარი “ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე, რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა, რას აპირებს სააკაშვილი, რის თქმას აპირებენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ზურაბიშვილისთვის? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება.
მურმან დუმბაძე:
– მმართველმა პარტიამ უარი თქვა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე, რითაც დაამტკიცა, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, აღარ არსებობს.
6 წელია, ხელისუფლებაში არიან და ამ ხნის მანძილზე ვერ გამოზარდეს პოლიტიკური ლიდერი, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებდა. “ოცნებას” მხოლოდ ერთი ლიდერი ჰყავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ რამდენიმე ხელისუფლება გამოიცვალა და “ოცნების” გარდა ყველა ხელისუფლებაში მრავლად იყვნენ ლიდერები. ამათ მარტო ივანიშვილი ჰყავთ.
ლიდერი შეიძლება ვუწოდოთ კახა კალაძესაც, მაგრამ ისიც თბილისის მერის პოსტზე წარადგინეს და ამით მათი რესურსები ამოიწურა.
დიდი მცდელობის მიუხედავად, საპრეზიდენტო კანდიდატი ვერ შეარჩიეს და ამიტომაც გადაწყვიტეს, ვინმე სხვას დაუჭირონ მხარი.
დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული. პირველი მიზეზი ისაა, რომ “ოცნებას” თავისი რეიტინგის დაფიქსირების ეშინია. საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი კანდიდატი ძალიან დაბალ შედეგს აჩვენებს და ყველა დავინახავთ, რომ მმართველ პარტიას უკიდურესად დაბალი რეიტინგი აქვს.
საკუთარ კანდიდატზე უარის თქმის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მათ არ უნდათ, რომ წაგებას გაუსინჯონ გემო.
– რატომ გგონიათ, რომ ისინი წააგებენ?
– იმიტომ, რომ კარგად ვიცი ხალხის განწყობა – “ქართული ოცნების” კანდიდატი მარცხისთვის არის განწირული.
არის კიდევ მესამე მიზეზი, რატომაც უჭერენ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს. არ გამოვრიცხავ, ამით ხალხის განწყობას ამოწმებდნენ. ჩემთვის მოულოდნელი არ იქნება, სულ სხვა დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მიმართულება შეცვალონ.
– მიმართულების შეცვლაში რას გულისხმობთ?
– იმას, რომ რომელიმე პარტიის კანდიდატს დაუჭირონ მხარი.
– გავრცელებული ინფორმაციით, ეს შეიძლება “ევროპული საქართველოს” კანდიდატი იყოს. თქვენი აზრით, დაუჭერენ “ოცნება” და ივანიშვილი დავით ბაქრაძეს მხარს?
– არაფერი გამორიცხული არ არის. “ქართულ ოცნებას” ისე არ უნდა, რომ დამარცხება განიცადოს, მზად არის, ყველას დაუჭიროს მხარი.
– ამ ეტაპისთვის ისინი მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ. მას შემდეგ, რაც ამ ქალმა საქართველო 2008 წლის ომის დაწყებაში დაადანაშაულა, “ოცნებამ” მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. თქვენი აზრით, შეაქცევენ ზურგს სალომე ზურაბიშვილს?
– ვერ გეტყვით, გამოცვლიან თუ არა მას. ამ ეტაპზე ის ისევ სარგებლობს “ქართული ოცნების” მხარდაჭერით. ეს არის იმის დასტური, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი საგარეო მიმართულებით სერიოზულად უკან იხევენ.
ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ქართული სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია მშვიდობის შენარჩუნება, მაგრამ ეს ღირსების და პატივის აყრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო, ეს ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და ღალატია.
– სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამ თემაზე არის მიუღებელი, მაგრამ 2008 წელს სააკაშვილს მთელი ოპოზიცია საყვედურობდა იმის გამო, რომ ომი მან დაიწყო. მაშინ რატომ არ ითვლებოდა ეს განცხადებები ღალატად?
– ეს განცხადებები ძირითადად 2008 წლის 8 და 9 აგვისტოს გაკეთდა. მაშინ ყვეელანი ვიყავით შოკში. პოლიტიკოსები განცხადებებს ცხელ გულზე აკეთებდნენ. ამას კიდევ შეიძლება რაიმე ახსნა მოუძებნო, მაგრამ როცა ომიდან 10 წლისთავზე აკეთებ ამგვარ განცხადებას, ეს უკვე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა.
ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ როცა სეპარატისტები ცდილობენ რომელიმე რეგიონის საქართველოდან ჩამოცილებას, ისინი რაკეტასაც მიიღებენ და ატომურ ბომბსაც. ყველა ნორმალური სახელმწიფო ასე მოიქცევა. საქართველოც ასე მოიქცა, ის პაკისტანში არ შეჭრილა, თბილისი თავისივე ტერიტორიაზე შეეცადა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას.
ეს ერთი შეხედვით არაჰუმანურად მოჩანს, მაგრამ ქვეყნებს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ხშირად უწევთ ძალის გამოყენება. ასე რომ არ მოიქცნენ, დედამიწაზე ქაოსი დაისადგურებს.
სალომე ზურაბიშვილი ხომ მიიჩნევს, რომ საქართველომ დაბომბა ცხინვალი. აბა ერთი ჩავიდეს რომელიმე დევნილთა დასახლებაში და იმ ხალხს მოუსმინოს. მას იქ საარჩევნო აგიტაციასაც კი არ ჩაატარებინებენ და უშვერი სიტყვებით შემკულს გამოუშვებენ.
ამ ქალს პრეზიდენტობა სურს და ეს იმას ნიშნავს, რომ ის უნდა იყოს მთავარსარდალიც. ამ განცხადების შემდეგ არა მგონია, რომ სამხედროებმა მის მიმართ რაიმე პატივისცემა გამოხატონ.
– საქართველოს ომის დაწყებაში ზურაბიშვილი ადრეც ადანაშაულებდა. თქვენი აზრით, ივანიშვილს მისი ეს განცხადება მოსმენილი არ ჰქონდა თუ იცოდა ამ საკითხზე მისი პოზიცია და შეგნებულად დაუჭირა მხარი?
– ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ივანიშვილმა სწორედ ამ ნიშნით შეარჩია პრეზიდენტობის კანდიდატი. მისი პოლიტიკა უკვე აღარ ემსახურება რუსეთისთვის დაყვავებას და მშვიდობის შენარჩუნებას. მისი პოლიტიკა ჩვენი და ჩვენი სახელმწიფოს ღირსების აყრისკენ არის მიმართული.
ივანიშვილს უკვე აღარ აქვს უფლება, დარჩეს ხელისუფლებაში. ის აუცილებლად უნდა გავუშვათ სახლში. ის არის ოლიგარქი და მისი სახლში გაშვება იქნება ძალიან ძნელი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. მის გაშვებას მხოლოდ ერთად დგომით მოვახერხებთ.
– ივანიშვილის ჩამოგდებაში თავად “ოცნებაც” ხომ არ შეიტანს წვლილს? როგორც ამბობენ, სალომე ზურაბიშვილის დასახელების გამო იქ დიდ უკმაყოფილებას აქვს ადგილი. ეს უკმაყოფილება ხომ არ გამწვავდება?
– არა მგონია. ეს დაპირისპირება არ გამწვავდება. არა მგონია, ამ პარლამენტში ვინმემ გაბედოს ხმის ამოღება. წინა მოწვევის პარლამენტში ბევრად უფრო გაბედული ხალხი იყო, მაგრამ ოპოზიციაში რომ წავედი, მათ რიგებშიც კი ვერ ვიპოვე თანამოაზრეები.
“ოცნების” დეპუტატები მანამდე არ გაემიჯნებიან ივანიშვილს, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებიან, რომ მმართველი პარტიის მარცხი არის გარდაუვალი. ჩვენ ვნახეთ დავით ჭიჭინაძის მკვეთრი განცხადებები. ამის გამო ის “ოცნებიდანაც” გარიცხეს, მაგრამ ივანიშვილთან დაპირისპირება მასაც არ უნდა. ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ პარტიიდან მისი გარიცხვის შესახებ არაფერი იცოდა.
უკმაყოფილება გუნდში ნამდვილად არის, მაგრამ სანამ მარცხში საბოლოოდ არ დარწმუნდებიან, ოლიგარქს ღიად არავინ დაუპირისპირდება.
– გიორგი კვირიკაშვილი თუ შექმნის რაიმე გუნდს? არის მოსაზრება, რომ ის პოლიტიკურ აქტიურობას აპირებს.
– ეს არის გამორიცხული. კვირიკაშვილი არც 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე იყო პოლიტიკოსი და არც მის შემდეგ. კაცი პრემიერი იყო და მაშინ არ ჰყავდა თავისი გუნდი, ახლა მითუმეტეს არ ეყოლება. ივანიშვილთან არც ის მოინდომებს დაპირისპირებას.
მას პოლიტიკაში ყოფნა და ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი რომ ჰქონოდა, პრემიერობიდან არ გადადგებოდა.
– გიორგი მარგველაშვილზე რას იტყვით?
– კარგს ვერაფერს. მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. “ქართული ოცნების” ლიდერთან დაპირისპირება არც მის ინტერესებშია. ოლიგარქთან დაპირისპირება და ამ დაპირისპირებაში გამარჯვება მხოლოდ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია.
ოპოზიცია თუ გაერთიანდა, ჩათვალეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მოგებული აქვს. საპრეზიდენტო არჩევნების მოგება ნიშნავს იმას, რომ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნებს “ოცნება” აუცილებლად წააგებს. ივანიშვილი არჩევნებს აღარ დაელოდება და უკვე 29 ოქტომბერს გაიქცევა.
– სად გაიქცევა?
– სავარაუდოდ, თავის საყვარელ მოსკოვს შეაფარებს თავს.
– ბოლო დროს აქტიურად მიდის საუბარი, რომ ის ხელისუფლების გადაბარებას ცდილობს. სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაც ამიტომ ხომ არ დაასახელა? არის მოსაზრება, რომ ამ ქალის დასახელება ოპოზიციურ კანდიდატს გაამარჯვებინებს, რომელიც, თავის მხრივ, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
– “ოცნების” რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული და შეიძლება მართლა ხელისუფლების გადაბარებასთან გვქონდეს საქმე. ივანიშვილისთვის მთავარი თავისი ქონებაა. მას არც ქვეყანა აინტერესებს და არც პარტია.
ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია ვიწრო წრეში. იქ იმაზეც ყოფილა საუბარი, რომ “ოცნების” თავმჯდომარე სააკაშვილთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
– რა მოლაპარაკებებს აწარმოებს?
– ამაზე მტკიცებით ფორმაში არ ვსაუბრობ. ეს არის ვარაუდი, რომ ივანიშვილი მესამე პრეზიდენტს უსაფრთხოების გარანტიებს სთხოვს.
– დევნილ სააკაშვილს რატომ უნდა სთხოვოს ივანიშვილმა გარანტიები?
– იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს დიდი შანსი, დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამას ყველაზე უკეთ ივანიშვილი გრძნობს, ამიტომაც ითხოვს მისგან გარანტიებს.
სააკაშვილთან საშინლად ვიყავი დაპირისპირებული, მაგრამ მეც კი ვაღიარებ, რომ მესამე პრეზიდენტი დღეს გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2012 წლის პირველ ოქტომბერს იყო.
რაც შეეხება ივანიშვილს, მისი საქმეები უკან-უკან მიდის. გარდა იმისა, რომ დანაპირები არ შეასრულა, მან სააკაშვილის შეცდომები გაიმეორა. თავის დროზე მესამე პრეზიდენტმა ჩამოართვა მას მოქალაქეობა. ახლა მან გააკეთა იგივე სააკაშვილთან მიმართებაში. სხვისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ცუდად მთავრდება. და ახლა მოქალაქეობის წამრთმევი მოქალაქეობაწართმეულისგან ითხოვს გარანტიებს.
– იმასაც ამბობენ, რომ ივანიშვილი “ევროპულ საქართველოსთანაც” აწარმოებს მოლაპარაკებებს.
– ბევრ რამეს ამბობენ. ამბობენ, რომ ხელისუფლების გადაბარება მიდის და “ოცნება” დავით ბაქრაძეს დაუჭერს მხარს. დღეისთვის “ევროპული საქართველო” არის ოპოზიციაში და ამის გამო მათ კრიტიკას მოვერიდები. პირობა მაქვს დადებული, რომ სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში, ოპოზიციას არ გავაკრიტიკებ.
“ევროპულ საქართველოზე” მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათ არ უნდა ექციათ ზურგი ნაციონალური მოძრაობისთვის. ეს პარტია გამარჯვებული რომ ყოფილიყო, კიდევ გავუგებდი მათ, მაგრამ როცა გუნდს მარცხის შემდეგ მიატოვებ, ამას გამართლება არ აქვს.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა

loading…

პოპულარული

გორში საჭმლის მოუმზადებლობის გამო 52 წლის მამაკაცმა მეუღლე ხის ჯოხით სცემა
"შალალო“ ალაპარაკდა...გისოსებს მიღმა შეიძლება ვიხილოთ ოპოზიციის წევრები" - ადვოკატი ხმაურიან დაჭერებს აანონსებს
"მამაჩემს უთქვამს ჩემზე, ეგ თავის შვილებს ნახულობს კვირაში ერთხელ და სხვისას რავა მეიტაცებდაო..." - ვისში აერია პოლიციას ნიკა ქავთარაძე
„ყარს დანიის სამეფო“ და ყანდიაშვილ-ფოფხაძის პოლიტიკური გვამების სუნი ასდის“, - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი