“ხელისუფლების გეგმებზე ფსიქიატრებს ჰკითხეთ” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი

„ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგით მიმდინარე იწილო – ბიწოლო“-ასეთი შთაბეჭდილება რჩება ექსპერტ გია ხუხაშვილს  პროკურატურის ბრალდებაზე ოპოზიციის მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან დაკავშირებით.  ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ამ საქმეს „მტვერი დაედება“

„სახელმწიფო გადატრიალების მუხლით არსებული ხელისუფლების პირობებში ორი საქმეა  აღძრული  და ორივეს ძალიან სქელი მტვერი ადევს. რა  საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ ახლაც იგივე არ მოხდება.  აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დამაჯერებლობას მოკლებულია და ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგით მიმდინარე იწილო-ბიწოლო. 

ხელისუფლებას გაუჭირდა,  ცდილობს  კონტრშეტევა განახორციელოს და შექმნას აპოკალიპტური სურათი. მე მომხრე ვარ, თუ ვინმემ რამე დააშავა ყველა დაისაჯოს, მაგრამ ეს არის სამართლებრივი პროცესი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კი ვინ იღებს?„- განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით,  არ სჯერა ხელისუფლების დამხობის გეგმის არსებობის და  მას სისულელეს უწოდებს. 

„სისულელეა. ძალიან  ტრაგიკომიკურია, რომ ეს ადამიანები  შევარდნილიყვნენ პარლამენტის ცარიელ შენობაში და  რაიმე სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ჰქონოდათ. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნის ტერმინოლოგიით ვლაპარაკობთ, როდესაც ფოსტა და ტელეგრაფის აღება სახელმწიფო გადატრიალებას უდრიდა. რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ. ქვეყნები იმართება ინტერნეტით და ცარიელ შენობაში შევარდნა სახელმწიფო გადატრიალებას უდრის?“- აღნიშნა ხუხაშვილმა. 

კითხვაზე,  არსებულ ვითარებაში როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების შემდგომი ნაბიჯი, ხუხაშვილი პასუხობს.

„ამაზე ფიქრი მეზარება. იმდენი სიგიჟე  ჩაიდინეს მე ფსიქიატრი კი არ ვარ. ხელისუფლების გეგმებზე ფსიქიატრს კითხეთ, ავლიპ ზურაბიშვილი აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მისი შვილია.“-განუცხადა ექსპერტმა „პრაიმტაიმსს“

დღეს პროკურატურაში განაცხადეს, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება
primetime.ge

დაწერე კომენტარი